fbpx

ჩვენი დროის ორჯონიკიძეებს ვერ მივცემთ ქვეყნის მძიმე წარსულში, ჩაკეტილ წრეზე დაბრუნების შესაძლებლობას-ირაკლი კობახიძე

ორაკლი კობახიძე· დღეს 25 თებერვალია, საბჭოთა ოკუპაციის დღე. დღე, რომელიც ბევრ რამეს შეგვახსენებს და რომელმაც ბევრ რამეზე უნდა დაგვაფიქროს.პირველ რიგში, ეს დღე შეგვახსენებს ქვეყნის თავისუფლებისა და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მნიშვნელობას. ეს დღე შეგვახსენებს, რომ ჩვენი ყოველი რაციონალური ძალისხმევა ამ სიკეთის დაცვისა და შენარჩუნებისკენ უნდა იყოს მიმართული. ამასთან, ძალისხმევა უნდა იყოს რაციონალური, რადგან გასული 30 წლის ისტორიამ გვასწავლა, რომ ჭარბი ემოციები და ირაციონალიზმი სახელმწიფოებრიობისათვის ზუსტად ისეთივე საფრთხეა, როგორც სამშობლოს მტრობა და ღალატი.ეს დღე შეგვახსენებს, რომ ჩვენს ქვეყანას ჰყავდა სასახელო გმირები, რომლებიც მოღვაწეობდნენ, შრომობდნენ, იბრძოდნენ, სიცოცხლეს სწირავდნენ სამშობლოსთვის, სწორედ ასეთმა ადამიანებმა შეგვინარჩუნეს ეროვნული ღირსება, თავისუფლება და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა.ეს დღე ასევე შეგვახსენებს, რომ ჩვენს ქვეყანას ჰყავდა მოღალატეებიც, რომლებიც 1921 წელს შემოუძღვნენ საბჭოთა არმიას საქართველოში. სამწუხაროა, რომ ასეთი მოღალატეები დღესაც მრავლად გვახვევია თავს. ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც 2006 წელს ცხინვალის რეგიონში ჩაატარეს ალტერნატიული არაფორმალური არჩევნები, 2007 წელს აღადგინეს 1990 წელს გაუქმებული სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საზღვრები, კოდორის ხეობას უწოდეს ზემო აფხაზეთი, დააანონსეს ცხინვალის რეგიონში სამხედრო გზით კონსტიტუციური წესრიგის დამყარება, ყველა ამ ნაბიჯით რუსეთს შეუმზადეს ნიადაგი ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის სრული ოკუპაციისთვის, რის შემდეგაც, ევროსაბჭოს რეზოლუციის მხარდაჭერით, საკუთარი ქვეყანა და სამხედრო ძალები ომის დაწყებასა და კასეტური იარაღით დაბომბვაში დაადანაშაულეს. იგივე ადამიანები დღეს ყველაფერს აკეთებენ, რომ საქართველოში 2008 წლის მოვლენები განმეორდეს. სწორედ ამისთვის ითხოვენ ისინი სამხედრო მოქმედებებში საქართველოს ჩართვას. სწორედ ამისთვის ითხოვენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღებას, როცა თავადვე იციან, რომ ამ სანქციების თუნდაც ეკონომიკური შედეგები რუსეთისთვის პრაქტიკულად ნულოვანი იქნება, საქართველოსთვის და ჩვენი მოსახლეობისთვის კი – ძალიან მძიმე. სწორედ ამიტომ გვთავაზობენ ყოველდღიურად ახალ პროვოკაციებს, რომელთა ნამდვილი მიზანი არა ჩვენი ქვეყნის პოზიციების გამაგრება ან უკრაინის დახმარება, არამედ საკუთარი ქვეყნისა და ხალხისთვის ზიანის მოტანაა.მათ უნდა იკმარონ ის ზიანი, რომელიც ქვეყანას მოუტანეს. ჩვენი პასუხისმგებლობაა ვაწარმოოთ რაციონალური პოლიტიკა და მივიღოთ რაციონალური გადაწყვეტილებები ჩვენი ქვეყნისა და ხალხის სასიკეთოდ.ირაციონალიზმმა და ჭარბმა თუ ყალბმა ემოციებმა, რომლითაც დატვირთული იყო ჩვენი ისტორია დამოუკიდებლობის აღდგენიდან პირველი ოცი წლის მანძილზე, საქართველოს მოუტანა ოთხი ომი, რამაც, თავის მხრივ, მემკვიდრეობით დაგვიტოვა ოკუპირებული ტერიტორიები, სუსტი ეკონომიკა, მოსახლეობის გადინება, სიღარიბე და უამრავი სხვა პრობლემა. ჩვენი დროის ორჯონიკიძეებს ვერ მივცემთ ქვეყნის მძიმე წარსულში, ჩაკეტილ წრეზე დაბრუნების შესაძლებლობას.ამ მძიმე წუთებში, კიდევ ერთხელ სოლიდარობას ვუცხადებ ჩვენს მეგობარ უკრაინელ ხალხს.ვიბრძოლებთ, ვიშრომებთ საქართველოს თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის, ტერიტორიული მთლიანობისთვის, ხალხის კეთილდღეობისთვის, საქართველოში 1921, 1991-93 და 2008 წლების არგანმეორებისთვის.საქართველოს დამოუკიდებლობის დაცვა და შენარჩუნება არის ჩვენი პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, საქართველოსთვის თავდადებული ჩვენი გმირების წინაშე

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება