fbpx

შინ მოსვლას სულ აგვიანებდი და ახლა რა გეჩქარებოდა, შვილო?-ბონდო მძინარაშვილი

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი კოტე ინაშვილს იხსენებს-

რატომ აღარ ხარ, კანსტანტინ?!—————————————- ბონდო ბიძია, ბონდო ბიძია, ჩემთან არავინ მოსულა?- კი, სამზარეულოში დაგიტოვეს რაღაცები.- მოიცა, ვნახო.მერე ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო და “თავისი” პატიმრების ოჯახებს ჩამოურეკა, იმ დღის ნობათი გაუნაწილა.და ასე გრძელდებოდა კვირიდან კვირამდე, თვიდან თვემდე.”კოტეს პატიმრები” გაჭირვებული ოჯახებიდან იყვნენ და გაუსაძლის პირობებში მყოფთ ვერაფრით ეხმარებოდნენ. თვითონაც თავი ძლივს გაჰქონდათ და იმ პატიმრების ოჯახებისთვის კოტემ საქველმოქმედო პროექტი დაიწყო. გადაცემებსაც ამზადებდა – “ხმა მიაწვდინე პატიმარს”. პატიმრებმა უკვე იცოდნენ, რომელ საათზე იქნებოდა კოტეს გადაცემა. ოჯახებმაც იცოდნენ და პირდაპირი ეთერიდან “ელაპარაკებოდნენ” თავიანთ პატიმრებს…ციხიდან გამოსულებს არაერთხელ უთქვამთ, “ობიექტივის” გადაცემები იყო გარესამყაროსთან ჩვენი კავშირის ერთადერთი საშუალებაო. ცალმხრივი იყო ეს კავშირი, მაგრამ გამოკეტილი ადამიანებისთვის ოჯახის წევრის და ახლობლის ხმის გაგონებას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა… ოჯახის წევრები პირდაპირ ეთერში რეკავდნენ და პატიმრები მათ ხმით ცნობდნენ… დაბადების დღეს, რელიგიურ დღესასწაულებს ულოცავდნენ… წარმოიდგინეთ, ოთხ კედელს შორის გამოკეტილი ადამიანისთვის ეს მილოცვები რას ნიშნავდა… გვარებსაც ვერ ამბობდნენ, რომ ციხეში პრობლემები არ შექმნოდათ…- ბონდო ბიძია, ბონდო ბიძია, დღეს არავინ მოსულა?- კი, სამზარეულოში ნახე.ტელევიზიაში პროდუქტი და პირველადი მოხმარების საგნები მოჰქონდათ და კოტე პატიმრების ოჯახების წევრებს ურიგებდა.- კაცო, ცოტაა, მაგრამ რაღაცით მაინც ხომ ვეხმარებით?! თან მარტო პროდუქტი ხომ არ არის, ეს ოჯახები ხალხის თანადგომას რომ იგრძნობენ, უფრო იმედიანად იქნებიან, – იტყოდა და ახლა საქველმოქმედო ყუთს შეამოწმებდა, იქვე ტელევიზიის ფოეში რომ დადგა და რომელშიც ტელევიზიის თანამშრომლების და გადაცემების სტუმრების თანხა გროვდებოდა, – ახლა კომუნალურებსაც გადაიხდიან. ცოტაა, მაგრამ შუქი ხომ მაინც ექნებათ?!1 ოქტომბრის შემდეგაც არ მიუტოვებია თავისი პატიმრები, – ტელერადიოეთერით ეხმიანებოდა, მათ ოჯახებს ეხმარებოდა.ახალი ხელისუფლების წარმომადგენლებსაც, რომ იტყვიან, მოსვენებას არ აძლევდა, ისევ პატიმრებზე ელაპარაკებოდა…იუსტიციის მინისტრი გვსტუმრობდა. სტუდიიდან გამოსულს წინ გადაუდგა და ეუბნება: – ქალბატონო თეა, წარმოიდგინეთ სვანი კაცი…იქვე, ფოიეში, სავარძელში ვიჯექი და ჩავილაპარაკე:- ჰო, ქალბატონ თეას სვანი კაცის წარმოდგენა არ გაუჭირდება.- წარმოვიდგინე, – ღიმილით თქვა იუსტიციის მინისტრმა, მაგრამ მხოლოდ წარმოდგენა საქმეს ვერ უშველიდა. ჩხუბის გამო დაკავებული და იმდროინდელი შეკრებითობით მრავალწლიანი სასჯელისთვის განწირული კაცი შველას ითხოვდა. არადა, პირობით ვადამდე გათავისუფლება ეკუთვნოდა. ადრე ვინ გამოუშვებდა, ახლა კი… ახლა კოტემ “გამოუშვა” და თეას დახმარებით ოჯახს დაუბრუნა…ერთხელ კი, საღამოს მისულს კოტე და ნატალია ერთად დამხვდნენ პროდიუსერების ოთახში. – ბონდო ბიძია, ბონდო ბიძია, ახალი ამბავი არ იცი?- რა ამბავი?- მე და ნატალია ბავშვს ველოდებით!- ვა, რა მაგარია! როდის გაიგეთ?- ახლა. ექიმთან ვიყავით და იქიდან მოვდივართ.ოთახში ყველა ვიცინოდით. ნატალიაც. მხოლოდ კოტე გვიყურებდა გაკვირვებული.- კანსტანტინ, ახლა შენ რა თქვი?- ბავშვს ველოდებით მეთქი.- მერე, მე საიდან უნდა მცოდნოდა, თქვენ ახლა არ მოხვედით ექიმისგან?!- უფ, დავიბენი, კაცო, რა მოგივიდა!..მერე კი, რაღაც სიახლე რომ უნდა მეთქვა, ჯერ ვეკითხებოდი: – კანსტანტინ, ახალი ამბავი არ იცი?ყველა ვგულშემატკივრობდით კოტეს და ნატალიას. მერე ანდრიაც გაჩნდა, “სიბერის შვილი”, პატრიოტა, მთელი ტელევიზიის სული და გული. ნიკოლოზი და მარიამი უკვე დიდები არიან, პატრიოტა კი კოტეს აეწება და სულ თან დაჰყავდა.ტელევიზიაში ჯერ ჩემთან შემოვიდოდა.- ბონდო ბიძია, ბონდო ბიძია, როგორ ხარ?- კარგად, კანსტანტინ, შენ როგორ ხარ?- მოიცა, ახლავე მოვალ, – და ახლა სხვა ოთახებს ჩამოივლიდა. ყველას მოიკითხავდა. გულშემატკივარი კაცი იყო კოტე ინაშვილი, გულიანი კაცი! მოკითხვაც გულიანი იცოდა და თანადგომაც!ახლა კი, უკვე მე რომ მივალ მასთან, რა ვკითხო, – კანსტანტინ, როგორ ხარ მეთქი?და რა უნდა მიპასუხოს, – ბონდო ბიძია, აღარ ვარო?!რატომ აღარ ხარ, კანსტანტინ?!.საღამოს შემდეგ გაოგნებული ვზივარ და ვფიქრობ, ამ ტრაგედიის შემდეგ როგორ არიან ქალბატონი ნათელა, ირმა, ნატალია, ნიკოლოზი და მარიამი, პატარა ანდრია…როგორ არიან ობიექტიველები, – მხოლოდ კოლეგები კი არა, თანამებრძოლებიც…ვზივარ და ვფიქრობ: იმ ოჯახების ლოცვა შეგეწევა უფალთან, კანსტანტინ, იმ ოჯახების ლოცვა, დაუღალავად რომ ეხმარებოდი და ტკივილს უმსუბუქებდი უმძიმეს წლებში.ჩვენ, ობიექტიველებმა, ხომ ზუსტად ვიცით, რა ემოციით აკეთებდი სიკეთეს, რომელიც გზას გაგინათებს იმქვეყნიური საქართველოსკენ მიმავალ გზაზე. იქ კი თეთრხალათიანი კაცი დაგხვდება, სევდიანად გაგიღიმებს და ჩაილაპარაკებს, – შინ მოსვლას სულ აგვიანებდი და ახლა რა გეჩქარებოდა, შვილო?!.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება