fbpx

შალვა პაპუაშვილი: გამიკვირდა ოპოზიციის განცხადება პარტიების დაფინანსების ცვლილებებზე, მათი თანდასწრებით ამ საკითხზე არაერთხელ გვისაუბრია და კრიტიკული მოსაზრებები არავის ჰქონია

იურიდიულ პირებს მთლიანად შეეზღუდებათ შემოწირულებების გაღება პარტიების მიმართ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, ამ საკითხზე რეკომენდაცია ვენეციის კომისიის მხრიდან დეოლიგარქიზაციის კანონის დასკვნაშიცაა გაცემული.

„ცვლილებები პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით ორ საკითხს ეხება. ერთი, რომ იურიდიულ პირებს მთლიანად შეეზღუდებათ შემოწირულებების გაღება პარტიების მიმართ და მშპ-ის ფარდობა და წლის განმავლობაში ხარჯისა კიდევ უფრო დაიწევს. ჩვენ შარშან ეს შეფარდება მშპ-თან 0,1-დან დავწიეთ 0,05-მდე. ახლა პროექტის იდეა არის, რომ კიდევ დაიწიოს 0,04-მდე. რაც შეეხება იურიდიული პირების მხრიდან დაფინანსების აკრძალვას, ესეც გახლავთ ხანგრძლივი რეკომენდაცია, რომელიც გაიცემა ხოლმე ვენეციის კომისიის, ეუთოს ფარგლებში. მათ შორის ახლაც, ბოლო დასკვნაზე, რომელიც შეეხებოდა დეოლიგარქიზაციის კანონს ეს რეკომენდაციაა გაცემული“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.

მან ასევე ისაუბრა ოპოზიციის მხრიდან პარტიების დაფინანსების საკითხზე დამოკიდებულებასთან დაკავშირებით. „მე სხვათა შორის გამიკვირდა, როდესაც მოვისმინე ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის განცხადება ამ ცვლილებასთან დაკავშირებით, თითქოს ეს მიმართულია ოპოზიციის წინააღმდეგ. გასაკვირია, იმიტომ, რომ სულ ახლახან ჩატარებულ კონფერენციაზე, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო პლატფორმასთან ერთად ჩავატარეთ, ოპოზიციაც ესწრებოდა, ამ საკითხზე იქაც შევთანხმდით და არავის კრიტიკული მოსაზრება არ ჰქონია. ასევე ბოლო შეხვედრაზე, რომელიც ეხებოდა პირადობის მოწმობებს, სადაც ოპოზიცია სრულად იყო წარმოდგენილი, იქაც გვქონდა საუბარი და ყველა შევთანხმდით. გასაკვირია, რომ საჯაროდ, ტელევიზიების წინ, ცდილობენ კვლავ მსხვერპლად წარმოაჩინონ თავი. ეს საკითხი არის ტესტი იმისა, თუ რამდენად სერიოზულად ფიქრობს ოპოზიცია ჩართოს 9 რეკომენდაციის შესრულებაში. სწორედ ამ რეკომენდაციების შესრულებას ემსახურება ეს გადაწყვეტილება. ამიტომ ეს არის კიდევ ერთხელ მათთვის შესაძლებლობა იმისა, რომ ქართველ საზოგადოებას და ევროკავშირს დაანახონ, არიან თუ არა ისინი მზად, რომ მოიქცნენ როგორც ზრდასრული ადამიანები და არა როგორც კამერების წინ პოზიორობაში მყოფი პოლიტიკოსები“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება