„ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა ნიკა გვარამიას მიერ ნინო წილოსანის მიმართ მუქარის შემცველ განცხადებაზე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ მსგავსი ტონი ნაციონალური მოძრაობისა და მისი ფილიალებისათვისაა დამახასიათებელი. როგორც მაჭარაშვილი აცხადებს, პირველად არაა, როცა რადიკალები საზოგადოების წარმომადგენლებს დაჭერითა და ანგარიშსწორებით ემუქრებიან. ასეთი ფორმა კი, როგორც ის აცხადებს, სრულებითაც არაა ცივილიზებული ურთიერთობებისთვის დამახასიათებელი. „მუქარა, ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები ამ ადამიანების საქმიანობის სტილია და ეს მათ, სხვათა შორის, არც დაუმალავთ. ამიტომაც არის კითხვის ნიშნები საზოგადოების იმ ნაწილში, რომელიც ჯერ კიდევ ფიქრობს, რომ გვარამიას, სააკაშვილს, ბარამიძეს და ასეთ ადამიანებს და მათ პარტიებს როგორ შეიძლება მხარდაჭერა გამოუცხადო. ისინი გაცხადებულად, წინასწარ ემუქრებიან საზოგადოებას და აანონსებენ, რომ ვიღაცას დაიჭერენ, ჩამოახრჩობენ, დახვრეტენ. ჩვენ კარგად გვახსოვს, რომ ძალადობრივ აქციებზე და არამარტო აქციებზე, გვარამია პირდაპირ ემუქრებოდა ხალხს დაჭერით. მუქარა მათი სტილია. ესაა პროევროპული პარტია? თურმე პროევრიოპული ყოფილა პარტია, რომლის ლიდერები ერთმანეთს აგინებენ, ჭამენ და ემუქრებიან საზოგადოებას მაშინაც კი, როცა არანაირი უფლება არ აქვთ,“- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.