fbpx

ვიქტორ ჯაფარიძე: მიშა სააკაშვილმა ამ ქვეყანაში იმდენიც ცოდვა ჩაიდინა, რომ მისთვის არაფერი კარგი არ მემეტება – შეიძლება, ვაპატიო მე რაც დამმართა, მაგრამ ვერ ვაპატიებ ვერც გირგვლიანს, ვერც გამცემლიძეს, ვერც თეთრაძეს, ვერც აფხაზეთს და ვერც სამაჩაბლოს

შეიძლება, მიშა სააკაშვილს ვაპატიო მე რაც დამმართა, მაგრამ ვერ ვაპატიებ ვერც გირგვლიანს, ვერც გამცემლიძეს, ვერც თეთრაძეს, ვერც აფხაზეთს და ვერც სამაჩაბლოს, – განაცხადა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვიქტორ ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
„მიშა სააკაშვილმა იმდენი ცოდვა ჩაიდინა ამ ქვეყანაში, მისთვის არაფერი კარგი არ მემეტება. შეიძლება, ვაპატიო მე რაც დამიშავა, მაგრამ ვერ ვაპატიებ ვერც გირგვლიანს, ვერც გამცემლიძეს, ვერც თეთრაძეს, ვერც აფხაზეთს, ვერც სამაჩაბლოს… გეყოფათ! იმის მაგივრად, რომ მიშა სააკაშვილი გამოსულიყო და ყოველდღე ბოდიშები ეხადა ამ ქვეყნისთვის, რომელიც გააუბედურა, კიდევ კონტეინერით ჩამოვიდა, რომ რევოლუცია და უბედურება მოუწყოს ამ ქვეყანას. მიშა სააკაშვილი არის კაცი, რომელსაც 300 000 კაცი პატიმარი ჰყავდა. არ მეცოდება! ჩემი სიტყვები უკან არ მიმაქვს! დაანებეთ ამ ქვეყანას ცხოვრება! შეეშვით ამ ხალხს, საკმარისია! მიშაზე უფრო მძიმე ავადმყოფები არიან საპყრობილეში. ასეთი ლაჩარი პრეზიდენტი რომ გყავთ, არ გრცხვენიათ?! მე მრცხვენია, ასეთი ლაჩარი რომ გვყავდა… სწორად მიმაჩნია ის, რომ მიშა სააკაშვილს ევროპული სასამართლოს მიერ აღიარებული აქვს ბრალი და კეთილი ინებოს და ბრძანდებოდეს [ციხეში]. პრეტენზია მაქვს ამ ხელისუფლების მიმართ, რომ მიხეილ სააკაშვილი არ არის საპყრობილეში და არის საავადმყოფოში! ხელისუფლებას აქვს ვალდებულება, რომ მიშა სააკაშვილი იყოს ცოცხალი და ყველაფერს აკეთებს ამისთვის! ჩემი უფლებაა, მე რას ვუსურვებ! არ მეცოდება!“, – განაცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ.
მან „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ციხეებში არსებული ვითარებაც გაიხსენა.
„რამდენი პატიმარი გაიყვანა სააკაშვილმა ქვეყნის გარეთ სამკურნალოდ? რამდენი პატიმარი იხოცებოდა სააკაშვილის მმართველობის პერიოდში წლიდან წლამდე, იცით? 180-ზე მეტი. ერთი პატიმარიც კი არ ჰყოლია საავადმყოფოში სამკურნალოდ გაყვანილი. ღმერთმა დამიფაროს, მისი სიკვდილი მიხაროდეს, მაგრამ არ მეცოდება და რა გავაკეთო. ჩემი ნება ხომ არის? მიშამ ნახევარ საქართველოს უსურვა სიკვდილი. მიშა სააკაშვილი სისხლის სამართლის დამნაშავეა. მას ბევრი სისხლი უსვია ხელებზე, ამაზე დაფიქრდით თქვენ. მე იცით, ვინ ვარ? „იმედის“ ტელევიზიაში რომ შემოცვივდნენ და ტყვესავით ვყავდით ავტომატმობჯენილები, ის ვიქტორ ჯაფარიძე ვარ. კიდევ რომელი დანაშაული ჩამოგითვალოთ? როგორ უჭერთ მიშას მხარს, როცა გირგვლიანის, რობაქიძის ოჯახებს ბოდიში არ მოუხადა? ამ ხალხს ცხოვრება დააცადეთ. ქვეყანა წინ მიდის. მიშას სიკვდილი იცით, ვის უნდათ? – მის მომხრეებს“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება