დავით ქართველიშვილი: თბილისში აშშ-ის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის ცვლილება არა „წარუმატებელი დროებითი რწმუნებულის ჩანაცვლება“, არამედ დიპლომატიური გუნდის გაძლიერებაა

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი თბილისში ამერიკული დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის პოსტზე განხორციელებულ ცვლილებას ეხმიანება. მისი თქმით, ემი დიასის დროებით რწმუნებულად დანიშვნიდან დაახლოებით 40 დღის შემდეგ კორტნი ოსტრიანის ამავე პოზიციაზე წარდგენა ყურადღებას იქცევს, განსაკუთრებით კი, ოსტრიანის პროფესიული გამოცდილების გათვალისწინებით.

ქართველიშვილის შეფასებით, აღნიშნული ცვლილება მხოლოდ ტექნიკურ როტაციად არ უნდა განიხილებოდეს და მას, შესაძლოა, ვაშინგტონის გარკვეული პოლიტიკური სიგნალიც ახლდეს. მისივე თქმით, ოსტრიანი კარიერული დიპლომატია, რომელსაც დიდ ბრიტანეთში, საქართველოში, უკრაინასა და რუსეთში მუშაობის გამოცდილება აქვს. ის ასევე ხელმძღვანელობდა აშშ-ის მისიას ეუთო-ში და მუშაობდა სახელმწიფო დეპარტამენტში. ქართველიშვილი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ ოსტრიანი თბილისში უკვე მუშაობდა და საქართველოში ადგილობრივი პოლიტიკური და დიპლომატიური გარემოს შესახებ გამოცდილებით ბრუნდება.

„არ ვიცი, რა ხდება – მაგრამ, ალბათ, რაღაც მნიშვნელოვანი. თბილისში ამერიკული დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის პოსტზე ცვლილებაა, რაც ემი დიასის დროებით რწმუნებულად დანიშვნიდან სულ რაღაც 40 დღის შემდეგ მოხდა. ოფიციალური ინფორმაციით, საუბარი დიასის გაწვევას ან თანამდებობიდან გადაყენებას არ ეხება: ის უბრუნდება მის ძირითად პოზიციას – მისიის ხელმძღვანელის მოადგილის (Deputy Chief of Mission) თანამდებობას. ახალი დროებითი რწმუნებული კი, კარიერული დიპლომატი კორტნი ოსტრიანი გახდა, რომელიც საქართველოში ჩამოსვლამდე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში დასავლეთ ევროპისა და ევროკავშირის მიმართულებით პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის მოვალეობას ასრულებდა. ეს გაცილებით უფრო მაღალი პოზიციაა, ვიდრე დიასის წარსულის პროფესიული გამოცდილება. სწორედ ოსტრიანის პროფესიული „ბექგრაუნდი“ იძლევა საფუძველს, რომ ეს საკადრო ცვლილება მხოლოდ ტექნიკურ როტაციად არ განვიხილოთ და მას ვაშინგტონის გარკვეული პოლიტიკური სიგნალიც დავუკავშიროთ. მის კარიერულ გამოცდილებაში შედის მუშაობა დიდ ბრიტანეთში, საქართველოში, უკრაინასა და რუსეთში, აშშ-ის მისიის ხელმძღვანელობა ეუთო-ში, ასევე მუშაობა უშუალოდ სახელმწიფო დეპარტამენტის აპარატში. მას მიღებული აქვს ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის მაგისტრის ხარისხი National War College-ში. შესაბამისად, საქმე გვაქვს დიპლომატთან, რომლის პროფესიული სპეციალიზაცია საგარეო პოლიტიკის, ევროპული უსაფრთხოებისა და გეოპოლიტიკის გადაკვეთაზე მდებარეობს.

ამასთანავე, ოსტრიანი უკვე მუშაობდა აშშ-ის საელჩოში თბილისში და, შესაბამისად, საქართველოში პირველად არ ჩამოდის – ის ქვეყანაში ბრუნდება ქართული პოლიტიკისა და ადგილობრივი გარემოს შესახებ უკვე არსებული გამოცდილებით. განსაკუთრებით საინტერესოა მისი ბოლო საქმიანობა ვაშინგტონში: საქართველოში ჩამოსვლამდე ოსტრიანი აშშ-ის პოლიტიკაზე მუშაობდა დასავლეთ ევროპისა და ევროკავშირის მიმართულებით. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ პერიოდში, როდესაც „საქართველო-აშშ-ის“ ურთიერთობები ფაქტობრივი გაყინვის ეტაპიდან გამოსვლას ცდილობს.

ახალ თანამდებობაზე მუშაობის პირველივე დღეს ოსტრიანი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს შეხვდა და მხარეებმა განაცხადეს, რომ მზად არიან, განავითარონ თანამშრომლობა და გააღრმაონ ორმხრივი ურთიერთობები. ახალი ამერიკელი დიპლომატიური ხელმძღვანელის თბილისში ჩამოსვლისთანავე გამართული ეს შეხვედრა შეიძლება მიუთითებდეს, რომ ვაშინგტონი დიპლომატიური პაუზის პრაქტიკული დიალოგით ჩანაცვლებას საკმაოდ სწრაფად ცდილობს. ამასთან, ნაადრევი იქნებოდა იმის მტკიცება, რომ ვაშინგტონმა უკვე რადიკალურად შეცვალა თავისი პოლიტიკა თბილისის მიმართ. თუმცა, სწორედ ოსტრიანის არჩევანი გამოიყურება საკმაოდ შინაარსობრივად: ეს არის დიპლომატი, რომელსაც ერთდროულად აქვს გამოცდილება საქართველოს, რუსეთის, უკრაინის, ეუთოსა და ევროპული პოლიტიკის მიმართულებებით. მისი ჩამოსვლა თბილისში და, ამავე დროს, ემი დიასის მისიის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობაზე დარჩენა ქმნის საკმაოდ ძლიერ პროფესიულ გუნდს: ერთი დიპლომატი ხდება მისიის ხელმძღვანელი, მეორე კი საელჩოში მეორე უმნიშვნელოვანეს პოზიციაზე აგრძელებს მუშაობას. ამიტომ, დღევანდელი ცვლილება უფრო ლოგიკურია, აღვიქვათ არა როგორც „წარუმატებელი დროებითი რწმუნებულის ჩანაცვლება“, არამედ როგორც ამერიკული დიპლომატიური გუნდის გაძლიერება იმ მომენტში, როდესაც ვაშინგტონი და თბილისი ურთიერთობების ახალი მოდელის ძიებას ფრთხილად იწყებენ. დანარჩენს, როგორც ყოველთვის – დრო გვიჩვენებს. ჩვენ კი ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ“, – წერს დავით ქართველიშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება