fbpx

მთელი ეს პიარკამპანია, რომელიც მილიონ დოლარზე მეტი დაუჯდათ, დასრულდა კრახით – სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურდა რასაც ვამბობდით, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე სახელმწიფო ზრუნავს

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ კიდევ ერთხელ განმარტა, რა იყო მიზეზი იმის, რის გამოც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლად უცხოელი ექიმები საქართველოში ვერ ჩამოვიდნენ. როგორც მინისტრმა განაცხადა, სააკაშვილის ადვოკატებს არცერთხელ მიუმართავთ შესაბამისი წერილობითი ფორმით უწყებისთვის. რატი ბრეგაძე ვარაუდობს, რომ მათ შეგნებულად არ მიმართეს სამინისტროს სწორი ფორმულირებით, რათა შემდგომში გაევრცელებინათ დეზინფორმაცია, რომ სახელმწიფო უცხოელ ექიმებს საქართველოში არ უშვებს.

„მას ჰქონდა შიმშილობის 4 ეპიზოდი, შემდეგ ყველაფერი გააკეთა სახელმწიფომ, რომ ამ ადამიანის ჯანმრთელობის და სიცოცხლის უფლება სრულად იყოს უზრუნველყოფილი და ამის მეტს ვერცერთი სახელმწიფო გააკეთებს. თუმცა, კიდევ ერთხელ შევახსენებ მაყურებელს ერთ-ერთ ეპიზოდს: მას, როდესაც სამედიცინო პერსონალმა შესთავაზა გადასხმის გაკეთება, თქვა, რომ გადასხმას გაიკეთებდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას რეანიმაციაში გადაიყვანდნენ. საჭირო იყო, რომ დამატებით გაჩენილიყო ახალი წარწერა მედიასაშუალებებში, რომ სააკაშვილი რეანიმაციაშია. ჩვენ ვაკვირდებოდით მთელ ამ დინამიკას, რომ ადამიანი შერჩევითად მკურნალობდა, შიმშილობდა იმისთვის რომ წონაში დაეკლო. ბუნებრივია, ჩვენ არ გვინდოდა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულიყო და ახლაც მოწადინებული ვართ, რომ ის იყოს ჯანმრთელი ისევე როგორც ნებისმიერ სხვა პატიმარი. მიუხედავად ამისა, ის არ ემორჩილებოდა ამას, უნდობლობაც კი გამოუცხადა ხან ქართველ ექიმებს და ხან კლინიკას. ჩვენი მოქმედება სიტუაციის შესაბამისი უნდა ყოფილიყო – თუკი ადამიანი მიდის იქითკენ, რომ რაც შეიძლება მკვეთრად გაიუარესოს ჯანმრთელობის მდგომარეობა, ჩვენც უნდა გვემოქმედა; უცხოეთში გაშვების სამართლებრივი მექანიზმი (ასევე სხვა პატიმრების შემთხვევაში) ჩვენ არ გვაქვს და შევთავაზეთ მას, რომ ჩამოეყვანათ ნებისმიერი უცხოელი ექიმი, ნებისმიერი უცხოური კლინიკიდან და ჩაერთოთ მკურნალობაში, რაშიც ჩვენ ხელს მაქსიმალურად შევუწყობდით. ამის შემდეგ გვესმის გამუდმებით, რომ ჩამოდიან პოლონელი ექიმები, თვითმფრინავი უკვე ასაფრენ ზოლზეა დამდგარი, უნდა გამოფრინდეს, მაგრამ ჩვენ არ ვაძლევთ უფლებას. ეს არის წმინდა წყლის ტყუილი, რადგან, მათ არ მოუმართავთ შესაბამისი ფორმით. ვუთხარით მათ მრავალჯერ, რომ არის აუცილებელი გარკვეული დეტალების გავლა – ამ შემთხვევაში მსჯავრდადებულს შეუძლია, აქვს უფლება, რომ მის მკურნალობაში ჩაერთოს სხვა ექიმი. ამისთვის უნდა მოგვმართონ შესაბამისი ფორმით, სადაც ეწერება, რომ ადამიანი ნამდვილად არის ექიმი და სჭირდება შესაბამისი ლიცენზია. ჩვენთან ეს დღემდე არავის გაუკეთებია, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ. ერთხელ შემოვიდა წერილი, სადაც უბრალოდ საუბარი იყო გარკვეულ ექიმებზე, რომ მათ სურთ ჩამოსვლა და ა.შ.. ამ წერილზე ბატონმა ჩალაძემ ტყუილი დამაბრალა, ააფრიალა რაღაც ფურცელი, თუმცა, შემდგომში, აღმოჩნდა, რომ თავად ის იყო მატყუარა და არა სხვა, რადგან, არ იყო შემოსული წერილი იმ დროს, როდესაც მე ვთქვი, რომ ინფორმაცია არ გვქონდა მოწოდებული. შემდეგ ისევ გამოგზავნეს წერილი, ისევ არასწორი ფორმით, რაზეც ჩვენ ისევ დავუბრუნეთ პასუხი და მივუთითეთ, ვასწავლეთ, რა მოქმედებები უნდა განეხორციელებინათ. ახლა მე გისვამთ შეკითხვას – თუკი გულშემატკივრობ ადამიანის ჯანმრთელობას, როდესაც ამდენი ადვოკატები არიან, ამდენი პოლიტიკური ლიდერები, ნუთუ არ არის შესაძლებელი ელემენტარული წერილი წარმოადგინო, რომელიც დაცულია კანონმდებლობით დაცული ფორმით? ვიხრები იმ ვერსიისკენ, რომ ეს ყველაფერი გაკეთებული იყო შეგნებულად, იმისთვის, რომ შემდგომში გაჩენილიყო პრესის ფურცლებზე, თითქოსდა ვინმეს საქართველოში არ უშვებენ. ამ ადამიანების სტრატეგიაა – მთავარია დაგაბრალო და მერე უარყოფას უკვე არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. იტყოდნენ ტყუილს, ჩვენ ვახვედრებდით სიმართლეს და საბოლოო ჯამში გამოჩნდა, რომ რასაც ვამბობდით ჩვენ, რომ ამ ადამიანის ჯანმრთელობაზე სახელმწიფო ზრუნავს, ეს დადასტურდა სტრასბურგის გადაწყვეტილებით. ამავე გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ მთელი ეს პიარკამპანია, რომელიც მილიონ დოლარზე მეტი დაჯდა, დასრულდა კრახით. ეს ადამიანები შეგნებულად ატყუებდნენ საზოგადოებას“, – განაცხადა ბრეგაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება