fbpx

ის, რომ საქართველო უარს ამბობს მეორე ფრონტის გახსნაზე, როგორც ვთქვით, ბიძინა ივანიშვილს ბრალდება.
აი, რატომ არის შეტანილი ევროპარლამენტის რეკომენდაციებში პუნქტი, რომელსაც დეოლიგარქიზაცია ჰქვია

საკუთარი არჩევანის მძევლები

ვახტანგ ხარჩილავა

ხომ არ შეგვეშალა? ხომ არ შევცდით არჩევანში?
ოღონდ ახლა კი არა, 30 წლის წინათ, როცა ჯერ ეროვნული მოძრაობის, შემდეგ კი დამოუკიდებლობის მიღებისთანავე ახალი, თავისუფალი, აწ უკვე სუვერენული საქართველოს მთავარ პრიორიტეტად დასავლეთი და ნატო გამოვაცხადეთ, როგორც ერთადერთი და შეუცვლელი ორიენტირი.
ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს დამოუკიდებლობა ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნის წინსვლისა და განვითარებისთვის კი არ გვჭირდებოდა, არამედ იმისთვის, რომ ეს ძვირფასი მონაპოვარი, მოპოვებისთანავე სხვისთვის გაგვენაწილებინა, რომელიც სანაცვლოდ თავისი ქოლგის ქვეს შეგვიფარებდა, დაგვიცავდა, გვიპატრონებდა, ჩვენს უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა.
სამწუხაროდ, არ გამართლდა ჩვენი მოლოდინი _ დასავლეთის და ნატოს მიერ სულაც არ იქნა სიხარულით მიღებული ეს ჩვენი შეთავაზება.
საქართველო მარტო დარჩა მტრად გამოცხადებული რუსეთის პირისპირ.
მძიმე და საბედისწერო აღმოჩნდა რუსეთის პასუხი, რომელმაც ათიათასობით მშვიდობიანი ქართველის სიცოცხლე შეიწირა.
მარტოდმარტო იბრძოლა საქართველომ, იბრძოლა თავგანწირვით, გმირულად, მაგრამ იმდენად შეუსაბამო იყო ძალთა თანაფარდობა, იმდენად ძლიერი იყო მტერი, რომ ამ ომში საქართველოს გამარჯვების არანაირი შანსი არ ჰქონდა.
არც ნატოდან, არც დასავლეთიდან არავინ გამოგვსარჩლებია, არავინ დაგვხმარებია, არავის გამოუთქვამს თუნდაც სიტყვიერი აღშფოთება იმის გამო, როგორ ანგრევდნენ და ანადგურებდნენ ახალდამოუკიდებლობამიღებულ ქვეყანას.
მათ, ვისი იმედიც გვქონდა და დარწმუნებული ვიყავით, რომ კრიზისულ მომენტში საქართველოს გვერდით დადგებოდნენ და ფარად აგვეფარებოდნენ, საერთოდ არ გამოუხედავთ ჩვენსკენ.
ისე გამოგვყარეს აფხაზეთიდან, ისე დაამხეს კანონიერი გზით არჩეული ხელისუფლება, ისე მოკლეს სადღაც ტყეში დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტი, არც ნატოს და არც დასავლეთის სახელმწიფოებს არანაირი რეაქცია არ ჰქონიათ.
მაშინ გაჩნდა პირველი სკეპტიკური კითხვები: რაღაც ხომ არ შეგვეშალა, რაღაც მძიმე შეცდომა ხომ არ დავუშვით არჩევანში?
კითხვები კი გაჩნდა, მაგრამ უკვე ძალიან გვიანი იყო ამ შეცდომის გამოსასწორებლად.
ისე დაჟინებით მივისწრაფოდით ნატოსკენ და ევროკავშირისკენ, ისეთი სიჩქარე გვქონდა აკრეფილი, უკან ვეღარ გამოვბრუნდებოდით და ვერც განზე გადავუხვევდით.
თითქოს ჩვენი არჩევანის ტყვედ და მძევლად ვიქეცით, არჩევანი, რომელიც თავის დროზე საკუთარი ნებაყოფლობით გავაკეთეთ და რომელზეც ასევე სრული უფლება გვქონდა, უარი გვეთქვა, სავალდებულო ნორმად ვაქციეთ, რომელიც აუცილებლად უნდა შეგვესრულებინა.
რა არ მოვიმოქმედეთ, რა არ გავაკეთეთ, რომ ნატოს წევრი გავმხდარიყავით და ამით დაგვეცვა აბსოლუტურად დაუცველი საქართველოს უსაფრთხოება.
ნატოს ეგიდით ჩატარებულ ყველა მისიაში მივიღეთ მონაწილეობა, ნატოს სამშვიდობო ძალებში ყველაზე მრავალრიცხოვანი ქართული კონტინგენტი იყო, მაგრამ ნაირ-ნაირი დაპირებების იქით საქმე არ წასულა.
ბოლოს გვითხრეს, მაპი უნდა მოგცეთო, მაგრამ აქაც მოგვატყუეს, თუმცა დაგვაიმედეს: მართალია, მაპი ვერ მოგეცით, მაგრამ მაპზე უკეთესს გაძლევთო.
რა იყო ეს მაპზე უკეთესი, დღემდე საიდუმლოდ რჩება.
მთელ ამ ცრუ დაპირებების კასკადს რეფრენად გასდევდა ნატოხ ხელმძღვანელობის ხაზგასმით ნათქვამი განცხადება: ნატოს კარები ღიაა საქართველოსთვისო.
რა მნიშვნელობა ჰქონდა, ღია იყო თუ არა ეს კარები, როცა შიგ არ გვიშვებდნენ.
ასე გრძელდება დღემდე ეს ტრაგიკომიკური ისტორია _ ჩვენ ახლაც ნატოს ღია კარების წინ ვდგავართ, რომელიც ღია კი არა, ისეა დაგმანული, შიგ ჩიტიც ვერ შეფრინდება.
ამაოდ ვამტკიცებთ, რომ ჩვენ ევროპელები ვართ, რომ ევროპის დიდი ოჯახის ნაწილი ვართ და ჩვენს ოჯახში გვინდა დაბრუნება, თუმცა ევროკავშირს ეს დამაჯერებელ არგუმენტად არ მიაჩნია და ათასნაირი დავალების შესრულებას გვთხოვს, რომელთაგან ბევრი პირნათლად შევასრულეთ, თუმცა არც ეს აღმოჩნდა საკმარისი.
ბოლოს ეს ყველაფერი იმით დაგვირგვინდა, რომ ევროპარლამენტმა აშკარად უსამართლო, აშკარად დისკრიმინაციული გადაწყვეტილება მიიღო და საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაზეც კი უარი უთხრა, სამაგიეროდ, იქვე გვანუგეშეს, რომ კანდიდატობას არა, მაგრამ უკეთესს, ევროპულ პერსპექტივას, გვაძლევდნენ, ხოლო კანდიდატობა თუ გვინდა, ის 12 პუნქტი უნდა შევასრულოთ, რომელიც ევროპარლამენტმა დაგვიდო წინ და გაგვაფრთხილა: ამ 12 პუნქტიდან წლის ბოლომდე უკლებლივ ყველა უნდა შესრულდესო.
მაინც, რა მოხდა ისეთი, რომ საქართველოს, რომელიც ევროკავშირში მიღებისთვის აუცილებელ თითქმის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებდა და წინ უსწრებდა უკრაინას და მოლდოვას, მოულოდნელად უარი უთხრეს და ხელში 12-პუნქტიანი ულტიმატუმი შეაჩეჩეს.
უარის საფუძვლად ბევრი სხვადასხვა მიზეზი დასახელდა, მაგრამ არავის უხსენებია მთავარი მიზეზი, რის გამოც ეს ყველაფერი მოხდა.
საქართველოს ხელისუფლებამ გაუგონარი „მკრეხელობა“ ჩაიდინა _ კატეგორიული უარი თქვა, საქართველო ჩართულიყო ომში და აქ მეორე ფრონტი გაეხსნა.
თუმცა ეს გადაწყვეტილება არ იყო მხოლოდ ხელისუფლების გადაწყვეტილება _ ის ქართველი ხალხის კატეგორიულ მოთხოვნას ეფუძნებოდა, რომ ქვეყანას ნებისმიერ ფასად შეენარჩუნებინა მშვიდობა.
ქართველი ხალხი არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს, საქართველოს ტერიტორიაზე ომის ქარბორბალა დატრიალდეს, რადგან ეს ქარბორბალა მთლიანად დაანგრევს ქართულ სახელმწიფოს.
ქართველ ხალხს არ სურს, იყოს საზარბაზნე ხორცი, არ სურს, იყოს უაზრო და უმიზნო მსხვერპლი.
ასე რომ, თუ ვინმეს რაიმე პრეტენზია აქვს, ხელისუფლების კი არა, ქართველი ხალხის მიმართ უნდა ჰქონდეს.
როგორც მოსალოდნელი იყო, რადიკალურმა ოპოზიციამ და სხვა დესტრუქციულმა ძალებმა ამ ისტორიაში მთავარ დამნაშავედ ბიძინა ივანიშვილი დაასახელეს.
არადა, როგორც ვთქვით, ქართველ ხალხს არ სურს ომი, თორემ მას რომ ეს ომი უნდოდეს, ვერც ბიძინა ივანიშვილი შეაკავებდა, ვერც ირაკლი ღარიბაშვილი, ვერც პარლამენტი, ვერც „ქართული ოცნების“ გუნდი.


ბევრისთვის მოულოდნელი იყო 12 პუნქტის შესრულება 2023 წლამდე რომ გადასწიეს.
რას ნიშნავს ეს? ნუთუ ევროპარლამენტი ისეთი ჰუმანური და ლმობიერი გახდა, რომ გადაწყვიტა, „ქართული ოცნებისთვის“ მეტი დრო მიეცა, რომ ამ 12 პუნქტზე მშვიდად ემუშავა?
სინამდვილეში, ეს არ არის „ქართული ოცნებისთვის“ მიცემული შანსი, ეს არის ოპოზიციისთვის ბოძებული შესაძლებლობა, უფრო საფუძვლიანად მოემზადოს იმ გრანდიოზული აქციებისთვის, რომელიც შემოდგომისთვის იგეგმება და რომლის მიზანია ხელისუფლების შეცვლა ნებისმიერი გზით.
როგორც ჩანს, დღის წესრიგიდან არ მოხსნილა საქართველოს ომში ჩართვის გეგმა, თუმცა ეს გეგმა რომ განხორციელდეს, ამისთვის საჭიროა „ქართული ოცნების“ შეცვლა სხვა პოლიტიკური ძალით, თუნდაც „ნაცმოძრაობით“, რომელიც უსიტყვოდ შეასრულებს ყველა მოთხოვნას და ხელისუფლებაში მოსვლისთანავე მეორე ფრონტს გახსნის რუსეთის წინააღმდეგ.
საქართველოს, ცხადია, გარკვეული ვალდებულებები აქვს თავისი საერთაშორისო პარტნიორების წინაშე და ის ამ ვალდებულებებს არასოდეს გაქცევია, მაგრამ რატომ გვავალდებულებენ ისინი, გინდა თუ არა, ჩავერთოთ იმ ომში, რომელიც, აქედანვე ნათელია, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ეროვნული კატასტროფით დამთავრდება.
ფაქტობრივად, ისინი თვითლიკვიდაციისკენ, თვითგანადგურებისკენ მოგვიწოდებენ.
კი, მაგრამ, როდის ავიღეთ ჩვენ ვალდებულება, ხარაკირი გავიკეთოთ, თვითმკვლელობით დავასრულოთ არსებობა, პარტნიორების ინტერესების საჭიროებისთვის?
ამისთვის მოვისწრაფვოდით თქვენსკენ, ამისთვის ვცდილობდით, თქვენს კალთას შევფარებოდით, ძვირფასო მეგობრებო?
რა ჰქვია ამას, როცა პატარ ქვეყანას აიძულებენ, გააკეთოს ის, რისი გაკეთებაც მას არ უნდა, რადგან ეს ყოფნა-არყოფნასთან არის დაკავშირებული.


ის, რომ საქართველო უარს ამბობს მეორე ფრონტის გახსნაზე, როგორც ვთქვით, ბიძინა ივანიშვილს ბრალდება.
აი, რატომ არის შეტანილი ევროპარლამენტის რეკომენდაციებში პუნქტი, რომელსაც დეოლიგარქიზაცია ჰქვია.
_ ვერ გაიგეთ, რას ნიშნავს დეოლიგარქიზაცია? დეოლიგარქიზაცია ნიშნავს დებიძინიზაციას, დეივანიშვილიზაციას, _ განვგვიმარტეს ევროპარლამენტის მაღალი ტრიბუნიდან. _ არც მორიდებიათ, არც უხერხულობა უგრძვნიათ.
იქ, სადაც ეს ითქვა, იქ, სადაც ბიძინა ივანიშვილის მსხვერპლად შეწირვას ითხოვენ, წესით და რიგით, საქართველოს არაფერი ესაქმება, მაგრამ ჩვენ მაინც ვერ გადავდგამთ ამ ნაბიჯს, რადგან ეს ისეთ გრიგალს გამოიწვევს, რომელიც დაანგრევს ძლივს შეკოწიწებულ ქართულ სახელმწიფოს.
ამიტომ ჩვენ მაინც ვაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას, ვცდილობთ, შევასრულოთ ევროპარლამენტის ყველა მოთხოვნა, როგორმე შევასრულოთ ის 12 პუნქტი, როგორმე მოვიპოვოთ მათი ნდობა და კეთილგანწყობა.
ჩვენ დიდი ხნის წინათ გაკეთებული ჩვენივე არჩევანის ტყვეები ვართ, იმ არჩევანისა, რომელიც შეიძლება ბედისწერად გვექცეს.

“საერთო გაზეთის” რედაქტორი: ვახტანგ ხარჩილავა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება