fbpx

სვიმონ ჯანგულაშვილი: 10 ათასზე მეტი საგალობელია, ჯერ არ დაგვითვლია ზუსტად, რომ გამოიცემა ანთოლოგია, მერე გაირკვევა – ქართული გალობის აღორძინება ეკლესიაში პატრიარქის სახელს უკავშირდება

საგალობლები სიმღერასთან ერთად ჩვენი საგანძურია, არ მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენს იდენტობას და სულიერ სამყაროს გამოხატავს, არამედ იმიტომაც, რომ ყველა ფოლკლორი და ტრადიციული კულტურა ძვირფასია, – ამის შესახებ ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორმა და სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდის ხელმძღვანელმა, სვიმონ ჯანგულაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ ქართული გალობის ანთოლოგიაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ქართული გალობის აღორძინება ეკლესიაში პატრიარქის სახელს უკავშირდება.

„ჯერ სიონის გუნდები იყვნენ, მერე ანჩისხატის გუნდმა ეს ტრადიცია დააბრუნა, რომ მსახურებაში მთლიანად ძველი გალობა იგალობებოდეს. მათ გამოსცეს კიდეც რამდენიმე კრებული სასწავლო-პრაქტიკული მიზნით. როდესაც ხელნაწერთა ინსტიტუტში, სახელმწიფო არქივში, ფოლკლორის ცენტრში ვნახეთ ეს უზარმაზარი მასალა, გიჟურმა ოცნებამ შემიპყრო, რომ ეს ყველაფერი გამოგვეცა. მაგალითად, ბახს აქვს 1000-ზე მეტი ნაწარმოები და მისი ყველა ნაწარმოები გამოცემულია, სხვადასხვა რედაქციით. ჩვენ ეს არ გვქონდა და დავიწყე პირადად მე ამაზე ფიქრი 20 წლის წინ. ანჩისხატის გუნდის წევრია ლევან ვეშაპიძე, გამორჩეული ლოტბარი, ძალიან მაგარი მომღერალი, კარგი მგალობელი და ის თავის მხრივ მუშაობდა ამის დაბეჭდვაზე და ჩვენ რაღაცნაირად შევერთდით. როგორც აღვნიშნე, მე ეს იდეა მქონდა 20 წლის წინაც და მივედი, მაშინდელ კულტურის მინისტრის მოადგილესთან, ეს იყო ჯერ კიდევ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს. ის მოადგილე კარგი ადამიანია, მაგრამ ასეთი რამ მითხრა: ეს სპეციალისტთა ვიწრო წრისთვის არის მარტო საინტერესო, 30 კაცს აინტერესებს მარტო ეს ამბავი და ამიტომ ჩვენ ამას არ დავაფინანსებთ, არ გამოვცემთო. მაშინ არ გამოვიდა ეს ამბავი, მაგრამ როდესაც ფოლკლორის ცენტრში დაინიშნა გიორგი დონაძე, მან წარადგინა ეს იდეა კულტურის სამინისტროში, გვერდით დაგვიდგა ფონდი „ქართული გალობა“ ნანა გოთუა, ვანო ჩხარტიშვილი და ასე დაიწყო ამის გამოცემა. ჯერ გაციფრდა ყველა ხელნაწერი, ეს არის უნიკალური რაოდენობა. ცოტა მგალობელი იყო შემორჩენილი მეცხრამეტე საუკუნის 80-იან წლებში და მათგან ჩაწერეს ათასობით გვერდი. 10 ათასზე მეტი საგალობელია, ჯერ არ დაგვითვლია ზუსტად, რომ გამოიცემა ეს ანთოლოგია, მერე გაირკვევა. ჯერ ეს ხელნაწერები გაციფრდა, კულტურის სამინისტროსა და ფონდ „ქართული გალობის“ მხარდაჭერით. ეს არის ინტერნეტში და ყველასთვის ხელმისაწვდომია. გარდა ამისა, ამ ტომებს რომ ვბეჭდავთ, ესენიც იდება ინტერნეტში“, – აღნიშნა სვიმონ ჯანგულაშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება