ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ წარმატებას კიდევ უფრო მეტად მიაღწიოს ჩვენმა ქვეყანამ ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში გამართულ დებატებში განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გასული 5 წლის განმავლობაში საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ შეადგენდა 9,3 პროცენტს.
„წელსაც ვინარჩუნებთ მაღალ მაჩვენებელს 8,3 პროცენტს პირველი 4 თვის მონაცემებით. ამას კონკრეტული საფუძველი აქვს. ამის საფუძველი არის ის, რომ გვაქვს სათანადო ეკონომიკური პოლიტიკა, გვაქვს დაბალი გადასახადები, გვაქვს შესაბამისი ბიუროკრატია, ზედმეტად არ არის დატვირთული ბიზნესი ბიუროკრატიასთან ურთიერთობით, ბიზნესი არის თავისუფალი. რაც ფუნდამენტური ცვლილებებია, რომელიც განხორციელდა 2012 წლის შემდეგ. ამას დაემატა კიდევ ერთი ფაქტორი, რაც დარწმუნებული ვარ, რომ პირდაპირ აისახება მიმდინარე წელსაც და იმის შემდეგ წლებშიც ეკონომიკური ზრდის ტემპზე. ეს არის ის, რომ ჩვენ მოვახერხეთ, ქვედა დონეზე მუდმივად არის საჭირო მუშაობის გაგრძელება, ზედა დონეზე კორუფციის აღმოფხვრა და ამაზე ვართ თავიდან ბოლომდე პასუხისმგებელი. ეს არის ძირითადი ფაქტორები. რა თქმა უნდა, ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ რეგიონში ჩვენი ურთიერთობების გაღრმავებისა და გაფართოებისთვის და მართლა უპრეცედენტოდ მჭიდრო კავშირი გვაქვს დღეს, მათ შორის პოლიტიკურიც და ეკონომიკურიც ჩვენი რეგიონის ქვეყნებთან. სამივე ქვეყანასთან ეს არის აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი და ასევე მაქსიმალურად ვაღრმავებთ ურთიერთობებს ცენტრალური აზიის ქვეყნებთან. ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა გვაქვს, რაც მნიშვნელოვანია, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით. ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან გვაქვს ძალიან მჭიდრო ურთიერთობები, ეს პოლიტიკა უნდა გავაგრძელოთ. მაქსიმალურად უნდა შევინარჩუნოთ ის ტენდენცია, რომელიც დღეს არის ჩამოყალიბებული“, – განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, 700 მილიონი დაიზოგა სახელმწიფო საწარმოებში, მარტო კადრების ოპტიმიზაციის ხარჯზე დაიზოგა 60 მილიონი სახელმწიფო საწარმოებში.
„კონკრეტული შესყიდვების ფასები შემცირდა რადიკალურად და ა.შ. ეს ყველაფერი ხომ ისევ ეკონომიკაში ბრუნდება და ეს გამოიწვევს ეკონომიკური ზრდის ტემპის შემდგომ დაჩქარებას. ასევე გვაქვს სტრატეგიული პროექტები, რაც დაკავშირებადობის ფუნქციის გაძლიერებას უზრუნველყოფს. ეს არის ავტობანის პროექტი, რომელიც ტემპებს კიდევ უფრო მეტად აკრეფს. ჩვენი მიზანია, რომ 2030 წლისთვის თითქმის ყველა მონაკვეთი უკვე მოვიყვანოთ სისრულეში. არის ანაკლიის პროექტი, რომელიც გრძელდება შეუფერხებლად და ამაში სახელმწიფოც დებს ინვესტიციას. გვაქვს აეროპორტების პროექტები თბილისის ვაზიანი, 20 მილიონამდე არის დაგეგმილი აეროპორტის შესაძლებლობების გაფართოება დღევანდელი დაახლოებით 4 მილიონიდან. ასევე ქუთაისში ფართოვდება დაახლოებით 2 მილიონი მგზავრიდან 5 მილიონ მგზავრამდე და ა.შ. ეს არის ის ინვესტიციები, რომლებიც იდება და რაც უზრუნველყოფს ჩვენი დაკავშირებადობის ფუნქციის გაფართოებას. ქვეყნებთან თანამშრომლობის გარეშე, ეს წარმატებული ვერ იქნება. ასევე სავიზო პოლიტიკაც მნიშვნელოვანია, რაც ხელს უწყობს ტურიზმის ზრდას. მთლიანობაში ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ წარმატებას კიდევ უფრო მეტად მიაღწიოს ჩვენმა ქვეყანამ ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.