გურამ მაჭარაშვილი: ევრობიუროკრატიამ რომ ვერ შეძლო ურთიერთობების დალაგება შეერთებულ შტატებთან, არ ნიშნავს იმას, რომ ყველა ის ქვეყანა, რომელსაც სურდა ან სურს ევროკავშირში გაერთიანება, უნდა დაუპირისპირდეს შეერთებულ შტატებს და მის პრეზიდენტს

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი მედიასთან საუბრისას გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, კანდიდატმა ქვეყნებმა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის დონალდ ტრამპის მოძრაობა MAGA-სთან კავშირები უნდა გაწყვიტონ.

დეპუტატის თქმით, ევრობიუროკრატები ევროკავშირში გაწევრიანების მსურველ ქვეყნებს ეუბნებიან, რომ გადაწყვეტილებებს იმის შესახებ, თუ როგორ განვითარდეს ამა თუ იმ ქვეყნის ეკონომიკა, დაივიწყონ თუ არა ტრადიციები, როგორი იქნება ცხოვრების წესი და ა.შ. თავად ევრობიუროკრატები მიიღებენ.

„რეალურად [ევრობიუროკრატები] გვეუბნებიან, რომ, თუ ევროკავშირში შევალთ, არ გვექნება სუვერენული უფლებები. გადაწყვეტილებებს იმის შესახებ, თუ როგორ განვითარდეს თქვენი ეკონომიკა, დაივიწყოთ ტრადიციები თუ არა, როგორი იქნება თქვენი ცხოვრების წესი და ა.შ., ჩვენ მივიღებთო.

ახლა იმასაც კი გვეუბნებიან, რომ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს – შეერთებულ შტატებს და მისი პრეზიდენტის მიერ დაფუძნებულ მოძრაობას დავუპირისპირდეთ. ის, რომ ევრობიუროკრატიამ ვერ შეძლო ურთიერთობების დალაგება შეერთებულ შტატებთან და კონფლიქტშია, არ ნიშნავს იმას, რომ ყველა ის ქვეყანა, რომელსაც სურდა ან ჯერჯერობით კიდევ სურს ევროკავშირში გაერთიანება, უნდა დაუპირისპირდეს შეერთებულ შტატებს და მის პრეზიდენტს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება