fbpx

 ჩვენთვის არის ყოვლად მიუღებელი, როდესაც ვინმე გაბედავს და ჩვენს სახელმწიფოს მოიხსენიებს მწამებლად

სტრასბურგის სასამართლოს ნდობას უცხადებს ევროსაბჭოს წევრი ყველა სახელმწიფო და მთელ რიგ შემთხვევებში ის იღებს გადაწყვეტილებებს, რომლებიც შეიძლება არ მოეწონოს სახელმწიფოებს. თუმცა ამ შემთხვევაში, ჩვენი ყველა არგუმენტი იყო იმდენად მყარი, რომ ვფიქრობ, არ არსებობდა სხვა ლოგიკური გადაწყვეტილება, გარდა იმ გადაწყვეტილებისა, რომელიც მიიღო სასამართლომ, – ამის შესახებ რატი ბრეგაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა.

იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, რომ სააკაშვილის პენიტენციურ სისტემაში შესახლების დღიდან სახელმწიფოს მისამართით არაერთი მძიმე ბრალდება გაჟღერდა.

„ჩვენთვის არის ყოვლად მიუღებელი, როდესაც ვინმე გაბედავს და ჩვენს სახელმწიფოს მოიხსენიებს მწამებლად. ყველაზე პარადოქსული ის არის, რომ სწორედ იმ ძალის წინააღმდეგ, რომელიც მაქსიმალურად ცდილობდა საზოგადოებისთვის ეჩვენებინა, თითქოსდა დღევანდელ პენიტენციურ სისტემაში ვიღაცას აწამებენ, სულ რამდენიმე თვის წინ გამოვიდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ოჩიგავას საქმეზე, სადაც დეტალურად არის აღწერილი წამების ის პრაქტიკა, რომელიც ქართულ პენიტენციურ დაწესებულებებში „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს იყო.

ეს იყო ე.წ. კარანტინების მოწყობა, სადაც ხელკეტების ქვეშ ატარებდნენ ადამიანებს, ეს იყო ცოცხალი ადამიანების მიცვალებულებზე დაბმა, იმისთვის რომ მათ შემდგომში ციხის ადმინისტრაციასთან ეთანამშრომლათ. მათ არ აძლევდნენ დაძინების საშუალებას და ა.შ. ეს ყველაფერი სასამართლოს გადაწყვეტილებაში წერია. ეს უკვე დადასტურებული ფაქტია. შესაბამისად, ამ მწამებლური რეჟიმის წარმომადგენლები მაქსიმალურად ცდილობდნენ, რომ ჩვენთვისაც იგივე დაებრალებინათ“, -განაცხადა ბრეგაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება