fbpx

ეკა სეფაშვილი: მარინა კალიურანდს შევახსენე, რაოდენ დიდია ევროკავშირის მხრიდან რუსეთთან ვაჭრობის მოცულობა, ასევე შევახსენე, თუ როგორ გმობდნენ რუსეთთან პირდაპირი ფრენების გაწყვეტას 2019 წელს, ამ შეხსენებებმა გარკვეული შედეგი გამოიღო

ჩვენ დავრწმუნდით, რომ სიმართლის თქმა დასავლელი პარტნიორებისთვის სასარგებლოა, – ასე პასუხობს „ხალხის ძალის“ საერთაშორისო მდივანი ეკა სეფაშვილი შეკითხვას, ხომ არ გაართულებს დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობას პარტიის მკაფიოდ გამოკვეთილი პოზიცია, რომელიც საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვას ეფუძნება.

როგორც ეკა სეფაშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა, ხალხისა და ქვეყნის ინტერესების დაცვა არის საქართველოს „წითელი ხაზები“ და ევროპელ პარტნიორებს მოუწიათ ამ ხაზების დაცვა, შესაბამისად, საქართველომ მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი.

„რამდენიმე თვის წინ იყო საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის სხდომა, სადაც ვიხილავდით საქართველოს პროგრესს. მარინა კალიურანდს, რომელიც ევროკომისიის მხრიდან ხელმძღვანელობს ამ კომიტეტს, საქართველოს მიმართ ჰქონდა არასასიამოვნო განცხადება, შევახსენე იმის შესახებ, რაოდენ დიდია ევროკავშირის მხრიდან რუსეთთან ვაჭრობის მოცულობა; ასევე შევახსენე, თუ როგორ გმობდნენ რუსეთთან პირდაპირი ფრენების გაწყვეტას 2019 წელს; შევეხე მათი რუსეთთან ალმასებით ვაჭრობის საკითხს. თუ ვთქვათ, მარცვლეულით და ენერგომატარებლებით ვაჭრობა გარკვეული პრაგმატული მიზეზებით შეიძლება აიხსნას, მაშინ საკითხავია, ალმასებით ვაჭრობას რით ხსნიდნენ. აი, ამ შეხსენებებმა გარკვეული შედეგი გამოიღო. სხვათა შორის, კერძო საუბარში მარინა კალიურანდს ვუთხარი, რომ მომწონს მისი მიდგომა და მეგობრები იმისთვის არსებობენ, რომ ღიად და დაუფარავად ისაუბრონ პრობლემებზე და ერთად იფიქრონ მათი გადაჭრის გზებზე.

გვქონდა ასევე შეხვედრა ლატვიის საპარლამენტო დელეგაციასთან და მათ მადლობა გადავუხადე იმისთვის, რომ ევროკავშირმა გაითვალისწინა ჩვენი „წითელი ხაზები“ – ტერიტორიული მთლიანობა, ჩვენი ხალხისა და ქვეყნის ეროვნული ინტერესი უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ასევე, ჩვენი ეკონომიკური წინსვლის ინტერესები და მოხარული ვარ, რომ მათ გაითვალისწინეს ეს „წითელი ხაზები“ და მოგვანიჭეს სტატუსი. როდესაც ღიად საუბრობ, პირველ ხანებში ცოტა შოკირებულები არიან, თუმცა, შემდეგ იღებენ ამ მოცემულობას“, – აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება