ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ალექსანდრე ზაბახიძე კერძო სკოლა „დავითიანის“ დირექტორს, მარინა გორშკოვასა და მოსწავლეთა მშობლებს შეხვდა. შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობით სარგებლობისა და საიჯარო ურთიერთობის გაგრძელების საკითხი განიხილეს. მშობლებს განემარტათ არსებული სამართლებრივი მდგომარეობა და მუნიციპალური ქონების განკარგვის კანონით განსაზღვრული წესები.
სკოლასთან გაფორმებულ ექვსწლიან ხელშეკრულებას ვადა 2024 წლის მარტში ამოეწურა. 2026 წელს ჩატარებული ახალი შეფასებით, შენობის წლიური საბაზრო საიჯარო ღირებულება 20 600 ლარით განისაზღვრა. 2022 წლის შეფასებით კი აღნიშნული თანხა 16 253,20 ლარს შეადგენდა, თუმცა მუნიციპალიტეტს სკოლის ინტერესების გათვალისწინებით ქირა არ გაუზრდია და სკოლა წლიურად 1 800 ლარს იხდიდა.
მერიის განმარტებით, საიჯარო საფასურის ზრდა ეფუძნება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონსა და საქართველოს მთავრობის N 669 დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, რის შესახებაც სკოლის ადმინისტრაცია 2022 წლიდან იყო ინფორმირებული.
მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით, სკოლას დამატებით მიეცა გონივრული ვადა პრობლემის გადაჭრის ალტერნატიული გზების მოსაძიებლად. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია მზად არის, კანონით დადგენილი წესით გააგრძელოს სკოლასთან თანამშრომლობა.
შეხვედრას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ვალენტინა ნავერიანი, ადგილობრივი თვითმმართველობისა და სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.