fbpx

გიორგი გახარია ამერიკელ სენატორ ლინდსი გრემს ტელეფონით ესაუბრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ინიციატივით, ამერიკის შეერთებული შტატების სენატორთან, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარესა და სენატის საგარეო ურთიერთობათა და ასიგნებების კომიტეტის წევრ ლინდსი გრემთან სატელეფონო საუბარი შედგა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს აშშ-საქართველოს ძლიერი პარტნიორობა და ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო კავშირის შემდგომი განვითარების გზები.

“პრემიერ-მინისტრმა ქართველი ხალხის სახელით ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოს ჯანდაცვის სისტემის და მათ შორის ლუგარის ცენტრის გაძლიერების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. აღინიშნა ლუგარის ლაბორატორიის განსაკუთრებული მნიშვნელობა ახალი კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის დაძლევისკენ მიმართული ძალისხმევის წარმატებაში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დეტალურად ისაუბრა იმ ფრთხილ ნაბიჯებზე, რომლებიც იდგმება ქვეყნის გახსნისა და ეკონომიკის აღდგენის მიმართულებით” , – ნათქვამია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, მხარეებმა ასევე განიხილეს რუსეთის მოქმედებები უკანონო „ბორდერიზაციის“ პროცესის გაგრძელების მიმართულებით, რაც პანდემიის პარალელურად ხორციელდება.

მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზაობა მოკავშირეებს შორის არსებული პოლიტიკური, ეკონომიკური და უსაფრთხოების კავშირების შემდგომი გაღრმავების, ასევე საქართველოს დემოკრატიზაციის გაძლიერებისკენ მიმართული რეფორმების მხარდაჭერის კუთხით.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სენატორი ლინდსი გრემი თბილისში მოიწვია.

გაუზიარე!

Shares