fbpx

უხვი ნალექის გამო თიანეთის მუნიციპალიტეტში მდინარეები ადიდდა

უხვი ნალექის გამო, თიანეთის მუნიციპალიტეტში შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად, შესაბამისი სამუშაოები მიმდინარეობს, პარალელურად სტიქიის ზონაში დილიდან იმყოფება თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი ლევან წიკლაური შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად.

ვითარების ადგილზე გასაცნობად თიანეთის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე, პირველ მოადგილე გიორგი ჩიფჩიურთან ერთად.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმედღიანი გადაუღებელი წვიმების შედეგად, დაბა სიონის, დაბა თიანეთის, ღულელების, ნაქალაქრის, სიმონიანთხევის, ზარიძეების, არტნის, ახალსოფლისა და ჟებოტის ადმინისტრაციულ ერთეულებში დაიტბორა და მნიშვნელოვნად დაზიანდა შიდა საუბნო გზები, ხიდ-ბოგირები, დაიტბორა საკარმიდამო ნაკვეთები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, დაზიანდა ელექტრო გადამცემი ხაზები, ხოლო სოფლებს – ბოჭორმას, ბეწენწურებსა და დულუზაურებს შეუწყდა ელექტრო ენერგიის მიწოდება. ამ დროისთვის ელექტრო ენერგია აღდგენილია სოფელ დულუზაურებში.

თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის ლევან წიკლაურის განცხადებით, ყველგან, სადაც ამის საჭიროება იქნება, შესაბამისი სამუშაოები ინტენსიურად გაგრძელდება, რათა უამინდობის გამო შექმნილი პრობლემები ოპერატიულად აღმოიფხვრას.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება