fbpx

ეკა სეფაშვილი: ახლა მოლაპარაკებების გახსნის თემას გამოიყენებენ იარაღად – შეიძლება დააანონსონ, რომ ევროკავშირთან წევრობაზე მოლაპარაკებებს არ ხსნიან, რაც საზოგადოებაში მღელვარებას შექმნის

„სტატუსთან დაკავშირებითაც, დაახლოებით, ანალოგიური სიტუაცია იყო – სინამდვილეში, მოლაპარაკებები [ევროკავშირთან] ადრე თუ გვიან მაინც დაიწყება და არ აქვს მნიშვნელობა 2024 წელს დაიწყება თუ 2025-ში. ჩვენ 2030 წელს მაინც გავხდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა“, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, ეკა სეფაშვილმა მედიასთან საუბარში განაცხადა.

სეფაშვილმა აღნიშნა, რომ 2022 წელს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის არმიცემა უსამართლობა იყო და ემსახურებოდა ქვეყანაში რევოლუციის მოწყობას.
მისი შეფასებით, იგივე მეორდება დღესაც, როდესაც საუბარია იმაზე, რომ წევრობის შესახებ ევროკავშირთან მოლაპარაკებები არ დაიწყება.

„ამის საფუძველს ჩვენი გამოცდილება გვაძლევს – სტატუსთან დაკავშირებითაც, დაახლოებით, ანალოგიური სიტუაცია იყო: შეგახსენებთ, რომ 2022 წელს ჩვენ უსამართლოდ არ მოგვცეს სტატუსი და ამან საზოგადოებაში ძალიან დიდი მღელვარება გამოიწვია, გაისმა რევოლუციური მოწოდებებიც კი – როგორც ჩანს ეს იყო მათი მიზანი. ახლა მოლაპარაკებების გახსნის თემას გამოიყენებენ მსგავს იარაღად – არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე ან არჩევნებიდან ერთ კვირაში, შეიძლება დააანონსონ, რომ ევროკავშირთან წევრობაზე მოლაპარაკებებს არ ხსნიან, რაც საზოგადოებაში მღელვარების შექმნას ისახავს მიზნად.

თუმცა, ჩვენ ამ წერილით საზოგადოებას ვაფრთხილებთ და სიფრთხილისკენ მოვუწოდებთ, რომ ეს არის მათ ხელში იარაღი. სინამდვილეში, მოლაპარაკებები [ევროკავშირთან] ადრე თუ გვიან მაინც დაიწყება და არ აქვს მნიშვნელობა 2024 წელს დაიწყება თუ 2025-ში. ჩვენ 2030 წელს მაინც გავხდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა.

ის, რომ შარშან ევროკავშირი ვაიძულეთ მოეცა ჩვენთვის კანდიდატი სტატუსი, გამომდინარეობდა იქიდან, რომ საქართველომ ყველა რეკომენდაცია შეასრულა, თანაც, ჯეროვნად. ძალიან უსამართლოდ დაგვჩაგრეს და ამის შესახებ ხმამაღლა ვსაუბრობდით“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება