fbpx

სემეკმა ელექტროენერგიის თავისუფალი მიმწოდებლებისათვის შეხვედრა გამართა

საქართველოს ელექტროენერგიის ბაზარზე თავისუფალი მიმწოდებლის საქმიანობისა და შესაძლებლობების შესახებ, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ონლაინ შეხვედრა გამართა.

სემეკის ცნობით, შეხვედრა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრმა, გოჩა შონიამ გახსნა და მონაწილეებს ელექტროენერგიის რეფორმის მიმდინარეობა და დღემდე განხორციელებული ცვლილებების შედეგები გააცნო.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაში ელექტროენერგიის ბაზრის თავისუფალი მიმწოდებლები, პოტენციური ინვესტორები, დარგის ექსპერტები და სხვა დაინტერესებული პირები მონაწილეობდნენ.

„სემეკის იურიდიული დეპარტამენტის დირექტორმა, სალომე ჯანელიძემ და სემეკის ბაზრის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორმა, ნიკოლოზ სუმბაძემ შეხვედრის მონაწილეებს წარუდგინეს პრეზენტაციები ელექტროენერგიის საცალო ბაზარზე მიმწოდებლებსა და მომხმარებლებს შორის ურთიერთობების, ~საბითუმო ბაზრის ახალი სტრუქტურისა და ვაჭრობის პრინციპების შესახებ.

შეხვედრის მიზანი საქართველოს ელექტროენერგიის ბაზარზე თავისუფალი მიმწოდებლის საქმიანობით დაინტერესებული პირებისათვის არსებული მარეგულირებელი ჩარჩოსა და დაგეგმილი ღონისძიებების გაცნობა, ასევე მათ მოლოდინებზე მსჯელობა იყო,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება