fbpx

ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით ბრალდების მხარე სასამართლოს დღესვე მიმართავს

პროკურორ ამირან გულუაშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას  მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით ბრალდების მხარე თბილისის საქალაქო სასამართლოს დღესვე მიმართავს.

მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტმა გაიზიარა ის სამართლებრივი არგუმენტაცია, რაც ბრალდების მხარეს გააჩნდა.

„საქართველოს პარლამენტის დადგენილებით, კიდევ ერთხელ დადასტურდა ფაქტი, რომ სასამართლო გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა ყველა ადამიანისთვის მისი თანამდებობისა და პოლიტიკური კუთვნილების მიუხედავად. საპარლამენტო იმუნიტეტი ინდულგენციას არ წარმოადგენს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან არიდებისთვის. დღესვე ბრალდების მხარე უზრუნველყოფს შესაბამისი შუამდგომლობის წარდგენას თბილისის საქალაქო სასამართლოში. ვინაიდან საკითხი ეხება აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას, სასამართლომ შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში უნდა ჩანიშნოს შესაბამისი სასამრთლო სხდომა, სადაც მოხდება მხარეთა არგუმენტების მოსმენა“,-განაცხადა პროკურორმა.

ცნობისთვის, პარლამენტმა დეპუტატ ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებას მხარი დაუჭირა. კანონმდებლებმა საკუთარი გადაწყვეტილებით, პროკურატურას თანხმობა მისცეს, მელიას მიმართ აღვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებაზე სასამართლოს მიმართოს. შესაბამისი დადგენილება 88 ხმით მიიღეს, რასაც წინ უძღვოდა გენერალური პროკურორის შუამდგომლობის განხილვა. 2-მა დეპუტატმა წინააღმდეგ მისცა ხმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება