fbpx

რა იცვლება მმართველი გუნდის მიერ მომზადებული დოკუმენტების მიხედვით „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა“ და „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ კანონში- შალვა პაპუაშვილი განმარტავს

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს მმართველი გუნდის მიერ მომზადებული დოკუმენტი გააცნო, რომელიც „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა“ და „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ კანონებში ცვლილებს ეხება.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ჩატარდა სამუშაო შეხვედრები, გაითვალისწინეს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები და შესაბამის კანონებში ცვლილებებთან დაკავშირებით შემუშავდა კანონპროექტი, რომელიც დღეს ბიუროს წარედგინება.

„საკითხები შეეხებოდა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ეფექტიანობის და დამოუკიდებლობის ზრდას ასევე ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობის ეფექტიანობის და დამოუკიდებლობის ზრდას. როგორც ეს იყო გათვალისწინებული უწყებათაშორისი კომისიის სამოქმედო გეგმაში, შეიქმნა საპარლამენტო ფორმატი, რომელსაც მე ვხელმძღვანელობდი. იცით, რომ ჩატარდა შეხვედრები, სადაც გვქონდა საუბარი ვენეციის კომისიის რეკომენდაციაზე დაყრდნობით, თუ რა შეიძლება შეცვლილიყო კანონპროექტზე და გასულ კვირას იურიდიული კომიტეტის წევრებმა დააინიციირეს კანონპროექტში ცვლილებების შესაბამისი პაკეტები. მინდა მადლობა გადავუხადო იურიდიულ საკითხთა კომიტეტს, მის ხელმძღვანელს, ბატონ ანრი ოხანაშვილს, რომ ასე ეფექტიანად მოხდა კანონპროექტების ინიციირება, რომელიც დღეს ბიუროზე გამოვა, შესაბამის კომიტეტებს გადაეცემა და გადავალთ საკომიტეტო მოსმენებზე. მინდა საზოგადოებას გავაცნო ის სიახლეები, რომელიც გამომდინარეა ვენეციის კომისიის დასკვნის და ჩვენი დისკუსიის ამ ფორმატში აისახა კანონპროექტში სპეციალური საგამოძიებო სამსახურის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის შემთხვევაში, ორივე სამსახურს მიენიჭება უფლებამოსილება რომ შეადგინონ და გამოაქვეყნონ სპეციალური ანგარიში იმ საკითხების თაობაზე, რაც მათ საქმიანობას უკავშირდება და მათ მნიშვნელოვნად მიაჩნიათ და ეს არ იქნება არა მხოლოდ წლიური ანგარიშები, არამედ შეეძლებათ ნებისმიერ მომენტში სპეციალური ანგარიშების გამოქვეყნება. მეორე, სახალხო დამცველს ენიჭება უფლებამოსილება საკონკურსო კომისიაში, რომელმაც სამსახურების ხელმძღვანელები უნდა შეარჩიოს, ნებისმიერ დასანიშნი წევრი არასამთავრობო სექტორიდან კონკურსის გარეშე შეარჩიოს პირადად მან. გარდა ამისა, იზრდება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის კანდიდატურის შესარჩევი კონკურსის ჩატარების ვადები იმისთვის, რომ უფრო მეტი დრო იყოს განსჯისთვის. მეოთხე, იზრდება საკონკურსო კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების კვორუმი და დამსწრეთა უმრავლესობიდან სრული შემადგენლობის უმრავლესობამდე გაიზრდება. მეხუთე, იზრდება საქართველოს პარლამენტის მიერ ამ ორი სამსახურის უფროსისთვის იმუნიტეტის შეჩერების გადაწყვეტილების კვორუმი და დამსწრეთა უმრავლესობიდან გაიზრდება სრული შემადგენლობის უმრავლესობამდე. მეექვსე, იზრდება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ქვემდებარეობა და მის ქვემდებარეობაში იქნებიან ასევე პროკურორები იმ დანაშაულებთან დაკავშირებით, რომელიც წარმოადგენს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება