fbpx

რა სარგებელს მოგვიტანს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მონიჭება?

,,ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნისთვის ხელმისაწვდომი ხდება გაწევრიანების წინა დახმარების ინსტრუმენტით (IPA – Instrument for Pre-Accession Assistance) გათვალისწინებული დახმარება, რომელიც ხელს უწყობს პოლიტიკური, ინსტიტუციური, ადმინისტრაციული, სოციალური და ეკონომიკური რეფორმების განხორციელებას ევროკავშირის ღირებულებების, პოლიტიკის და პრაქტიკის შესაბამისად და მოიცავს ფინანსურ და ტექნიკურ დახმარებას. IPA-ის ბიუჯეტი 2021-2027 წლებისათვის 14.2 მილიარდ ევროს შეადგენს და ნაწილდება ალბანეთს, ბოსნიასა და ჰერცოგოვინას, კოსოვოს, მონტენეგროს, ჩრდილოეთ მაკედონიას, სერბეთსა და თურქეთს შორის. კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ საქართველოსთვისაც იქნება შესაძლებელი ამ დახმარების მიღება“, – აღნიშნავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში დიანა ხომერიკი ,,იქსნიუსთან,, საუბრისას.

რა სარგებელს მოგვიტანს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მონიჭება, გარდა მნიშვნელოვანი პოლიტიკური სარგებელისა, დიანა ხომერიკი განმარტავს: ,,აღსანიშნავია, რომ კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანას, ზოგადად, აქვს შესაძლებლობა, მიიღოს გაზრდილი დახმარება ევროკავშირისგან და ამ ქვეყანას აქვს იმის შესაძლებლობა, რომ მეტად ჩაერთოს მხარდაჭერის პროგრამებსა და პროექტებში. ეს დახმარება ერთგვარ ტრანსფორმაციას ახდენს საზოგადოების და ქვეყნის შიგნით არსებული სისტემის, იმისთვის, რომ ქვეყანა მაქსიმალურად იყოს მომზადებული ევროკავშირის წევრობისთვის. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ის, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგაც აქტიურად გაგრძელდება საქართველოს მხარდაჭერა ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის ფარგლებში, რომელიც უშუალოდ გულისხმობს ხელშესახებ შედეგებს მოქალაქეებისთვის. ეს პროგრამა ორიენტირებულია მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერაზე, ასევე, დაკავშირებადობის გაუმჯობესებაზე, შენობების ენერგოეფექტურობის გაზრდაზე. შესაბამისად, ეს ისეთი პროგრამებია, რომლებიც ქვეყანაში არა მხოლოდ რეფორმების განხორციელებას გულისხმობს, არამედ მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებაზეც აისახება. ზოგადად, ევროკავშირის პროექტები მოიცავს მრავალ მიმართულებას, მათ შორის, ადამიანური რესურსის განვითარებას, თუნდაც, განათლების მიმართულებით გაცვლით პროგრამებში სტუდენტების მონაწილეობას; ასევე, კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული რეფორმების განხორციელებას, რაც გულისხმობს მწვანე ეკონომიკას, ენერგოეფექტურ შენობებს, უფრო მწვანე ტრანსპორტს, შესაბამისად, სუფთა და ჯანსაღ ჰაერს. ეს ყოველივე მოქალაქეების კეთილდღეობის გაუმჯოსებაზეა ორიენტირებული. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ თანდათან მეტი ქართული პროდუქტი მოხვდება ევროპულ ბაზარზე, რაც ნიშნავს, რომ 500 მილიონიან ბაზარზე იქნება შესაძლებელი ქართული პროდუქტის გავრცელება და გაყიდვა. კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდგომი რეფორმები კიდევ უფრო გააძლიერებს დემოკრატიას ქვეყანაში და, შესაბამისად, მოქალაქეების ხმაც მეტად გათვალისწინებული იქნება“, – ამბობს დიანა ხომერიკი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება