fbpx

კობა კობალაძემ უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის ოჯახს მიუსამძიმრა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, მოადგილეებთან, სამსახურის თანამშრომლებთან და ვეტერანებთან ერთად, უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპული ქართველი მეომრის, ლევან სახელაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა და მის ხსოვნას პატივი მიაგო.

აფხაზეთში, გალში დაბადებული 38 წლის ლევან სახელაშვილი, ნიკოლაევის ოლქში, 2 ნოემბერს, საარტილერიო შეტევას ემსხვერპლა. ის პროფესიონალი სამხედრო გახლდათ ; 2007-2010 წლებში მსახურობდა საქართველოს თავდაცვის ძალებში_ თავდაცვის სამინისტროს მეოთხე ქვეითი ბრიგადის საარტილერიო დივიზიონში. იყო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილე. ლევან სახელაშვილი, უკრაინაში, რუსული სამხედრო აგრესიის დაწყებისთანავე ჩავიდა. იგი, სამშობლოში, 7 ნოემბერს ჩამოასვენეს. ლევან სახელაშვილს, 10 ნოემბერს, ვეძისის სასაფლაოზე, სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

უკრაინაში რუსული სამხედრო აგრესია მიმდინარე წლის 24 თებერვალს დაიწყო. უკრაინელების მხარდამხარ, ათეულობით ქართველი იბრძვის. უკრაინაში ქართველი მებრძოლების დაღუპვის შესახებ პირველი ინფორმაცია 18 მარტს გავრცელდა. ლევან სახელაშვილი უკვე 24-ე ქართველია, რომელიც თებერვლის შემდეგ, უკრაინაში, რუსეთის საოკუპაციო ძალებთან ბრძოლას შეეწირა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება