fbpx

აქციაზე ე.წ. ფრანკლინის კლუბის ახალგაზრდები და ზურაბ ჯაფარიძის პარტიის წევრები ყველაზე მეტად იქცეოდნენ პროვოკაციულად-ირაკლი ღარიბაშვილი

ეს ახალგაზრდები, რომლებიც სცენაზე იდგნენ, ყველა დაკავშირებული იყო ნაცმოძრაობასთან, ან მათ სატელიტურ ორგანიზაციებთან. გამოიკვეთა ასევე [აქციაში] მონაწილეობა ე.წ. ფრანკლინის კლუბის ახალგაზრდების, რომლებსაც წამლავენ, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „იმედის კვირის“ ეთერში 8-9 მარტს განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას.

მისი თქმით, აქციაზე ე.წ. ფრანკლინის კლუბის ახალგაზრდები და ზურაბ ჯაფარიძის პარტიის წევრები განსაკუთრებულად პროვოკაციულად იქცეოდნენ.

„ეს არის პირდაპირი ანტისახელმწიფოებრივი ძირგამომთხრელი საქმიანობა. ძალიან ბევრ ახალგაზრდას, მათ შორის მოსწავლეებს ურეცხავენ ტვინს. ეს კლუბი არის შექმნილი სააკაშვილის დედის უნივერსიტეტში (ახალგაზრდებს მინდა შევახსენო აქვე, რომ ეს უნივერსიტეტი სააკაშვილმა პრეზიდენტობის დროს 1 ლარად გადასცა თავის დედას). ამ უნივერსიტეტში არის შექმნილი ერთგვარი ანკლავი, ბევრი უცხოელი ფიქსირდება ამ დაჯგუფების გარშემო და მიდის ახალგაზრდების მოწამვლა და მათი ტვინის გამორეცხვა. დადასტურებული ინფორმაცია უნდა გავუზიარო ჩვენს საზოგადოებას – განსაკუთრებით ეს ფრანკლინის კლუბის ახალგაზრდები და ზურაბ ჯაფარიძის „გირჩის“ მოძრაობის წევრები იქცეოდნენ ყველაზე მეტად პროვოკაციულად და გამომწვევად/ მათ ჰქონდათ მიცემული დავალება, რომ შესულიყვნენ პირდაპირ დაპირისპირებაში სპეცდანიშნულების რაზმებთან, პოლიციასთან, მოეხდინათ მათი პროვოცირება.

საიდან გაჩნდა მოლოტოვის კოქტეილები „მშვიდობიან აქციაზე“? მინდა მივმართო ჩვენს საზოგადოებას, – როგორი საზოგადოების, როგორი ქვეყნის მშენებლობა გვინდა? ვამბობთ, რომ გვინდა ნამდვილად ევროპული საზოგადოება ავაშენოთ, გვინდა იყოს მშვიდობა, სტაბილურობა, გვინდა ჩვენი ქვეყანა გავაძლიეროთ, გავაერთიანოთ, ეკონომიკა ფეხზე დავაყენოთ. ვინ ბედავს, როგორ ბედავენ, რომ ამ ახალგაზრდებს იყენებენ ფარად, წინა ხაზზე უშვებენ, ისვრიან „მოლოტოვის კოქტეილებს“. 60-მდე პოლიციელი არის დაშავებული, ლამის ცოცხლად დაიწვა რამდენიმე პოლიციელი, ჩვენ ამას ვის ვაპატიებთ?! ყველა ეს ადამიანი იქნება უმკაცრესად დასჯილი!“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება