fbpx

ლევან ნიკოლეიშვილი ბიძინა ივანიშვილის და „კრედიტ სუის“-ის დავაზე: სამარცხვინოა, რომ ისეთი ფინანსური ინსტიტუცია, როგორიც შვეიცარიული ბანკია, კერძო პირთან დავაში იშველიებს ბინძური პოლიტიკური ზრახვებით გაჯერებულ ევროპარლამენტის რეზოლუციას

ბატონ ბიძინა ივანიშვილსა და შვეიცარიულ ბანკს შორის დავა უკვე წლებია მიმდინარეობს. უკვე თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ აქ რაიმე იურიდიულ უთანხმოებასთან კი არ გვაქვს საქმე, არამედ პოლიტიკურ ზეწოლასა და მიზანმიმართულ დანაშაულთან ბანკის მხრიდან, – ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი MKD Law-ის მიერ „კრედიტ სუის“-ის მენეჯმენტის ქმედებების აღმწერი მორიგი მწვავე სტატიის საერთაშორისო მედიაში გამოქვეყნებაზე განმეორებითი უარის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.

ლევან ნიკოლეიშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატებს არაერთხელ უსაუბრიათ შვეიცარიული ბანკის მხრიდან თანხების დაბლოკვის აბსურდულ მიზეზებზე, ისევე როგორც „კრედიტ სუის“-ის მენეჯმენტის ქმედებების შესახებ ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით, ცენზურის დაწესების თაობაზე. მისივე განცხადებით, ყველა აღნიშნული ქმედების მთავარი მიზეზია ის, რომ სერიოზულ ძალებს სურთ საქართველოს ომში ჩართვა, რაზეც ბიძინა ივანიშვილის დათანხმებას შანტაჟის ყველანაირი ფორმის მიუხედავად, ვერ ახერხებენ.

„ბატონ ბიძინა ივანიშვილსა და შვეიცარიულ ბანკს შორის დავა უკვე წლებია მიმდინარეობს. უკვე თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ აქ რაიმე იურიდიულ უთანხმოებასთან კი არ გვაქვს საქმე, არამედ პოლიტიკურ ზეწოლასა და მიზანმიმართულ დანაშაულთან ბანკის მხრიდან. უფრო მარტივად და გასაგებად რომ ვთქვა, ბანკი უბლოკავს კუთვნილ თანხებს ივანიშვილს და მიზეზად ათასი სახის აბსურდულ საკითხს ასახელებს, ან საერთოდ არც არაფერს ასახელებს უბრალოდ დუმილის თუ იგნორირების რეჟიმშია გადასული. რატომ ხდება ასე და ამგვარად, ამაზე არაერთხელ ბატონი ივანიშვილის უფლებადამცველებს უსაუბრიათ, ამას ემატება ერთგვარი ცენზურა მათ მიერ ინფორმაციის გავრცელების შესახებ. მთავარი და უმთავრესი კი ის არის, რომ სერიოზულ ძალებს ძალიან სურთ საქართველოს ჩართვა ომში, რაზედაც ბიძინა ივანიშვილის ვერც დათანხმებას და ვერც დაშანტაჟებას ვერანაირად ვერ ახერხებენ (რომ იცნობდნენ ივანიშვილის პიროვნულ თვისებებს ალბათ არც შეეცდებოდნენ!). მეორე საინტერესო, უფრო კი ამაზრზენი ფაქტია, რომ ეს ძალები თავიანთი მიზნების მისაღწევად, ერთია, რომ შანტაჟის ყველა ფორმას იყენებენ და ისეთ ხავსსაც კი ეჭიდებიან, რომელიც ყველაზე უსუსურადაც კი ჩანს. აი, სწორედ ასეთ ხავსს თუ მაშველ რგოლს გვაგონებს ევროპარლამენტის 2022 წლის რეზოლუცია, რომელიც ცალკეული ლობისტებისა თუ მოსყიდული დეპუტატების პირადი ანგარიშსწორების გამოვლინებაა, და არა რეალობის ამსახველი დოკუმენტი. მეორე მხრივ კი ნამდვილად სამარცხვინოა, რომ ისეთი ფინანსური ინსტიტუცია, როგორიც შვეიცარიული ბანკი გახლავთ, კერძო პირთან დავაში სიამოვნებით იშველიებს ბინძური პოლიტიკური ზრახვებით გაჯერებულ ევროპარლამენტის აღნიშნულ რეზოლუციას.“ – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება