fbpx

ნანა კაკაბაძე: როდესაც საარჩევნო სისტემაში გადადგმულ დადებით ნაბიჯებს „შტიკებით“ ხვდები არგუმენტების უქონლობის გამო, ადვილად მისახვედრი ხდება მიზანი, რომელიც 2012 წელს დაკარგული ძალაუფლებისა მისი ნებისმიერი გზით დაბრუნებითაა ნაკარნახევი

,,როდესაც ერთმანეთს ხან აგენტს და ხან მოღალატეს ვეძახით, როდესაც ქვეყანაზე ზრუნვას ლაჩრობად ვნათლავთ, როდესაც შენი ქვეყნის თუნდაც მცირე ეკონომიკური, პოლიტიკური ან სპორტული წარმატება გულს გიხეთქავს მხოლოდ იმიტომ, რომ ამით შეიძლება ქულები ხელისუფლებამ დაიწეროს, როდესაც თავი დიდ დემოკრატებად მოგვაქვს და მზად ხართ მიუღებელი პოზიციების მატარებელი ვინმე პიროვნება თუ პირთა ჯგუფი მიახრჩოთ და მიასიკვდილოთ, ყოველთვის იმით უნდა იხელმძღვანელოთ, ესა თუ ის პოზიცია სასარგებლოა თუ არა სახელმწიფოს ინტერესებისთვის და არა პირადად ჩვენთვის,’’ – წერს არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის” თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე.

როგორც კაკაბაძე აღნიშნავს, მხოლოდ, მაშინ ვიქნებით მართლები საკუთარი თავისა და ქვეყნის წინაშე, როცა ჩვენი პოზიციების დაფიქსირება ამ ინტერესებიდან გამოდის და მაშინ ხელისუფლების თუნდაც მწვავე კრიტიკა ნორმალურად და სამართლიანად აღიქმება საზოგადოებაში და არა ეგოისტური პირადი ინტერესებიდან გამომდინარედ.

“რა არის სახელმწიფო ინტერესები
დღე არ გავა, რომ ქართული პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა ერთმანეთი ქვეყნის ღალატში, სხვა ქვეყნის აგენტობაში და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში არ დაადანაშაულონ.
ისე შეაჩვია ყური ამ სიტყვებს საზოგადოებამ, რომ თითქმის აღარავინ აქცევს ყურადღებას ბრალდებების მნიშვნელობას.
არადა, როცა სიტყვები თავის უარყოფით მნიშვნელობას კარგავენ, ამ სიტყვებით გამოხატული ქმედებების სიმწვავეც თანდათან უფერულდება და ძალიან ჩვეულებრივ, ბუნებრივ ქმედებად აღიქმება.
თუ სერიოზულად ჩავუფიქრდებით, ანტისახელმწიფოებრივი შეიძლება დაერქვას ისეთ რიტორიკას ან ქმედებას, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს შენი ქვეყნის ინტერესებს.
მნიშვნელოვანია შეფასებები და ინტერპრეტაციები.
მაგალითად, როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ უარი განაცხადა საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებთან სრულად შეერთებაზე, ქართველი ბოევიკების უკრაინაში თვითმფრინავით გაგზავნაზე ან მომენტით სარგებლობაზე და ოკუპირებული ტერიტორიების სამხედრო გზით დაბრუნების მცდელობაზე, ეს ოპოზიციამ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებად ჩათვალა. სინამდვილეში ანტისახელმწიფოებრივი იქნებოდა სწორედ ამ ქმედებებზე დათანხმება, ვინაიდან სწორედ ეს მიაყენებდა ზიანს ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებს.
როდესაც ამა თუ იმ კანონში ცვლილებას საკუთარი სარგებლიანობის კუთხით განიხილავ და არა სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, ეს არის პოლიტიკური პარტიის ანტისახელმწიფოებრივი პოზიცია.
მაგალითად, მოსმენების კანონზე, ვენეციის კომისიას, ისევე როგორც სხვა ორგანიზაციას არ ჰქონიათ არც ერთი არსებითი შენიშვნა.ისინი მხოლოდ მისი მიღების სისწრაფეს აკრიტიკებდნენ. ამ დროს შენ გამოდიხარ და იძახი, ეს მასობრივი უკანონო მოსმენების ლეგიტიმაციააო, არაფერს ამბობ იმაზე, რომ ზუსტად ასეთი ან უფრო მკაცრი კანონები აქვთ სამაგალითო დემოკრატიულ ქვეყნებს, შენ სახელმწიფოს ინტერესები კი არ გაწუხებს, არამედ მიზეზებს ეძებ ხელისუფლების გასაშავებლად.
როდესაც საარჩევნო სისტემაში გადადგმულ დადებით ნაბიჯებს „შტიკებით“ ხვდები, არგუმენტების უქონლობის გამო მხოლოდ ილანძღები, ადვილად მისახვედრი ხდება მიზანი, რომელიც 2012 წელს დაკარგული ძალაუფლებისა მისი ნებისმიერი გზით დაბრუნებითაა ნაკარნახევი.
როდესაც ხელისუფლებისგან მოითხოვ, საქართველოს მიმართ გამოთქმული დასავლეთის ნებისმიერი სტრუქტურისა და რანგის ჩინოვნიკის შენიშვნა-მითითება ცკ-ს ინსტრუქტორების ბრძანებებად აღიქვას, შეუპასუხებლად შეასრულოს ხოლო ასეთი მითითებების კრიტიკას ან უგულებელყოფას საშინელ ცოდვად უთვლი, შენ სახელმწიფო ინტერესები კი არა, ის ქვეყანა გაღელვებს ვის ბიუჯეტზეც და მხარდაჭერაზეც ხარ მიბმული. ეს არის საკუთარი ქვეყნის ღალატი.
როდესაც საზოგადოებაში უიმედობის დათესვას, ცდილობ დემოკრატიული არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილებასთან დაკავშირებით ხალხს უიმედობა ჩაუსახო, არწმუნებ მხოლოდ ძალადობრივი გზითაა შესაძლებელი ცვლილებები, ამ შემთხვევაშიც სახელმწიფოს ინტერესებს ხელყოფთ.
გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ 2012 წლის არჩევნებზე, ტოტალური გაყალბებითა და უპრეცედენტო ზეწოლითაც კი ვერ შეძლო ნაციონალებმა ძალაუფლების შენარჩუნება. უსამართლო საერთაშორისო მხარდაჭერაც ფუჭი აღმოჩნდა,- ხალხის ძალამ, ხელისუფლება დაათმობინა სააკაშვილის რეჟიმის.
დღევანდელი სიტუაცია და ხალხის მასობრივი განწყობა არ არის ანტისახელისუფლებო, როგორც ეს იყო 1990, 2003 წლებში.
როდესაც ცდილობ ამის კომპენსირებას ძალადობით, ყველანაირი შიდა თუ გარე ფაქტორების გამოყენებით მოახდინო ხელისუფლების უზურპირება, ეს არის სწორედ ანტისახელმწიფოებრივი ქმედება. ამით იმ საფუძველს ურყევ ქვეყანა, რაზეც დგას ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფო.
ამიტომ, როდესაც ერთმანეთს ხან აგენტს და ხან მოღალატეს ვეძახით, როდესაც ქვეყანაზე ზრუნვას ლაჩრობად ვნათლავთ, როდესაც შენი ქვეყნის თუნდაც მცირე ეკონომიკური, პოლიტიკური ან სპორტული წარმატება გულს გიხეთქავს მხოლოდ იმიტომ, რომ ამით შეიძლება ქულები ხელისუფლებამ დაიწეროს, როდესაც თავი დიდ დემოკრატებად მოგვაქვს და მზად ხართ მიუღებელი პოზიციების მატარებელი ვინმე პიროვნება თუ პირთა ჯგუფი მიახრჩოთ და მიასიკვდილოთ, ყოველთვის იმით უნდა იხელმძღვანელოთ, ესა თუ ის პოზიცია სასარგებლოა თუ არა სახელმწიფოს ინტერესებისთვის და არა პირადად ჩვენთვის.
მხოლოდ, მაშინ ვიქნებით მართლები საკუთარი თავისა და ქვეყნის წინაშე, როცა ჩვენი პოზიციების დაფიქსირება ამ ინტერესებიდან გამოდის და მაშინ ხელისუფლების თუნდაც მწვავე კრიტიკა ნორმალურად და სამართლიანად აღიქმება საზოგადოებაში და არა ეგოისტური პირადი ინტერესებიდან გამომდინარედ.
იმ პირობებში, როდესაც ყველა ხედავს, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა რიცხვი მისი მმართველობის პერიოდში თითქმის განახევრდა, რასაც მათი შეცდომებიც განაპირობებს და ობიექტური პირობებიც, ყველას უკვირს, რატომ ვერ ხერხდება მისი დამარცხება არჩევნების გზით და ამას სხვადასხვა გაყალბებებს და მანიპულაციებს აბრალებენ. სინამდვილეში ამის მიზეზი ჩვენი საზოგადოების მწარე გამოცდილებაა, რომელმაც უკვე კარგად გაითავისა, რომ არ უნდა ენდოს მხოლოდ პოლიტიკოსთა ლამაზ სიტყვებს, გულში მჯიღის ცემას და მგზნებარე მოწოდებებს, უნდა ენდოს მხოლოდ საქმეებს.
საქმეებით კი ყველა მოქმედი პოლიტიკოსი იმდენად გაშიფრულია, რომ მათ ამომრჩეველი ხელისუფლებაზე მეტად არ ენდობა. ამიტომ სანამ არ იქნებიან ისეთი პოლიტიკური ძალები, რომლებიც ხალხის ნდობას დაიმსახურებენ, ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ამომრჩეველი ყოველთვის იტყვის, რომ არსებულზე უარესის არჩევას მირჩევნია იგივე დავტოვოო, ხოლო არჩევნებში დამარცხებული ოპოზიცია ამ მარცხს ყოველთვის არა საკუთარ თავს, არამედ „გამყალბებელ“ ხელისუფლებას დააბრალებს და თავის ქმედებებში ისევ ანტისახელმწიფოებრივი ინსტინქტებით იხელმძღვანელებს,’’ – წერს ნანა კაკაბაძე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება