fbpx

სააკაშვილის დაკავების პირველივე დღიდან დაიწყო იმაზე საუბარი, რომ ის უკვე ძალიან ცუდადაა

როდესაც მინისტრად დავინიშნე გადავადების საკითხს იხილავდა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და ჯანდაცვის სამინისტროს ერთობლივი კომისია. ანუ, აღმასრულებელი ხელისუფლება წყვეტდა არის თუ არა პატიმარი იმ კრიტერიუმებში, რომელიც არის საფუძველი გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლების. სწორედ ჩემი მინისტრობის პერიოდში, რა თქმა უნდა, გუნდთან ერთად, მთელი სამინისტრო ვმუშაობდით ამაზე და ცვლილებების შედეგად გადავეცით სასამართლოს, რათა უფრო მაღალი და ობიექტური გადაწყვეტილების ცენტრი შექმნილიყო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, კახა კახიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი სასამართლოს უფრო მეტი საშუალებაც აქვს ყველა არგუმენტი გამოიკვლიოს, ვიდრე კომისიას, რომელიც რამდენიმე დღე შეიკრიბება და გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

„მაშინ ეს ცვლილებები განვახორციელეთ და საზოგადოება ხედავდა, რომ სასამართლო ფაქტობრივად დეტალურად სწავლობდა ამ საკითხებს. თქვენ რომ იყოთ მოსამართლე, იუსტიციის მინისტრი, პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, აიღებდით საკუთარ თავზე ისეთი ტიპის გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობას, რომ გენახათ, პატიმარი ცუდადაა და ამის მიუხედავად, აიღებდით პასუხისმგებლობას და არ გაანთავისუფლებდით? ამ ტვირთს არავინ საკუთარ თავზე არ აიღებს.

ადამიანი როგორც კი შედის ციხეში, მასზე პასუხისმგებლობას თავიდან ბოლომდე ხელისუფლება იღებს, მის სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე ხელისუფლებაა პასიხისმგებელი. შესაბამისად, ყველაზე მეტად ამ ადამიანს არაფერი დაემართოს და პრობლემა არ ჰქონდეს დაინტერესებულია იუსტიციის სამინისტრო და აღმასრულებელი ხელისუფლება. ეს ყველას კარგად ესმის. როდესაც სჭირდებათ იძახიან, რომ ხელისუფლებაა პასუხისმგებელი და ამავდროულად იძახიან, პასუხისმგებელი იყავი, მაგრამ გააკეთე ის, რასაც მე გეუბნები. თუ მე ვარ პასუხისმგებელი, მე რასაც ვაკეთებ, იმაზე ვარ პასუხისმგებელი. 2 თვის განმავლობაში არაერთი ექსპერტიზის დასკვნა იყო და სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა იყო გარდამტეხი. იქ რომ სხვა რაღაც ჩანაწერები ყოფილიყო, ვერც მოსამართლე და ვერც სხვა ვერავინ ვერ აიღებდა საკუთარ თავზე. სწორედ ეს იყო საფუძველი თავის დროზე, ცვლილებების განხორციელების საფუძველი. ღმერთმა კარგად ამყოფოს, მაგრამ დაკავების პირველივე დღიდან დაიწყო იმაზე საუბარი, რომ უკვე ძალიან ცუდადაა. ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს, მაგრამ რამდენი ხანი გავიდა, ხომ? მესმის, ზრუნვის ობიექტია და უნდა იყოს, დღეს არის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, კერძო კლინიკაში. რამდენადაც ვიცი და ბრიფინგებიდან ისიც მომისმენია, რომ შეთავაზება ჰქონდათ სამინისტროსგან, რომ ნებისმიერი ექიმს აიყვანდნენ, ხელშეკრულებას დაუდებდნენ და ხელშეკრულების საფუძველზე მისცემდნენ მკურნალობის საშუალებას, მაგრამ გასაგებია, რომ სხვა გზა აირჩიეს, რომელიც უფრო პოლიტიკურ ზეწოლას უფრო ჰგავს და რა თქმა უნდა, ამისთვის ხელისუფლება მზად უნდა იყოს“, – განაცხადა კახა კახიშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება