fbpx

კაპიტან გიგაურის „გამოკვლევებულობა“ გოგაშვილის „მასალებზე“ დაყრდნობით

აჰა, კიდევ ერთი ახალი ამბების დასტა… თურმე კაპიტან გიგაურის ორგანიზაციას, რატომღაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“-ს რომ უწოდებენ და სინამდვილეში „გაუმჭვირვალე სიბნელეა“, ძაან „სერიოზული“ „გამოკვლევებულობა“ ჩაუტარებია უკვე დატუსაღებულ იოსებ გოგაშვილის მიერ მიწოდებული „საიდუმლო“ მასალებზე დაყრდნობით.
თვალნი და ყურნი არ გატყუებთ, სუსი-ს უფროსის ყოფილი მოადგილის, იოსებ გოგაშვილის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე კაპიტანმა ეკა გიგაურმა ჩაატარა საფუძვლიანი „გამოკვლევებულობა“ და დაადგინა, რომ საქართველოში 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა და გააყალბა „ქართულმა ოცნებამ“, ანუ ხელისუფლებამ.
როგორც ამ ორგანიზაციის მესვეურები აცხადებენ, თურმე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, რომელიც რამდენიმე დღის წინ დააკავეს, ამომრჩეველთა მობილიზების სქემაზე დოკუმენტები მათ გადასცა. აქვე აცხადებენ, რომ გოგაშვილის მიერ მათთვის მიწოდებული ინფორმაცია საჯარო წყაროებით გადაამოწმეს. რა საჯარო წყაროებით გადაამოწმეს, ვინ გამოჰკითხეს, რა მტკიცებულებები მოიპოვეს, ამას არ ამჟღავნებენ კი არა და… არ ამხელენ. პრინციპში, რაც არ აქვთ, რა უნდა გაამჟღავნონ, ან კიდევ გაამხილონ? მიუხედავად ამისა, თურმე კვლევის საფუძველზე გამოიკვეთა მმართველი პარტიის სასარგებლოდ არაკანონიერი გზებით ამომრჩევლის ხმების მობილიზების მასშტაბური სქემა, რომლითაც მაღალი ალბათობით დასტურდება სახელმწიფო უწყებების (მათ შორის სამართალდამცავი ორგანოების) საარჩევნო/პარტიული მიზნებით გამოყენება.
ხედავთ, როგორი ჩაღვლარჭნილობაა? ჯერ ერთი, ამათ ქართულად წერა-კითხვა ისედაც უჭირთ და მეორეც – ეს გაჭირვებულები საკითხს სპეციალურად აბუნდოვანებენ, რათა მოსახლეობამ იფიქროს, თითქოს რაღაც დიდ საიდუმლოებასთან გვაქვს საქმე, თითქოს რაღაც საშინელებას აეხადა ფარდა. ესე იგიო, ამბობენ „გამჭვირვალე გაჭირვებულები“, კვლევის საფუძველზე გამოიკვეთა მმართველი პარტიის სასარგებლოდ არაკანონიერი გზებით ამომრჩევლის ხმების მობილიზების მასშტაბური სქემაო… რომლითაცო, მაღალი ალბათობით დასტურდება გაყალბებაო. დიახ, მაღალი ალბათობითო და ეს სიტყვა – „ალბათობა“ მრავალჯერ არის ნახსენები ამ გამოკვლევაში.
მეტიც, სანამ იოსებ გოგაშვილს დაატუსაღებდნენ, ის პირადად მისულა გიგაურთან და გადაუცია ქღალდები, სადაც სიტყვა-სიტყვით წერია, რომე… მმართველი პარტიის წარმომადგენლები სხვადასხვა სახელმწიფო უწყების სერვისების გამოყენებით კონკრეტულ პირებს სავარაუდოდ (ა, კიდო, სავარაუდოდო) სთავაზობდნენ პირობითი მსჯავრის გაუქმებას, პენიტენციური დაწესებულებიდან ვადაზე ადრე გათავისუფლებას, შეჩერებული და ჩამორთმეული მართვის მოწმობების აღდგენას, მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებზე ბრალდების შემსუბუქებას (გადაკვალიფიცირებას), სასჯელის მოხდის პირობების გაუმჯობესებას, წვევამდელთა სამხედრო სამსახურის მოხდის ვალდებულების გადავადებას და ასე შემდეგ.
ოღონდ იცოდეთ, რა დანაშაულობანიც კაპიტან გიგაურის ორგანიზაციის მიერ იოსებ გოგაშვილზე დაყრდნობით ჩამოითვალა, ეს გახლავთ მხოლოდ ვარაუდი. დიახ, მმართველი პარტია კი არის დამნაშავე, კი ჩაიდინა გამოუსწორებელი, ანუ უპატიებელი დანაშაული, მაგრამ სიტყვა სავარაუდოდ~ მაინც საჭიროა - ვაი და, ამ მმართველმა პარტიამ სასამართლოში იჩივლა, მერე სად მიდიხარ, თავი ხომ უნდა იმართლო, რომ საკითხი „ასტე“ კი არა, „ისტე“ რომ იყო? ვარაუდი, აღქმა, მოჩვენება, წარმოსახვა, ზღაპარი, სიზმარი სხვა რამეებია, ხოლო რეალობა კიდევ ერთია. ამათ რეალობა არ აინტერესებთ, ესენი ვარაუდებით და აღქმებით მოქმედებენ, რა თქმა უნდა, როცა საქმე ხელისუფლების დანაშაულობებს ეხება, თორემ ფულები რეალურად მიაქვთ სახლებში, მანდ ვარაუდები და აღქმები ვერ ვარგობს. სხვათა შორის,გამჭვირვალე გაჭირვებულებს~ კიდევ ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია შეუერთდა („სამართლიანი არჩევნები“), სადაც სამართლიანი არჩევნების შესახებ არაფერი იციან. ამ არასამთავრობოს მტკიცებით (ოღონდ სავარაუდოდ), მმართველი პარტია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთად საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლების შესახებ პოლიტიკურ დოსიეებს ადგენდა და საკადრო პოლიტიკის გატარებისას აღნიშნულ ინფორმაციას ეყრდნობოდა. ამის მაგალითად კვლევაში მოყვანიალია საჯარო სკოლების დირექტორების შემთხვევა, რომელსაც პოლიტიკური ნიშნით შესაძლო დისკრიმინაციად მიიჩნევენ.
თურმე, მმართველი პარტია, მაღალი ალბათობით, არასაჯარო წყაროებიდანაც აგროვებდა ინფორმაციას ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერების შესახებ, მათ შორის ინტერესდებოდა იმით, თუ რა სახის ზემოქმედება შეიძლება მოეხდინა მათზე სხვადასხვა სახელმწიფო რესურსის გამოყენებით.
არ დაიჯერებთ, სოსო გოგაშვილისგან მიღებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით „საერთაშოროსო გამჭვირვალობა – საქართველო” და „სამართლიანი არჩევნები” იუწყებიან, რომ მმართველ პარტიასთან ერთად ამ სისტემის შემსრულებლები, სავარაუდოდ (ჰა, ჰა, ჰა… ისევ სავარაუდოდ) მაშინდელი იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი პატარიძე და შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი ალექსანდრე ხოჯევანიშვილი იყვნენ.
ეს ხოჯევანიშვილები და კიდევ ვიღაცები ახლა გიორგი გახარიას პარტიაში „მოღვაწეობენ“. თვითონ გოგაშვილს კიდევ ალბათ ჰგონია, მაგარი საქმე გავაკეთე, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი ვამხილე, სამშობლოს გათავისუფლებაში ერთი მაგარი აგური დავდეო. სხვათა შორის, მისი დატუსაღებიდან რამდენიმე საათში ადვოკატმა რამაზ ჩინჩალაძემ თქვა, დოკუმენტები, რომელიც არჩევნების გაყალბებაზე უნდა გაესაჯაროებინა, სანდო ხელში იყო. გაიგონეთ? სანდო, ანუ კაპიტან გიგაურის ხელში.
სავარაუდოდ, სავარაუდოდ, სავარაუდოდ… მხოლოდ აღქმა, მხოლოდ ჭორი, მხოლოდ შეთითხნილი ზღაპრები, არც ერთი ფაქტი, არც ერთი მტკიცებულება. მეტიც, ეს არის გოგაშვილის მიერ მიცემული ჩვენება საკუთარი თავის წინააღმდეგ, აქედან იკვეთება ის, თუ როგორი არ უნდა იყოს სახელმწიფო მოხელე, როგორი არ უნდა იყოს ადამიანი. დავუშვათ, ხოჯევანიშვილები იქცეოდნენ ცუდად, ხელისუფლება გადადიოდა დაუკრეფავში, თვითონ რას აკეთებდა, თვითონ ხომ მაშინ პარტიაში იჯდა შაჰინ-შაჰივით ფეხებმორთხმული? რას აკეთებდა, ყვერებს იფხანდა და კომპრომატებს აგროვებდა? არც ეგ საქმე სცოდნია ხეირიანად – სავარაუდოდ ესაო და სავარაუდოდ ისაო, ეს რა კომპრომატებია? ირაკლი კობახიძემ თქვა და დავეთანხმები – ასეთ `დოკუმენტებს~ დღეში ცხრაჯერ ამოვბეჭდავ და გავავრცელებ, ამას რა დიდი ამბავი უნდა?
იოსებმა რამდენიმე დღის წინ მცირე წერილი გამოაქვეყნა, მე სამი გზა მქონდა – ან უნდა ჩავყოლოდი, ან წამოვსულიყავი, ან კიდევ დავრჩენილიყავი და სამშობლო მეხსნაო. მე მესამე გზა ავირჩიე, დავრჩი სამშობლოს გადასარჩენადო. როდესაც უკანონო დავალებები გახშირდა, მაშინ მივხვდი, რა სისტემაში აღმოვჩნდიო. მაშ, კაცო, არ უნდოდა და აღმოჩნდა. ჰო, კიდევ ისაო… ბიძინა ივანიშვილი მოითხოვდა, შემესრულებინა ყველანაირი დავალება და ამას თეთრი ხელთათმანებით ვერ გავაკეთებდი, დავრჩი ყველა მტკიცებულების მოსაგროვებლად, რათა სისტემა მემხილებინა და ახლა ამიტომ ვზივარ აქ, ვინც მე მაკრიტიკებთ, თუ სად ვიყავი აქამდე, გაიარეთ იმ გზის ნახევარი იმ გარემოცვაში, რაც მე მოვახერხე და ისე დამამუნათეთ. ახლა დროის კარგვის ნაცვლად, ჯობია, ეს ბინძური სისტემა დავამთავროთ და ჩემს დასჯას ყოველთვის მოახერხებთ, არ ვაპირებ ამ ქვეყნიდან არსად წასვლასო.
ისე, რაც მართალია, მართალია, ძაან მძიმე პერიოდი გაიარა იოსებ გოგაშვილმა – 8 სახლისა და ათასობით ჰექტარი მიწის ყიდვა იოლი გგონიათ? თქვენ არ იცით, რა სირთულეებთან არის ეს ყველაფერი დაკავშირებული. ეხლაო, დროის კარგვის ნაცვლად სჯობს, ეს ბინძური სისტემა დავამთავროთო… წარმოგიდგენიათ? იოსები ამბობს, ბინძური სისტემა დავამთავროთო. ესე იგი, ამან სისტემა უნდა დაამთავროს და დანარჩენი მერე ვილაპარაკოთ, როცა ხელახლა აღორძინდება. არა, ამის აღორძინება არ მოხდება, ეგ მხოლოდ აღქმების სამყაროდანაა, მაგრამ სურვილი ხომ აქვს? ეხლა ამას ჰგონია კი არა, დარწმუნებულია, რომ ბიძინა ივანიშვილის დავალებით დაატუსაღეს. ამ დროს მე ვარ დარწმუნებული, რომ ბიძინა ივანიშვილს საერთოდ არ აინტერესებს იოსებ გოგაშვილი და მისთვის არც არაფერი დაუვალებია. თუ დავალებებზეა საუბარი, მაშინ ვახტანგ გომელაურს ეტყოდა, ეს ვისი ტიკი და ტომარა იყო? რასაც მავალებდა, თეთრი ხელთათმანებით ვერ გავაკეთებდიო… ხედავთ? ივანიშვილს მიადგა, ცდილობს, ამით წონა და ავტორიტეტი მოიმატოს, მაგრამ ჩემი ფეხები, იმ კატისა არ იყოს, ძეხვს რომ ვერ შესწვდა, ასეა ამისი საქმეც. მე გეტყვით, როგორ დასრულდება იოსების ე.წ. სკანდალი – რამდენიმე თვეში ეს ადამიანი ყველას გადაავიწყდება და სრულიად ჩვეულებრივ პატიმრად იქცევა. შეიძლება მაშინ გაიხსენოს ვინმემ, როცა სატუსაღოდან გამოვა და ვანო მერაბიშვილივით განაცხადებს, ამ შემოდგომაზე ხელისუფლებას გადავაყენებო. ქვეყანა ცალყბად გაიცინებს და ამას, ამ „მომხვეჭელაშვილს“ ისევ დაივიწყებენ.

“საერთო გაზეთი”

გელა ზედელაშვილი

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება