fbpx

ბიოფიზიკოსი მაიკლ ლევიტი – კორონავირუსის პანდემია მალე დასრულდება!

2013 წლის ნობელის პრემიის მფლობელი ქიმიის დარგში, სტენფორდის უნივერსიტეტის ბიოფიზიკოსი მაიკლ ლევიტი აცხადებს, რომ კორონავირუსის პანდემია მალე დასრულდება. მეცნიერის თქმით, ეს განსაკუთრებით იმ ქვეყნებს შეეხება, რომლებშიც სოციალური დისტანცირებისკენ მიმართული ღონისძიებები ტარდება.

ლევიტმა იმ 78 ქვეყნის მონაცემები გააანალიზა, სადაც ყოველდღიურად კორონავირუსით 50-ზე მეტი ადამიანი ინფიცირდება და მათ დიდ ნაწილში დადებითი ტენდენცია გამოავლინა. აღმოჩნდა, რომ დაავადებულთა საერთო რიცხვის ზრდის მიუხედავად, ახალი შემთხვევების რაოდენობა ყოველ მომდევნო დღეს წინაზე ნაკლებია.

“ახლა მთავარი პანიკის კონტროლია. ყველაფერი კარგად იქნება”, – განაცხადა მეცნიერმა.

ნობელის პრემიის ლაურეატი, ბიოფიზიკოსი მაიკლ ლევიტი. ფოტო: Steve Fisch
ნობელის პრემიის ლაურეატი, ბიოფიზიკოსი მაიკლ ლევიტი. ფოტო: Steve Fisch

ლევიტი მედიას ზედმეტ პანიკასა და დაავადებულთა საერთო რაოდენობის ზრდაზე ფოკუსირებაში ადანაშაულებს. მისი თქმით, წინა წლის სექტემბრიდან დღემდე გრიპის ვირუსით 36 მილიონი ამერიკელი დაავადდა, გარდაცვლილთა რიცხვმა კი 22 ათასი შეადგინა, თუმცა, ეს შემთხვევები, როგორც წესი, ჟურნალისტების ყურადღების მიღმა რჩებოდა.

მიმდინარე წლის თებერვალში გამოცემისთვის China Daily News მიცემულ ინტერვიუში ლევიტმა განაცხადა, რომ COVID-19-ის გავრცელებამ ჩინეთში პიკს მიაღწია და ერთი კვირაში გარდაცვლილთა რაოდენობის კლება დაიწყებოდა. ნობელის პრემიის ლაურეატმა ასევე იწინასწარმეტყველა, რომ იქ ინფიცირებულთა რიცხვი 80 ათას, მსხვერპლი კი 3250 ადამიანს შეადგენდა. მისი პროგნოზი გამართლდა. 16 მარტისთვის ჩინეთში კორონავირუსით დაავადების 80298, ხოლო გარდაცვალების 3245 შემთხვევა იყო რეგისტრირებული. მოცემული დროისთვის კი დაავადებულთა რიცხვი ყოველდღიურად 50-ზე ნაკლები პაციენტით იზრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში ვირუსის გავრცელების შეჩერება მოხერხდა.

► მეცნიერებმა დაადგინეს, რამდენ ხანს ძლებს კორონავირუსი სხვადასხვა ზედაპირზე

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, COVID-19 ჩინეთის ქალაქ უხანში 2019 წლის 8 დეკემბერს გავრცელდა. თუმცა, არაოფიციალური ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ხუბეის პროვინციაში ჯერ კიდევ 17 ნოემბერს აღინიშნა. დაავადების ადრეული სიმპტომები სიცხე, ხველება და გართულებული სუნთქვაა. საინკუბაციო პერიოდი 2-დან 14 დღემდეა, მაგრამ დაფიქსირებულია 27-დღიანი ვადაც, რაც ვირუსთან ბრძოლას კიდევ უფრო ართულებს.

ჩინეთში 80 ათასზე მეტი ადამიანის ინფიცირების შემდეგ, ახალი შემთხვევების მკვეთრი კლება აღინიშნება. ანალოგიური ვითარებაა სამხრეთ კორეაშიც, სადაც ექიმებმა მოსახლეობის მასობრივი ტესტირების საშუალებით კორონავირუსის გავრცელების შეჩერება შეძლეს. მოცემული დროისთვის პანდემიის მთავარი კერა იტალიაშია, სადაც უკვე ორჯერ მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე ჩინეთში, დაავადებულთა რაოდენობა კი ამ ქვეყნის მაჩვენებლებს გაუთანაბრდა. ინფიცირებულთა რიცხვი დიდია ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში, ესპანეთში, გერმანიაში, ირანსა და საფრანგეთში.წყარო https://popx.ge/

გაუზიარე!

Shares