fbpx

ქუთაისში პოლიციელებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-მუხლით დაიწყო, რაც პოლიციის თანამშრომლის მიმართ წინააღმდეგობას და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლას გულისხმობს.

ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

შსს ასევე ავრცელებს ფოტო და ვიდეო მასალას, სადაც პოლიციელების მიმართ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტია ასახული.

უწყების ცნობით, მიმდინარეობს ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებები ინციდენტში მონაწილე, ძარცვისათვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ი.ჯ-ს ადგილსამყოფელის დადგენის და დაკავების მიზნით.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლები, საგანგებო რეჟიმის აღსრულების მიზნით, კომენდანტის საათის დროს შემოვლას ახორციელებდნენ, რა დროსაც მათ ნიკეას ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსთან შენიშნეს მოქალაქე, რომელიც არღვევდა კომენდანტის საათს.

პოლიციის თანამშრომლებმა მოქალაქეს სიტყვიერი გაფრთხილება მისცეს და წესრიგის დაცვისკენ მოუწოდეს.

ი.ჯ.-მ არ გაითვალისწინა პოლიციის მითითება და სამართალდამცველებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ინციდენტში ჩაერთნენ ი.ჯ.-ს მეზობლები, რომლებმაც პოლიციელებს არ მისცეს საშუალება, დაეკავებინათ სამართალდამრღვევი, სამართალდამცველებს მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს პოლიციის თანამშრომლებმა“, – აცხადებენ შსს-ში.

გაუზიარე!

Shares