fbpx

თამთა მეგრელიშვილი: სანამ „ხალხის ძალას“ სამართლებრივ დუელში გამოგვიწვევთ, დახედეთ თეთრ ხელთათმანს – დასვრილი ხომ არ არის?!

ავსტრალია – „საგარეო გავლენის გამჭვირვალობის სქემის“ აქტით; ამერიკა – „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ აქტით; გერმანია – გერმანიის ბუნდესტაგში ლობისტების რეესტრით სახელწოდებით – „lobbyregister.bundestag.de“, პოლიტიკურ პროცესებში უცხოური გავლენისაგან თავის დასაცავად ერთ პრინციპზე აგებულ ზემოაღნიშნულ სამართლებრივ მექანიზმს წარმატებით იყენებს, – ამის შესახებ განცხადებას მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი ავრცელებს.

თამთა მეგრელიშვილი „ხალხის ძალის“ კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ განმარტავს და აღნიშნავს, რომ ის შედგენილია დასავლური გამოცდილების მიხედვით და მორგებულია ქართულ რეალობას.

„საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ქართულ რეალობას ერგება და სამართლებრივი ზომიერების ფარგლებში იზიარებს ამერიკის (Foreign Agent Registration Act – კანონი) „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ აქტის მთავარ მიზნებს.

სამართლებრივი ლანდშაფტის გათვალისწინებით, იზიარებს და არ აკოპირებს !!!

ვაზუსტებ, რადგან ეს ზოგ-ზოგიერთმა არასამთავრობო სექტორიდან უცებ მინისტრად ქცეულმაც ვერ გაიგო და სამართლებრივ დუელში გვიწვევს!

სინამდვილეში ყველაფერი მარტივადაა – ამერიკის მაგალითზე – თუ აქტი მოქმედებს იმ ადამიანებისა და ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც სხვა ქვეყნების დავალებით და დაფინანსებით აშშ-ში საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას ცდილობენ, ქართულ შემოთავაზებულ ვარიანტში ვალდებულ პირთა წრეა ყველა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, მათ შორის ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის წლიური შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი „უცხოური ძალაა“. თუმცა არა – სახელმწიფო ორგანიზაციები ან საქართველოს კანონმდებლობით დაფუძნებული სპორტული ფედერაციები;

ტელევიზიები, რომელთა შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი „უცხოური ძალაა“ (არ იგულისხმება რეკლამა);

მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, მათ შორის გაზეთები და ონლაინ მედიასაშუალებები, რომელთა შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი „უცხოური ძალაა“ (არ იგულისხმება რეკლამა).

ამერიკული კანონი „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ –„უცხოელი აგენტის“ ცნებაში თუ მოიაზრებს პირებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც უცხო ქვეყნების ხელისუფლებების ან ორგანიზაციების პირდაპირი დავალებით მოქმედებენ, შემოთავაზებულ ქართულ ვარიანტში „უცხო ძალაში“ იგულისხმება სხვა სახელმწიფო ხელისუფლების სისტემების შემადგენელი ნაწილები; უცხო ქვეყნის მოქალაქეები; იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული საქართველოში; ორგანიზაციები, მათ შორის ფონდები, რომლებიც დაფუძნებულია უცხო სახელმწიფოს სამართლის ან/და საერთაშორისო სამართლის საფუძველზე.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ერთ-ერთი მთავარი სამართლებრივი ფასეულობა, რასაც ამერიკული აქტიც პრინციპულად იცავს, „გამოხატვის თავისუფლების“ შეზღუდვის გარეშე ზემოაღნიშნული მსგავსი ორგანიზაციებისა და მათი „დამკვეთების“ მუშაობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფაა.

ამერიკის იუსტიციის სამინისტროში დარეგისტრირების ვალდებულება და ყოველ 6 თვეში ერთხელ მისთვის ანგარიშის წარდგენა შემოსავლების (უცხო სახელმწიფო თუ არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან მიღებული დაფინანსების) და ხარჯების შესახებ სავალდებულოა, წინააღმდეგ შემთხვევაში, „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ ამერიკული აქტით კანონის დამრღვევებს, ანუ უცხოეთის მთავრობების პოლიტიკურ ლობისტებს, რომლებმაც რეგისტრაციას თავი აარიდეს, 5 წლამდე პატიმრობა ან 10 ათას დოლარამდე მოცულობის ფულადი ჯარიმა ემუქრებათ. ქართული ვარიანტით – უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციისთვის თავის არიდებისთვის ან დეკლარაციის შეუვსებლობისთვის ორგანიზაცია 25 ათასი ლარით დაჯარიმდება. ჩვენი ვარიანტი უფრო მსუბუქი და სამართლებრივად ჰუმანურია.

ჯარიმები ასევე გათვალისწინებულია:

იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე დაშვებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, თუ ორგანიზაცია არ შეავსებს განაცხადის ფორმას – 10 ათასი ლარი;

დოკუმენტებში ხარვეზების განსაზღვრულ ვადაში გამოუსწორებლობის შემთხვევაში – 10 ათასი ლარი;

ამ კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ერთი თვის შემდეგ ჩადენა – 20 ათასი ლარი.

ასე რომ, სანამ „ხალხის ძალას“ სამართლებრივ დუელში გამოგვიწვევთ, დახედეთ თეთრ ხელთათმანს – დასვრილი ხომ არ არის?!

ჩვენ მიერ შემოთავაზებული კანონპროექტი დამტკიცების შემთხვევაში არავის არაფერს აუკრძალავს, მათ არც საქმიანობაში შეუშლის ხელს, მხოლოდ უკვე დანერგილი საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით, საჭირო გამჭვირვალობის პირობებში, კარგი სამართლებრივი ბერკეტი იქნება უცხოური გავლენისაგან თავის დასაცავად“, – აცხადებს თამთა მეგრელიშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება