fbpx

მეც ისეთივე ცოდვილი ვარ, შეიძლება ვიღაცაზე მეტადაც, მაგრამ ვცდილობ ვიცხოვრო მართლმადიდებლურად – ნოდარ ტურძელაძე

მეც ისეთივე ცოდვილი ვარ, შეიძლება ვიღაცაზე მეტადაც, მაგრამ ვცდილობ ვიცხოვრო მართლმადიდებლურად – აღსარება ვთქვა, ვეზიარო, ვიგალობო, ტაძარში ვიარო“ – ნოდარ ტურძელაძე.

ვაკის რაიონის ყოფილი გამგებელი, „ქართული ოცნების” ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნოდარ ტურძელაძე, „პრაიმტაიმთან“ მის მეორე პროფესიაზე და პირად ცხოვრებაზე ექსკლუზიურ ინტერვიუში საუბრობს.

დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, მაქსიმალურად ცდილობს, ეკლესიაში იყოს და ბიჭებთან ერთად იგალობოს:

დავიბადე და გავიზარდე თბილისში ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე. 33 წლის ვარ – 1986 წლის პირველ დეკემბერს მოვევლინე ქვეყანას. მყავს მეუღლე – თამარ აბზიანიძე, რომელიც ერთ-ერთ ტურისტულ კომპანიაში მუშაობს და ორი ქალიშვილი – 5 წლის ანასტაია და 4 თვის მარიამი.

დავამთავრე 126 -ე საჯარო სკოლა და ტექნიკურ უნივერსიტეტში სახელმწიფო მართვის სპეციალობის მიმართულებით გავაგრძელე სწავლა, მიუხედავად იმისა, რომ სურვილი მქონდა თეატრალურ უნივერსიტეტში ჩამებარებინა. დავამთავრე ბაკალავრიატი და მაგისტრატურა – სახელმწიფო მართვის სპეციალობით „ჯიპა“-ში.

ჩემი განხრაა – სახელმწიფო მართვის მოხელე. 9 წლის განმავლობაში, სხვადასხვა თანამდებობებზე ვმუშაობდი, ძირითადად ენერგოსტრუქტურაში, მაგრამ 2014 წლიდან, გადავწყვიტე, თვითმმართველობაში წავსულიყავი და ჩემი სპეციალობით დამეწყო მუშაობა. ერთი წლის განმავლობაში ქალაქის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოადგილე ვიყავი, ხოლო 2015 -20 წლებში – ვაკის რაიონის გამგებელი.

– თქვენი მეორე პროფესია…

მაქვს მეორე პროფესია – ვმღერი. ეს ყველაფერი, 2003 წელს დაიწყო, ვიტყოდი, რომ დედაც და ბაბუაც მღეროდა და ეს იყო, ჩემი მუსიკალური კარიერის საფუძველი. 2003 წელს მეგობრებთან ერთად, ქართული ხმების ცნობილ სოლისტთან, გურამ თამაზაშვილთან მივედი. მაშინ 17 წლის ვიყავი – „ზარები“ ერქვა ანსამბლს. ჩემმა სამეგობრომ დათუნა სირბილაძე, ნოდიკო ხუციშვილი, ნოდარ ხუხუნეიშვილი, გურამთან დავიწყეთ სიმღერა.

დაახლოებით 2005 წელს დავიწყეთ გალობა, წმ. ილია წინასწარმეტყველის სახელობის ტაძარში (შანხაის უბანი), ჩვენ ანსამბლს „დიდგორი“ დაერქვა. ამ ხნის განმავლობაში, უამრავი კონცერტი და გასტროლი გვქონდა, როგორც საქართველოში, ისე მის გარეთ. ხშირად ვიღებდით მონაწილეობას, სხვადასხვა მნიშვნელობის ღონისძიებებში.

ეკლესიამ უდიდესი როლი ითამაშა, ჩემი პიროვნების ჩამოყალიბებაში და შესაბამისად, საქმიანობაში – გარკვეულწილად მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. 1990-იან წლებში, ურთულესი პერიოდი იყო და თავის დროზე ამ მიმართულებით ჩართულობამ, არა მარტო ჩემი, არამედ, მე და ჩემი ბიჭებს, ასევე ბევრ ადამიანს, უფლის კალთა გადმოგვეფარა და ცუდ ამბებს აგვარიდა.

ძალიან რთულ პერიოდში მოგვიწია მუშაობა და დღემდე ერთი ოჯახი გავხდით. ერთმანეთის მეჯვარეებიც კი ვართ. ბავშვების ნათლიები, რაც მაძლიერებს ყველა საქმეში. ჩემი დამოკიდებულება არის, რომ სახლშიც კი მეუბნებიან, „გარე“ ადამიანი ხარო. მიყვარს ურთიერთობები, კომუნიკაციები, კონტაქტები – ბავშვობიდან ასე ვიყავი და ეს მდგომარეობა, ბოლომდე შევინარჩუნე.

ცხოვრებაში დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ დამოკიდებულებებს და ურთიერთობებს. განმსაზღვრელად მიმაჩნია, ადამიანის ჩამოყალიბებაში და ამის მერე, ჩვენი სახელის ჩამოყალიბებაში.

ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, ურთიერთობების განსაზღვრის. არავინ არ ვართ უშეცდომოები, მაგრამ მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ გულწრფელად, როგორც ვუყურებთ სიტუაციას, ისე ვიმოქმედოთ. ჩვენი წინა თაობებიდან, სულ გვესმის რა კარგი ურთიერთობები ჰქონდათ, სულ ვენატრი ამას. რატომ, ხომ შეიძლება დღესაც ასე იყოს!

– როგორია ნოდარი ოჯახურ გარემოში?

ოჯახს, ფაქტობრივად ვერ ვაქცევ ისეთ ყურადღებას, როგორც მე მინდა. პრაქტიკულად, დრო არ მაქვს, რომ ხშირად ვიყო სახლში. ჩემი პატარა ქალიშვილი, ფაქტობრივად, წესიერად ვერ გავიცანი.

როცა მივდივარ უკვე ძინავს, თუმცა, ჩვენ გვაქვს მოვალეობები ცხოვრებაში, რომლებიც გვაძლევს ვალდებულებებს და ეს ვალდებულები პირნათლად უნდა შევასრულოთ.

მე, როგორც ჩემი, ასევე სხვისი შვილებისთვის, უკეთეს საქართველოს ვაშენებ. ვფიქრობ, დადგება ის დრო, როცა ახსნა მომიწევს ჩემი შვილებისთვის, ვიცი, გამიგებენ.

– რა არის თქენთვის სიყვარული?

მე-10 კლასში იყო, როცა პირველად შევხვდი ჩემ მეუღლეს. 57-ე საშუალო სკოლის მოსწავლე იყო, ბევრი საერთო ნაცნობი აღმოგვაჩნდა და აქედან დაიწყო ჩვენი ურთიერთობაც. 19 წლის იყო თამარი, როცა შევუღლდით.

მადლობა უფალს, რომ ეს ადამიანი შემახვედრა. ერთი წუთითაც არ ვნერვიულობ, ჩემი შვილები სრულიად მინდობილი მყავს, ყოველთვის, ჩემი ცხოვრების ყველა ეტაპზე ვგრძნობ მის დახმარებას, მის გვერდში დგომას.

ორი წლის დაქორწინებულები ვიყავით, როცა მე უკვე საზოგადოებრივ სექტორში მომიწია მუშაობა, რაც, ძალიან რთული იყო მისთვის. მადლობა მინდა გადავუხადო, ჩვენ მშობლებს, რომ ძალიან გვეხმარებიან და ჩემს სიცარიელეს ავსებენ.

სიყვარული, ხომ ზოგადად ღვთიური გრძნობაა, სენსიტიურია ჩემთვის ეს საკითხი. ლექსებიც კი მაქვს დაწერილი, მოვა დრო, როცა გავაჟღერებ. მახსოვს, პირველი ლექსი დედას მივუძღვენი, მაგრამ მიჯნურობის პერიოდში, უკვე რამდენიმე დავწერე, ერთი ლექსი ანსამბლ „დიდგორსაც“ კი უკავშირდება. ძირითადად, ჩემი ჩანახატები მაქვს.

წარმოშობით, რაჭის ულამაზესი კუთხიდან, ზნაკვადან ვარ. ტურძელაძეებიც სწორედ ამ სოფლიდან არიან, ხშირად დავდიოდი ბავშვობაში, დედა – გაჩეჩილაძის ქალია, ზესტაფონის სოფელ წევადან არის. მოკლედ რომ ვთქვათ, მთისა და ბარის შვილი ვარ!

– რა არის თქვენი მოტივაცია?

მიუხედავად იმისა, რომ ბევრი პრობლემური პერიოდი გამოვიარე, ჩემი მოტივაცია, ყოველთვის იყო, რომ შენი თითოეული დღით, თითოეული წამით, უნდა შეძლო, რომ შენ ქვეყანას სიკეთე მოუტანო.

მადლობა უფალს, რომ ამის შესაძლებლობას მაძლევს. პირველი, ტრადიციების შენარჩუნება და მომავალი თაობებისთვის გადაცემა და მეორე, მომეცა შესაძლებლობა, რომ იმ რაიონისთვის, სადაც დავიბადე და გავიზარდე, ბევრი მნიშვნელოვანი პრობლემა მომეგვარებინა და გადამეწყვიტა.

მაგალითად, მეტრო უნივერსიტეტი – ურთულესი პრობლემა იყო წლების განმავლობაში, 35 წელი ელოდებოდა საზოგადოება, მიუხედავად იმისა, რომ ყველა მთავრობა გახსნას პირდებოდა. საოცრად გალამაზდა პოლიკლინიკის წინ მიმდებარე ტერიტორია, სადაც მეტროს შახტი იყო.

მზიურის სკვერი, რომელიც 40 წელია პრობლემების წინაშე იდგა, ჭავჭავაძის პროსპექტი, რომლისთვისაც ნახევარ საუკუნეზე მეტია, ხელი არავის უხლია. ამ ეტაპზე, ვაკის პარკის რეაბილიტაცია დავიწყეთ, ბევრმა შეიძლება არც იცის, რომ სოფლი თხინვალა, აგარაკები, ბეთანია ვაკე-საბურთალოს რაიონს ეკუთვნის.

ელემენტარული, წყალმომარაგებაც კი არ ჰქონდათ, არ არსებობდა, ასფალტირებული საფარი. წყნეთში სამ დღეში ერთხელ მოდიოდა წყალი. ყველა ეს საკითხი, ნახევარი საუკუნის განმავლობაში მოუგვარებელი პრობლემები, სულ რაღაც 4 წელიწადში მოვაგვარეთ.

– ჭავჭავაძის პროექტმა, საზოგადოების მხრიდან არეულობა და უკმაყოფილება გამოიწვია…

როდესაც ამ პროექტის განხილვა გვქონდა ფრანგებთან, რომლებიც ამ პროსპექტის დამპროექტებლები იყვნენ, რომლებსაც არა მარტო საქართველოში, არამედ უამრავ ქვეყანაში აქვთ მსგავსი პროექტები, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტის აღნიშვნა მოხდა – 90 წლების შემდეგ, სატრანსპორტო განვითარების ცენტრალური მიდგომის განვითარება არ ჰქონდა ქალაქს.

წლების განმავლობაში, თბილისში კერძო ტრანსპორტი ძალიან გაიზარდა, რომელიც პირდაპირპროპორციულად არის კავშირში ჰაერის დაბინძურებასთან, ყველა განვითარებულ ქალაქში, არის მიდგომა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, არის პრიორიტეტული.

700 ყვითელი ავტობუსი იყო ჩასანაცვლებელი, რაც ძალიან დიდ ფინანსებთან იყო დაკავშირებული, ამიტომ ტრანსპორტის ჩანაცვლება უნდა მომხდარიყო და მოწესრიგებულიყო სარეაკრეაციო სკვერები.

რამდენიმე პროექტს ჩამოგითვლით, რომელიც ამ მოკლე დროში გაკეთდა – თამარაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია კუს ტბასთან ერთად, დაგეგმილია კასკადის რეაბილიტაცია, იპოდრომის ტერიტორიაზე, კეთდება ცენტრალური პარკი, რომელიც მთელი თბილისისთვის მნიშვნელოვანია და სხვა მრავალი.

რაც არ კეთდებოდა ათეული წლების განმავლობაში, 3-4 წელიწადში გაკეთდა. უბნის მაცხოვრებლებს, სანამ,  პროექტს შევთავაზებთ, წინასწარ ვუთანხმდებით. არის ისეთი მოთხოვნები, რომლებიც ტექნიკურად ვერ განხორციელდება, მაგრამ ვცდილობთ, მათთან შეთანხმებით განვახორციელოთ პროექტები.

– პირველი თქვენი გამოწვევა, როგორც გამგებლის?

მე რომ დავინიშნე, რამდენიმე დღის მომხდარი იყო 13 ივნისის სტიქია, 256 ოჯახი დაზარალდა და დახმარებას ითხოვდა. ამაყი ვარ იმით, რომ იმ საქმეებთან ერთად, რაც გამგეობას ჰქონდა, ერთი იმდენი მქონდა დამატებული, რადგან ვაკეს ყველაზე დიდი პრობლემები შეუქმნა. ეს იყო ჩემი პირველი გამოწვევა, აბსოლუტური უმრავლესობა დავაკმაყოფილეთ.

– რას ჰპირდებით ამომრჩეველს?

კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ყველაფერი, მოსახლეობასთან დამოკიდებულებით და ურთიერთობით იწყება. მე რომ მოსახლეობასთან ასეთი დამოკიდებულებები არ მქონოდა, ეზოებში ფეხს ვერ შევდგამდი.

ვპირდები საზოგადოებას, რომ ჩემთვის იყო, არის და იქნება საზოგადოებასთან პირდაპირი კომუნიკაციები. ის პროექტები, რაზეც ვისაუბრე, უმუშევრობის დაძლევა, ახალგაზრდებთან განსაკუთრებული მიმართულებით შეთავაზებები, თუნდაც განათლების სფეროში.

უნდა გვყავდეს პროფესიონალი კადრები, ყველა მიმართულებით, რათა კონკურენცია გავუწიოთ განვითარებულ ქვეყნებს. რადგან ჩემი თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება, თვითმმართველობას უკავშირდება, ძირითადად, თვითმმართველობის საკითხებში ვიქნები ჩართული.

ერთ-ერთი პრიორიტეტი დევნილების თემა იქნება, იმ მიწების დაკანონება, რომელსაც ადგილობრივი მაცხოვრებლები, წლების განმავლობაში ვერ ახერხებდნენ. ვეცდები, მეტი საშუალება მქონდეს საზოგადოებასთან ურთიერთობისთვის! წყარო ,,პრაიმთაიმი,,

გაუზიარე!

Shares