fbpx

მეგის ქარდავას წარმატებულ შესახლებას ვუსურვებ სისტემაში, რომელსაც ვერ იცნობს-თეა წულუკიანი

მადლობას ვუხდი უკრაინელ სამართალდამცველებს, ასევე უკრაინის მთავრობას, ძალზე ხანგრძლივი სამართლებრივი პროცესის წარმატებით დასრულებისთვის, – ასე გამოეხმაურა საქართველოს ვიცე-პრემიერი თეა წულუკიანი მეგის ქარდავას უკრაინიდან საქართველოში ექსტრადიციას.

„მადლობას ვუხდი უკრაინელ სამართალდამცველებს, ასევე, უკრაინის მთავრობას, ძალზე ხანგრძლივი სამართლებრივი პროცესის წარმატებით დასრულებისთვის! საერთაშორისო თანამშრომლობას დანაშაულთან ბრძოლის საქმეში ალტერნატივა არ აქვს! ცნობილ სუბიექტს კი წარმატებულ შესახლებას ვუსურვებ სისტემაში, რომელსაც ვერ იცნობს. ქართული ციხე დღეს ადამიანის უფლებების დაცვის შესანიშნავი მაგალითია!“, – წერს თეა წულუკიანი.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას უკრაინიდან ექსტრადიცია განხორციელდა. მეგის ქარდავა კიევიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ცოტა ხნის წინ ჩამოიყვანეს. მეგის ქარდავას სამართალდამცველებმა აეროპორტში ბრალის დადგენილება გააცნეს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს.

მეგის ქარდავა საქართველოდან 2012 წელს, ხელისუფლების ცვლილებისთანავე წავიდა. ამის შემდეგ, მას მძიმე ბრალდებები სისხლის სამართლის 11 საქმეზე წარედგინა, მათ შორის 5 საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი დაუსწრებლად დადგა.

ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე, პატიმრების წამების ეპიზოდზე, მეგის ქარდავას 7 წლით და 6 თვით პატიმრობა შეეფარდა. გამამტყუნებელი განაჩენი დადგა 2006 წლის ციხის ბუნტის საქმეზეც – მეგის ქარდავა ისევ პატიმრების მიმართ, არაადამიანურ მოპყრობაში დამნაშავედ სცნეს და 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

იგივე სასჯელი მიესაჯა ქარდავას ზუგდიდის პოლიციაში ბელა როგავას დამამცირებელი მოპყრობის საქმეზე.

ე.წ. კასრების საქმეში წამებასა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე მეგის ქარდავას სასჯელი 9 წლით განესაზღვრა. 9 წელი მიესაჯა პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამებით გარდაცვალების საქმეზეც

თბილისის საქალაქო სასამართლო მეგის ქარდავას წინააღმდეგ, 6 საქმეს ჯერ კიდევ განიხილავს.

სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში, მეგის ქარდავა პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ ორჯერ დაჯილდოვდა, კონსტიტუციური წყობილების დაცვისთვის და სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისთვის.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება