ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი ზამურ ჭითანავა, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი სვანიძესთან და პირველ მოადგილე ალექსანდრე ზაბახიძესთან ერთად, ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „რებილდის“ წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა სამუშაოების არეალი- ბოლნისის კულტურისა და დასვენების პარკი და ისტორიული გერმანული უბანი დაათვალიერეს.
პროექტის ფარგლებში ისტორიული გერმანული უბნის შენობა-ნაგებობები, ქუჩები და საფეხმავლო ინფრასტრუქტურა განახლდება, მოწესრიგდება საინჟინრო ქსელები, გარე განათება და საზოგადოებრივი სივრცეები. პარალელურად, ცენტრალურ პარკში მოეწყობა სპორტული, რეკრეაციული და კულტურული ზონები, საბავშვო სივრცეები, საფეხმავლო და ველობილიკები, ასევე განახლდება 9 აპრილის მემორიალი.
ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოიცავს წყალმომარაგების, წყალარინების, სადრენაჟე და ელექტრომომარაგების ქსელების, შადრევნების, სარწყავი და უსაფრთხოების თანამედროვე სისტემების მოწყობასაც.
პროექტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს კულტურული და ღვინის ტურიზმის განვითარებას. არქეოლოგიური ძეგლები, შუა საუკუნეების ქართული არქიტექტურა და გერმანული დასახლება ერთიან ტურისტულ მარშრუტში გაერთიანდება, ხოლო ისტორიული გერმანული მარნების ფუნქციური აღდგენა და ბოლნური მეღვინეობის ტრადიციებთან დაკავშირება რეგიონის ეკონომიკურ და ტურისტულ შესაძლებლობებს კიდევ უფრო გააფართოებს.
მასშტაბური რეაბილიტაციის შედეგად ბოლნისში თანამედროვე რეკრეაციული სივრცეები შეიქმნება, რაც ქალაქის ტურისტულ პოტენციალს მნიშვნელოვნად გაზრდის და მის უნიკალურ კულტურულ იდენტობას კიდევ უფრო უკეთ წარმოაჩენს. პროექტის მიმდინარეობა ადგილზე მერთან ერთად მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა გიორგი გასვიანმაც დაათვალიერეს.