იუსტიციის სამინისტროს დელეგაციამ ნიდერლანდებში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრები გამართა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია ნიდერლანდების ქალაქ მაასტრიხტში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, სადაც ევროპის საჯარო სექტორის დაჯილდოების (EPSA) 2025-2026 წლების ღონისძიებაში მონაწილეობს.

ვიზიტის ფარგლებში, იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშია, იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანია და მისი მოადგილე დავით ვარდოსანიძე საჯარო ადმინისტრირების ევროპული ინსტიტუტის (EIPA) გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, დოქტორ კლაუდიო მატერას შეხვდნენ. მხარეებმა საჯარო ადმინისტრირების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების, გამოცდილების გაზიარებისა და სამომავლო ერთობლივი პროგრამების განხორციელების შესაძლებლობები განიხილეს. კლაუდიო მატერა გაეცნო საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და იუსტიციის სახლის მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს. საუბარი შეეხო იუსტიციის სახლის თანამშრომლებისთვის ევროპულ ქვეყნებში სასწავლო ვიზიტების, პროფესიული გაცვლითი პროგრამებისა და მათ საჭიროებებზე მორგებული ტრენინგების ორგანიზებას. მხარეებმა, ასევე, განიხილეს EIPA-ს ექსპერტების საქართველოში ვიზიტის შესაძლებლობა, რათა ისინი ადგილზე გაეცნონ იუსტიციის სახლის საქმიანობასა და ინოვაციურ სერვისებს.

შეხვედრა შედგა უნგრეთის ციფრული სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორის მრჩეველ პიტერ ვიდოსთანაც, სადაც მხარეებმა ინოვაციური მიდგომების დანერგვაზე ისაუბრეს. პიტერ ვიდოსი გაეცნო იუსტიციის სამინისტროსა და იუსტიციის სახლის პროექტებს, მათ შორის, იუსტიციის სახლში ხელოვნური ინტელექტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობებს. მხარეები ურთიერთთანამშრომლობასა და გრძელვადიანი პარტნიორობის განვითარებაზე შეთანხმდნენ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება