fbpx

ჰიბრიდული ომის გაგრძელება – სააკაშვილმა მარგველაშვილს კონკრეტული დავალებები მისცა

იბრიდული ომის გაგრძელება – სააკაშვილმა მარგველაშვილს კონკრეტული დავალებები მისცა.

„ნაციონალური მოძრაობა“, ანუ ომის პარტია საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს აწარმოებს“ – უკრაინაში რუსეთის შეჭრის და ომის დაწყების დღიდან, საქართველოს ხელისუფლებისა თუ მმართველი პარტიის წარმომადგენლებისგან საზოგადოებამ არაერთხელ მოისმინა ამ ტიპის განცხადებები.

ბუნებრივია, ამგვარ შეფასებებს გარკვეული ლოგიკური საფუძველიც ჰქონდა – სასტიკ ომში ჩართული მეგობარი ქვეყნის, უკრაინის ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენელთა მოულოდნელი განცხადებები საქართველოს ხელისუფლების მიმართ მაშინ, როდესაც ცნობილია, რომ უკრაინის მხარდასაჭერად საქართველო აქტიურად მოქმედებდა საერთაშორისო პლატფორმებზე, მათ შორის: ევროსაბჭოში, გაერო-ში, ეუთო-ში თუ ჰააგის სასამართლოში.

შესაბამისად, მმართველ გუნდში ამგვარ განცხადებებს უკრაინის ხელისუფლებაში სხვადასხვა თანამდებობაზე მყოფ, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს მიაწერენ და ღიად აცხადებენ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, „ომის პარტია“ საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს აწარმოებს, რომლის ფარგლებშიც დაუფარავად ავრცელებენ დეზინფორმაციასა და ფეიკ ნიუსებს.

„ქართული ოცნება“ ამ ჰიბრიდული ომის ნაწილად მოიაზრებს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოსა და უკრაინის ვიცეპრემიერის ბოლოდროინდელ სკანდალურ განცხადებებსაც, რამაც საზოგადოების დიდი ნაწილის აღშფოთება გამოიწვია. გავრცელებული მოსაზრების თანახმად, აღნიშნული განცხადებების კვალი უკრაინის უსაფრთხოების სისტემაში ბოლოხანს დანიშნულ გია ლორთქიფანიძესთან მიდის (შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეს, გია ლორთქიფანიძეს 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული).

ამჯერად, “კვირასთვის” ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, რომ „ჰიბრიდულ ომში“ „ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის აქტიურად ჩართვას გეგმავს.

კერძოდ, როგორც წყარო გვატყობინებს, მიხეილ სააკაშვილის დავალებით, იგეგმება გიორგი მარგველაშვილის გაგზავნა ქალაქ კიევში. უფრო ზუსტად, ამ დღეებში გიორგი მარგველაშვილი გაემგზავრება მიუნხენში, საიდანაც, პოლონეთის გავლით, კიევში გადავა.

წყაროს ცნობით, ამ ყველაფრის ფინანსურ ორგანიზებას უზრუნველყოფს კობა ნაყოფია, რომელიც, მიხეილ სააკაშვილის დავალებით, გიორგი მარგველაშვილს შეახვედრებს უკრაინის ხელისუფლების სხვადასხვა თანამდებობის პირებს. მარგველაშვილის მიზანი საქართველოს ომში ჩათრევის მორიგი მცდელობაა!

ბუნებრივია, უცნობია, რა განცხადებებს გააკეთებს ყოფილი პრეზიდენტი, თუკი ასეთი შეხვედრები მართლაც შედგება, თუმცა, სავარაუდოა, რომ საქართველოს ხელისუფლებას ამ ყველაფერზე მკაცრი რეაქცია ექნება, რადგან, როგორც მმართველ გუნდში არაერთხელ განაცხადეს, მოვა დრო, როდესაც საკადრისი პასუხი გაეცემა ყველას, ვინც ომში საქართველოს  ჩათრევას ცდილობს და საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართულ ჰიბრიდულ ომში აქტიურადაა ჩართული.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია