fbpx

რაგბის კავშირის გამგეობის წევრის, აკაკი დავითულიანის განცხადება

ყურადღებით გავეცანი ტელეკომპანია მთავარის გადაცემა პოსტ-ფაქტუმში გასულ სიუჟეტს, რომელიც ეხებოდა “ლაგუნა-ვერესთან” მომხდარ კრიმინალურ შემთხვევას და რომლის მიზეზადაც ეგრეთ წოდებული ქოლცენტრების თემა იყო დასახელებული. გარდა იმისა, რომ მთელი სიუჟეტი აგებულია უარგუმენტაციო თხრობაზე, რეპორტაჟი არ შეიცავს არცერთი კონკრეტული ადამიანის კომენტარს, რომელიც ფაქტის რაიმენაირ დამოწმებად შეიძლება გამოდგეს. მთელი სიუჟეტი ბინძური პროვოკაცია და გამიზნული მავნებლობაა, რომელიც ყველაფერთან ერთად რაგბის სფეროსთვისაც ცდილობს ჩირქის მოცხებას.

კიდევ უფრო წარმოუდგენელია სავარაუდოდ ჩემი სახელის ხსენება ამ ისედაც პრობლემურ სიუჟეტში, სადაც თან ითქვა რომ არავითარ გარჩევასთან შეხება არ მქონია და ამასთანავე, რეპორტაჟის ავტორები ჯიუტად ატრიალებდნენ ჩემს სახელს გაშუქებული თემის კონტექსტში. ტელეკომპანია მთავარი არ ეშვება ამ თემის ტრიალს და გუშინ კიდევ მეტი მონდომებით სცადა საკუთარი სიცრუის ტირაჟირება.

საზოგადოებისთვის მსურს მკაფიოდ და გასაგებად განვმარტო, რომ მე ნამდვილად ვარ რაგბის კავშირის გამგეობის წევრი, არ გამაჩნია არავითარი შეხება და ინფორმაციაც კი ეგრეთ წოდებულ ქოლცენტრებთან დაკავშირებით, მითუმეტეს ბიზნესის ამ გაუგებარ საქმიანობაში არსებულ გარჩევებსა და მის კიდევ უფრო მითიურ კავშირზე რაგბთან, ან ჩემს სახელთან მიმართებით.

გუშინ კიდევ ერთი სიუჟეტით დადასტურდა, რომ ტელეკომპანია მთავარის საინფორმაციო ომის სამიზნე სწორედ მე ვარ. ამიტომ, მივმართავ ტელეკომპანია მთავარის საინფორმაციო სამსახურს და გადაცემა პოსტ-ფაქტუმს – უახლოეს პერიოდში გამოაქვეყნოს ყველა მტკიცებულება და არგუმენტი, თუ რის საფუძველზე გახმოვანდა ჩემი სახელი მათ სიუჟეტში. წინააღმდეგ შემთხვევაში, კანონით გათვალისწინებული წესით მივმართავ სასამართლოს დისკრედიტაციისა და რეპუტაციის შელახვასთან დაკავშირებული საჩივრით. ტელეკომპანია მთავარს ან მოუწევს დაამტკიცოს მის სიუჟეტში გახმოვანებული ბრალდებები, ან შესაბამისი ბოდიშის თანხლებით, აღიაროს ცილისწამება და უარყოს ზუსტად იგივე ფორმით, რა სახითაც წარმოადგინა ბრალდება.

სამწუხაროა, რომ ბოლო პერიოდში სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებით გახშირდა მიზანმიმართული ცილისწამებები საქართველოს რაგბის კავშირის მიმართ, რაც მიზნად ისახავს ქართული რაგბის დისკრედიტაციას. საქართველოს რაგბის კავშირი არავის აპატიებს ყველა ქართველისთვის საყვარელი, ეროვნული სპორტისთვის ჩირქის მოცხებას და ნებისმიერ ტელევიზიას თუ საინფორმაციო საშუალებას, მოუწევს საკუთარ სიუჟეტში ნახსენები ნებისმიერი ბრალდების დამტკიცება, ან პასუხისგება მიზანმიმართულ ბოროტებაზე!

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება