fbpx

გიორგი გახარიამ მოსალოდნელია სოსო გოგაშვილის ბედი გაიზიაროს

გვესაუბრება
სამოქალაქო აქტივისტი
ირაკლი ჯანყარაშვილი

_ ირაკლი, სანამ საუბარს დავიწყებდით, თქვენ მითხარით, რომ საინტერესო ინფორმაციას ფლობდით, რას გულისხმობდით?
_ თავიდანვე გეტყვით, რომ წყაროს დასახელებისგან თავს შევიკავებ, წყაროს გათქმა არაა მიზანშეწონილი.
თუ დააკვირდებით, სუსის ყოფილი მაღლაჩინოსნის სოსო გოგაშვილის დაკავების შემდეგ ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია საეჭვოდ გააქტიურდა, აქტიურობა დაიწყო მისი პარტიის ერთ-ერთმა „კლანმა“ ხოჯევანიშვლები, ნათია მეზვრიშვილები და სხვები. ვხედავთ მათ პერიოდულ „გამონათებებს“ ტვ „პირველში“, „ფორმულაში“, „მთავარ არხზე“. საზოგადოებამ კარგად იცის, გახარია ხშირად არ ჩანს ტელევიზიების ეთერებში, გაიძვერაა, ურჩევნია პროცესებს შორიდან დააკვირდეს და ისე იმოქმედოს. ასე იყო მისი პოლიტიკაში დაბრუნების პერიოდშიც. მაგრამ რამ განაპირობა ახლა გახარიას პარტიის წევრების გააქტიურება ე.წ. ნაცტელევიზიებში, იმ არხებზე, საიდანაც მას „თვალთხარიას“ ეძახდნენ, სადაც 20 ივნისის ამბებს აბრალდებდნენ და ამბობდნენ, რაც მოხდა ყველაფერი გახარიამ პუტინის დავალებით მოაწყოო. ახლა კი მონდომებით აპიარებენ, სტუდიებში სვამენ და ყურადღებით ესაუბრებიან.
ყველას გვახსოვს, აწ უკვე გადამდგარი შს მინისტრის მოადგილე კახა საბანაძე, რომელიც თავის დროზე ყველაზე მეტად იყო დაახლოებული ყოფილ პრემიერ-მინისტრთან. როგორც შევიტყვე, სოსო გოგაშვილი სხვა პოლიტიკურად პასუხისმგებელ პირებთან ერთად დიდძალ, ძალიან მნიშვნელოვან ინფორმაციებს ფლობს კახა საბანაძეზეც, რომელსაც ის, სავარაუდოდ, იწერდა სამთავრობო შეხვედრებზე და სხვა ოფიციალური საუბრების დროს. როგორც ვიცი, მას ჩანაწერები აქვს ირაკლი კობახიძეზე, თურნავაზე, ტიკარაძეზე და სხვებზე. ამ ინფრომაციების გამოჟონვამ შეიძლება პოლიტიკური პროცესები რადიკალურად შეცვალოს.
ჩემი წყაროს ინფორმაციით, საუბარია, როგორც „ქართული ოცნების“ შიგნით არსებულ მდგომარეობაზე, ასევე პირად გარჩევებზე, კობახიძე-ღარიბაშვილი-კალაძის კონფიდენციალურ საუბრებზე. ეს ინფორმაციები გამოუტანა საბანაძემ გახარიას და დღეს ინფორმაციები გახარიას ხელშია. გახარიამ მშვენივრად უწყის, რომ მის შესახებ ინფორმაციების ფაილები ინახება „სადაც ჯერ არს“, ანუ ხელისუფლებაში და სუს-ში, ყველაფერი იციან მისი კორუფციული საქმიანობის შესახებ, როგორც აწვდიდა ინფორმაციებს მისთვის „საჭირო“ ჟურნალისტებს „მთავარი“ არხისთვის, ასევე ელისო კილაძეს, ეს უკანასკნელი, როგორც მე მაქვს ინფორმაცია, არერთხელ დასაჩუქრებულა გიორგი გახარიასგან. ყველას გვახსოვს, კილაძე როგორ იყო გააქტიურებული ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ მისი მეორედ პრემიერად დანიშვნის პერიოდში და ეს პირდაპირ გახარიას დავალება იყო.
გიორგი გახარიას დღეს აქვს შიში, რომ, როგორც გოგაშვილს, მასაც „მიაკითხავენ“ ერთ მშვენიერ დღეს, მასაც „აღმოუჩენენ“ უკანონოდ და კორუფციული გზით შეძენილ დიდძალ ქონებას, მაგალითად, არჩევნების წინ შეძენილ ბინას პარიზში. ძალიან საინტერესოა, არც ის ე.წ. ჟურნალისტები და არც სათანადო ორგანოები, რატომ არ ინტერესდებიან, საიდან დააგროვა ამდენი ქონება და ფული გიორგი გახარიამ, რომ, მაგალითად, პარიზში ბინა ეყიდა, ის ბიზნესმენი არ ყოფილა და არავითარ კომერციულ საქმიანობაში არ ყოფილა ოფიციალურად ჩართული. ის ფლობს სხვადასხვა კომპანიებში წილებს, რომლებიც გადაფორმებული აქვს ნათესავებსა და ახლობლებზე, მოკლედ, ქონების ის რაოდენობა ქვს დაგროვილი, რომ ჩვენნაირ სახელმწიფოში, სადაც მძიმე სოციალურ პირობებში ცხოვრობს მოსახლეობის უმრავლესობა, თუ დანაშულებრივი გზით, ბიუჯეტის ხარჯზე არ გაქვს ქონება მოპოვებული, სხვანაირად ვერ გამდიდრდები. ეს მშვენივრად იცის გიორგი გახარიამაც და ახლა ნელ-ნელა ცდილობს პოლიტიკურად გააქტიურდეს, რომ მისი დაკავების შემთხვევაში ყველაფერს პოლიტიკური სარჩული მოუძებნოს. თითქოს მას, ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, რომელიც, მისი აზრით, რეიტინგულია საზოგადოებაში, ხელისუფლება აკავებს იმიტომ, რომ შეუშალონ პოლიტიკური აქტივობის განხორციელება. გახარია აქებს ამერიკის ელჩის და სხვა გავლენიანი უცხოელი პოლიტიკოსების მოღვაწეობას საქართველოში, უგდებს მათ ახალ „პადაჩას“, რითაც თითქოს უდასტურებს, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ოლიგარქი, რომელსაც ისევე ვებრძვი მეც, როგორც თქვენს მიერ მართული მედია და ნჯო სექტორიო. ის კი ავიწყდება, რომ ბიძინა ივანიშვილი იყო ის „ოლიგარქი“, რომელმაც გააპრემიერა გახარია.
ჩემი ინფორმაციით, გახარიას შეხვედრები ჰქონდა წინა ხელისუფლების თავდაცვის მინისტრ დავით კეზერაშვილთან, რომელსაც შეჰპირდა მის ხელთ არსებული ყველა ჩანაწერის გადაცემა, რომელიც უნდა დაუნაწილონ ე.წ. ოპოზიციურ მედიებს, რაც ნიშნავს, რომ დაიწყება ფარული ჩანაწერების გამოქვეყნების ახლი ეტაპი.
ჩანაწერების გადაცემის სანაცვლოდ, გახარიამ კეზერაშვილს მოსთხოვა 2024 წლის საარჩევნო კამპანიის დაფინანსება, მანამდე კი ტელეკომპანია „ფორმულაში“ უწყვეტი ეთერები და წინასაარჩევნოდ მისი პიარკამპანიის განხორციელება. სექტემბრიდან ყველა დავინახავთ, რომ ტელეკომპანია „ფორმულა“ მთლიანად გადაეწყობა.
ეს ის „ფორმულაა“, რომლის მთავარი პროდიუსერი და თანადამფუძნებელი გახლავთ მიხეილ მშვილდაძე, რომელიც 20 ივნისის აქციების მთავარი ორგანიზატორი იყო და გიორგი გახარიას „თვალთხარიას“ ეძახდა, ამბობდა, პუტინმა დაურეკა და დაავალა: დააარბიე აქციაო და ა.შ. სექტემბრიდან მიშა მშვილდაძე და მისი გარემოცვა დაიწყებენ გახარიას არნახულ პიარს.
_ ირაკლი, ამ ინფორმაციას ზეპირად ფლობთ თუ გაქვთ მოსმენილი რომელიმე ჩანაწერი მაინც?
_ ყველა ინფორმაციას ვფლობ ჩემი ინფორმატორისგან.
_ რომელიმე ჩანაწერის შინაარსი მოგვიყევით?
_ კიდევ ვიმეორებ: ჩანაწერებში განხილულია შიდა საუბრები, „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნების კონფიდენციალური დიალოგები, ჩანაწერებში, ძირითადად, ფიგურირებს შიდა ინტრიგები. მე როგორც ვიცი, ჩანაწერები უკვე კონკრეტული ადრესატების ხელშია. კიდევ ვიტყვი, მე ვერ დავასახელებ წყაროს, რადგან წყარო რომ გავამჟღავნო, მასზე პირდაპირი ნადირობა დაიწყება და საფრთხეში ჩავაყენებ.
მე საზოგადოება მიცნობს ჩემი საზოგადოებრივი აქტიურობით, თუმცა რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან, განსაკუთრებით „ნაცმოძრაობასთან“ ჩემი ასოცირება წარმოუდგენელია, მე ღიად ვპოზიციონირებ სააკაშვილის და ბოკერიას წინააღმდეგ, ამიტომ მე მომაწოდა ინფორმაცია, რომ ეს თემა ვინმეს სპეკულაციის საგანი არ გამხდარიყო. როგორც მე, ისე ჩემს წყაროსაც, გვაქვს ერთადერთი მიზანი, ის უკანონო ჩანაწერები გასაჯაროვდეს და ბოლო მოეღოს ასეთი ტიპის ანგარიშსწორებებს პოლიტიკოსებს შორის. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ კეზერაშვილსა და გახარიას აქვთ ახლო კონტაქტები და კეზერაშვილი აპირებს 2024 წლის არჩევნებისთვის ფინანსებითა და მედიით მხარი დაუჭიროს ყოფილ პრემიერ-მინისტრს.
კეზერაშვილს უზარმაზარი ფულადი რესურსი აქვს ჩადებული „ფორმულაში“, თუმცა ამ ტელეკომპანიამ თავისი მოღვაწეობის განმავლობაში ვისზეც დადო ფსონი _ „ნაცმოძრაობაზე“, „ევროპულ საქართველოზე“, „დროაზე“ თუ „სირცხვილიაზე“, შედეგი ვერ მიიღეს, გახარია კი არწმუნებს კეზერაშვილს, რომ მას იმ ზემოთჩამოთვლილთაგან ყველაზე დიდი რეიტინგი მაქვს და ღირს მასზე გარისკვა. ყველაფერ ამაში დარწმუნდებით სექტემბრის თვიდან, როცა გიორგი გახარია ყოველ დღე „ფორმულაში“ იქნება წამოჭიმული.
_ თქვენი ინფორმაციით, გიორგი გახარიას მანამდეც ჰქონდა გარკვეული კავშირები კეზერაშვილთან და სხვებთან თუ გადადგომის შემდეგ დაიწყო ამ გზების მოძიება?
_ არჩევნებამდე რომ გამოქვეყნდა ბიძინა ივანიშვილის წერილი, იქ ბატონი ბიძინა შავით თეთრზე წერდა, რომ არავითარი კავშირი არ ჰქონდა გიორგი გახარიასთან და გახარია გახლდათ ჩვეულებრივი მოღალატე. ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ცხადია, ეს ყოველივე პირად შეურაცხყოფად მიიღო მას შემდეგ, რაც ის, პრემიერობისას, საუკეთესო კრიზისმენეჯერად ჰყავდათ გამოცხადებული.
გიორგი გახარიამ ივანიშვილის სიტყვები მიიღო პირდაპირ თავდასხმად და დაიწყო ბრძოლა მის წინააღმდეგ, რაშიც სჭირდებოდა მძლავრი ფინანსური მხარდაჭერა. ამ მხარდაჭერის მიღება შესაძლებელი იყო ორი გზით _ ბიზნესმენების მხრიდან, ანდა სააკაშვილ-კეზერაშვილ-ბოკერიასგან. ამ სამში ყველაზე დიდი შესაძლებელობები დავით კეზერაშვილს გააჩნია, რომელსაც აქვს ამბიცია, არა მხოლოდ საქართველოში ლეგალურად ჩამოსვლის და მის წინააღმდეგ წამოწყებული სს საქმეების გაბათილების, არამედ კვლავ ხელისუფლების მაღალჩინოსნად დაბრუნების. კეზერაშვილი ამ მიზნით აფინანსებდა „დროას“, „სირცხვილიას“, სხვადასხვა ორგანიზაციებს, აფინანსებდა გიგა ბოკერიას პოლიტიკურ აქტივობებს, ამასობაში გამოჩნდა გახარია, რომელიც ეძებდა მოკავშირეს, კეზერაშვილიც ეძებდა მსგავსს ქართულ პოლიტიკურ სირვცეში,ორივეს ინტერესები დაემთხვა და შედგა კავშირიც.
კეზერაშვილს სასტიკი დაპირისპირება აქვს სააკაშვილთან. როგორც ვიცი, მან „ფორმულას“ პირდაპირ აუკრძალა სააკაშვილის ხსნებაც კი თავის ტელევიზიაში. პირაპირ თქვა კიდევაც მშვილდაძემ საყვედური სააკაშვილზე და გვახსოვს, ვინმე ფარნაოზ ჭკადუა რომ დაეტაკა, როგორ ბედავ მიშაზე უარყოფით კონტექსტში საუბარს და კრიტიკასო. ასე რომ, სააკაშვილსა და კეზერაშვილს შორის ყველაფერი დასრულებულია. მეტიც, კულისებში პირდაპირი ბრძოლაა გამოცხადებული მათ შორის და ეს ბრძოლა მალე ჩვენს თვალწინაც გაიშლება.
საზოგადობამ უნდა იცოდეს, რომ გახარიას ხელში არის უამრავი ფარული ჩანაწერი, რომლითაც შეეცდება, საზოგადოება კიდევ ერთხელ არიოს და ასე ვთქვათ, შოკში ჩააგდოს.
_ არ მგონია, ეს იკადროს გიორგი გახარიამ.
_ (ირონიული ღიმილი.) ბოდიში, ბოდიში…
ვინც მიცნობს, ყველამ იცის, რომ მე სულ ვამბობდი, მაშინაც კი, როცა გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრი იყო, რომ ის ორმაგ თამაშს თამაშობდა და არ იყო სანდო კაცი. გახარიას აქვს კორუფციული გარიგებები ბიზნესმენებთან, დეველოპერებთან, „ნამახვანის“ თემაც გაითვალისწინეთ. სახელწმიფო უსაფრთხოების სამსახურსაც და აღმასრულებელ ხელისუფლებასაც უამრავი კომპრომატი აქვს გახარიას წინააღმდეგ. სახეზეა კომპრომატების ომის წინაპერიოდი.
გახარიას ეშინია, მან არ იცის, როდის მიუკაკუნებენ კარზე და იმიტომ ჩქარობს პოლიტიკური აქტივობების დაწყებას, რომ მის მოსალოდნელ დაკავებას პოლიტიკური სარჩული მისცეს.
გოგაშვილი რომ დაიჭრეს, გიორგი გახარიამ თავისი „ტვიტერის“ გვერდზე იმავე დღეს დაწერა, რომ ივანიშვილი არის ოლიგარქი. ის ივანიშვილს შეეხო იმ რიტორიკით, რომელითაც დასავლეთი უტევს. ამით მან მიანიშნა დასავლეთს, რომ ის იყო „მათ მხარეს“.
გოგაშვილის დაკავების შემდეგ გახარიას „ტანმა უგრძნო“, რომ მასაც იგივე ბედი ელის, რადგან თვითონაც არ გახლავთ უცოდველი კრავი, როგორადაც თავს წარმოაჩენს, დიდძალი თანხები აქვს უმიზნოდ გაფლანგული პრემიერობის დროს, ისიც ეყოფა კომპრომატად გამყრელიძეს და მის შვილს პანდემიის დროს უზარმაზარი ფული რომ აშოვნინა, „ნამახვანი“, სხვა „ატკატები“ და ა.შ.
როგორც ვხედავთ, ექს-პრემიერმა გადაწყვიტა, ყველაფერს თავისი სახელი დაარქვას და გახარიას დროც მოვა.
პირადად მე, არავის დაპატიმრება არ მიხარია, მაგრამ გახარიამ აკრძალული ილეთებით დაიწყო თამაში და ეს არ დაუმთავრდება კარგად.

“საერთო გაზეთი”

ირანდა კალანდაძე

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება