fbpx

„ბრიტანეთსა და ლიეტუვაში პროდუქტის განთავსების დარღვევები მინიმუმამდეა შემცირებული“ – Ofcom-ისა და TRCL-ის წარმომადგენლები

კომუნიკაციების კომისიის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე „სარეკლამო ბაზრის გამოწვევები – Product Placement”, გაიმართა პანელური დისკუსია, სადაც ბრიტანეთის კომუნიკაციების კომისიის (Ofcom) მაუწყებლობისა და ონლაინ ჯგუფის ხელმძღვანელმა, სიუზან ვრაითმა და ლიეტუვის რადიოსა და ტელევიზიის კომისიის (TRCL) სამართლებრივი სამსახურის უფროსმა, ვადიმ გასპერსკმა მიიღეს მონაწილეობა. დისკუსიის ფარგლებში, მონაწილეებმა პროდუქტის განთავსების კუთხით თავიანთი ქვეყნის მდგომარეობა შეაფასეს და განაცხადეს, რომ მარეგულირებლების მკაცრი მიდგომების გამო, მათ ქვეყნებში პროდუქტის განთავსების წესების დარღვევა მინიმუმამდეა დაყვანილი. მათივე განცხადებით, მაუწყებლები ვალდებულები არიან იზრუნონ არა დამკვეთის, არამედ მაყურებლის ინტერესებზე.

სიუზან ვრაითის განცხადებით, უკანასკნელი წლების განმავლობაში, დიდ ბრიტანეთში პროდუქტის განთავსების თვალსაზრისით სულ უფრო ნაკლები დარღვევის შემთხვევაა, ვინაიდან მარეგულირებლის მიდგომები პროდუქტის განთავსებასთან მიმართებით მკაცრია.  შესაბამისად, სატელევიზიო ინდუსტრია მაუწყებლობის სტანდარტებს აქტიურად იცავს და შედეგად, მინიმუმამდეა დაყვანილი დარღვევების რაოდენობაც. „ნორმალურია, როდესაც დამკვეთი ცდილობს აუდიტორიის ყურადღების მიქცევას, მაგრამ აუცილებელია მაუწყებელმა უზრუნველყოს ის, რომ მაყურებლისთვის ნათელი იყოს თუ რას უყურებს და რის მიყიდვას ცდილობენ მისთვის.“ – განაცხადა მან.

დისკუსიის ფარგლებში, ვადიმ გასპერსკმა ყურადღება გაამახვილა ლიეტუვის გამოცდილებაზე და აღნიშნა, რომ პროდუქტის განთავსების კუთხით, დარღვევები დღეს-დღეისობით აქაც მინიმუმამდეა დაყვანილი. „ჩვენი კანონმდებლობა ადგენს, რომ სატელევიზიო პროგრამაში დაუშვებელია საქონლის თუ მომსახურების შესყიდვაზე პირდაპირი მოწოდება. პროდუქტის განთავსებამ არ უნდა მოახდინოს გავლენა პროგრამაზე, დაუშვებელია მოწოდებები შეძენისკენ, ასევე შეუსაბამოდ დიდი უპირატესობის მინიჭება პროდუქტისთვის და აუცილებელია, აუდიტორია ინფორმირებული იყოს იმის შესახებ, რომ სარეკლამო კომუნიკაციას უყურებს.“ – განაცხადა მან.

საუბრისას, ვადიმ გასპერსკმა გაიხსენა ისიც, რომ 2019-2021 წლებში მარეგულირებელმა პროდუქტის განთავსების დარღვევებზე გახშირებული საჩივრები მიიღო, ხოლო აქედან ერთ-ერთი შემთხვევა სამედიცინო პროდუქციას ეხებოდა. მისივე განმარტებით, პროგრამის ფარგლებში წამყვანმა განაცხადა, რომ მისმა მეუღლემ მოიხმარა აღნიშნული პროდუქცია და ამასთან, პროდუქტი ნაჩვენები იყო ახლო კადრით, რის საფუძველზეც მარეგულირებელმა დაადგინა დარღვევა და მაუწყებელს სანქცია დააკისრა. „მეტად ეფექტური შედეგების მისაღებად, ჩვენ მოვიწვიეთ პროდიუსერები და ავუხსენით თუ როგორ გაეკეთებინათ პროდუქტის განთავსება წესების დაცვით, რათა თავიდან აგვეცილებინა დარღვევები. ამასთან, გამოვეცით გაიდლაინები და რეკომენდაციები, რომ მაუწყებლებისთვის ჩვენი მიდგომა ყოფილიყო ნათელი. ამ ეტაპზე შემიძლია თავისუფლად განვაცხადო, რომ პროდუქტის განთავსების დარღვევები აღარ წარმოადგენს მნიშვნელოვან გამოწვევას ჩვენთვის, ვინაიდან მსგავსი შემთხვევები მინიმუმამდეა დაყვანილი.“ – აღნიშნა ვადიმ გასპერსკმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება