ძვირფასო ბოლნისელებო, მალე 2023 წელი შემობრძანდება. ბოლნისსა და სრულიად
საქართველოს ვულოცავ ახალ წელს. 2023 წელი ყოველი თქვენგანის ოჯახისთვის
ბედნიერების, წარმატების, ხვავისა და ბარაქის მომტანი ყოფილიყოს!
ბოლნისის მუნიციპალიტეტისთვის 2022 არაერთი მიმართულებით აღმოჩნდა
წარმატებული წელი. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 2022-ში 10 299 398
ლარის ღირებულების 93 ინფრასტრუქტურული პროექტი განვახორციელეთ. წელს,
სოციალური და ჯანდაცვის პროგრამებისთვის ჯამში 2 707 569 ლარი დავხარჯეთ,
დახმარება კი 3 136 ბენეფიციარს გავუწიეთ.
მსურს, 2022 წელს მუნიციპალიტეტში განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტები
და პროგრამები მოკლედ შევაჯამო.
საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა
2022 წელს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით 4,72 კილომეტრი გზა მოეწყო.
ბეტონის გზა წელს სოფლებში: ხატისოფელი, ვანათი, არქევანი გაკეთდა. ამ ეტაპზე
მიმდინარეობს და 2023 წლის იანვარში დასრულდება დავით აღმაშენებლის ქუჩაზე
მდებარე კორპუსების შიდა ეზოების მოასფალტების სამუშაოებო. 4 ობიექტზე, ჯამში
17 417 მეტრ კვადრატულ მოცულობაზე ასფალტის საფარი დაიგება. სამუშაოები
რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის
თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი სრული ღირებულება 1 571 900 ლარს
შეადგენს.
ამ ეტაპზე ქალაქ ბოლნისში მიმდინარეობს ბოლნისის წყალარინების სისტემის
მშენებლობის პროექტი, რომელიც გარკვეული დროით შეჩერებული იყო.
საკანალიზაციო ქსელის მოწყობის პირველ ეტაპზე სამუშაოები სიონის, ჭავჭავაძისა და
სოხუმის ქუჩებიდან დაიწყო. სამუშაოების დასრულების შემდგომ კი აღნიშნულ
ქუჩებზე გზის საფარის რეაბილიტაცია განხორციელდება. სიონის ქუჩაზე უკვე
აქტიურად მიმდინარეობს ადგილობრივი ბაზალტით ქუჩის მოკირწყვლა, რომელიც
2023 წლის იანვარში დასრულდება.
აღსანიშნავია, რომ საკანალიზაციო ქსელის მოწყობას კონტრაქტორი კომპანია ერთ
წელში გეგმავს და ამ პროექტის განხორციელება ჩვენ საშუალებას მოგვცემს ქალაქ
ბოლნისში გზების პრობლემა მთლიანად აღმოვფხვრათ. სამუშაოები როგორც ქალაქ
ბოლნისის წყალარინების სისტემის ასევე ბოლნისი-მარნეულის დამაკავშირებელი
კოლექტორის მოწყობასაც ითვალისწინებს.
მარნეულის წყლისა და წყალარინების, ბოლნისის წყალარინების სისტემების პროექტი
აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და ამ სამუშაოებს ჯამში 47
003 251 აშშ დოლარი მოხმარდება.
წელს, თეთრიწყარო – ბოლნისის დამაკავშირებელი 6 კილომეტრიანი
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები
დასრულდა. სარეაბილიტაციო მონაკვეთი მდებარეობს თეთრიწყაროსა და ბოლნისის
მუნიციპალიტეტების, ტოფანი-დაღეთის გზის ტერიტორიაზე და გაივლის სოფლებს:
დისველი, დაღეთი და სამშვილდე. პროექტი 3 მონაკვეთადაა დაყოფილი და მისი
საერთო ღირებულება 4 092 366,71 ლარს შეადგენს. მოხარული ვარ, რომ ცენტრალური
მთავრობის დახმარებით, ამ მართლაც მნიშვნელოვანი პროექტის შედეგად ორი
მუნიციპალიტეტი კომფორტული, მოწესრიგებული გზით დაუკავშირდა ერთმანეთს.
სასმელი წყლის სისტემების რეაბილიტაცია
2022 წელს, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ბოლნისის
მუნიციპალიტეტისა და მიმდებარე სოფლების 24 საათიანი წყალმომარაგებით
უზრუნველსაყოფად ჯამურად 85 000 000 ლარზე მეტი ღირებულების პროექტების
განხორციელება დაიწყო.
ამ ეტაპზე, ქ. ბოლნისში, აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით, აქტიურად
გრძელდება წყალარინების სისტემის მშენებლობა. ასევე, ბოლნისის
მუნიციპალიტეტში წყლის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით რამდენიმე
პროექტი მიმდინარეობს. პროექტების ფარგლებში, ადგილობრივი მოსახლეობის 24
საათიანი წყალმომარაგებისთვის გათვალისწინებულია:
• ქ. ბოლნისისა და დაბა კაზრეთის წყალმომარაგების სისტემის ოპტიმიზაციისა და
მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების გამრიცხველიანება;
• ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლების ბალიჭის, ძველი ქვეშისა და ძეძვნარიანის
წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაცია/მშენებლობა.
• ქ. ბოლნისის „ყარაბულახის“ სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია, მაგისტრალური
მილის, წყალსადენი ქსელის, სატუმბი სადგურის მოწყობა. ასევე, არსებული
რეზერვუარების რეაბილიტაცია.
სარწყავი სისტემების მოწყობა
წელს ნახიდურის მაგისტრალური არხების რეაბილიტაციის პირველი ეტაპი
განხორციელდა. სამუშაოების სრულად დასრულების შედეგად, ბოლნისის
მუნიციპალიტეტის სოფლების: ბალახაური, ხიდისყური და ნახიდური 810 ჰექტარ
სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება.
პროექტის ღირებულება 2 627 500 ლარს შეადგენს და მისი მეორე ეტაპი 2023 წელს
დაიწყება.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამა
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამისა“ და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით,
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში, დაბა კაზრეთსა და დაბა თამარისში, 2022
წელს 976 360 ლარის ღირებულების 53 ინფრასტრუქტურული პროექტი
განხორციელდა. პროექტების ძირითადი მიმართულება წყლის სისტემების, საგზაო
ინფრასტრუქტურის, გარე განათების, საკანალიზაციო სისტემებისა და სპორტული
სივრცეებისა მოწყობას მოიცავდა.
სოციალური და ჯანდაცვის პროგრამები
ბოლნისის მუნიციპალიტეტი სოციალური პროგრამებით უდავოდ გამოირჩევა, ამას
როგორც საერთაშორისო ორგანიზაციები, ასევე დარგის სპეციალისტებიც აღნიშნავენ.
ადგილობრივი ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს მოწყვლადი კატეგორიის
ოჯახებისთვის მათთვის საჭირო სერვისები შეიმუშაოს. სოციალური პროგრამების
დახვეწა კი ყოველწლიურად ხდება, ეს კი, ვფიქრობ, მის ეფექტურობასაც
განაპირობებს. 2022 წელს, სოციალური და ჯანდაცვის პროგრამებისთვის ჯამში 2 707
569 ლარი დაიხარჯა, დახმარება კი 3 136 ბენეფიციარს გაეწია.
ავადმყოფთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამით 152-მა ქრონიკული
დაავადებებით დაავადებულმა ბენეფიციარმა ისარგებლა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 157
321 ლარი გამოიყო. 323 შშმ პირის დახმარებებს 481 210 ლარი მოხმარდა, სოციალურად
დაუცველი ერთ წლამდე ბავშვების ყოველთვიური კვების უზრუნველყოფისთვის კი
28 862 ლარი დაიხარჯა.
2022 წელს, სოციალურად დაუცველი ოჯახების გათბობის სეზონზე მატერიალური
დახმარებით მერიამ 606 ბენეფიციარი უზრუნველყო, რისთვისაც 121 200 ლარი
დაიხარჯა. ბინის ქირის გადასახადი 2022 წელს 25 ბენეფიციარს გადავუხადეთ, რამაც
ჯამში 37 000 ლარი შეადგინა. სოციალურ საცხოვრისებში მცხოვრები 38 ოჯახისთვის
კომუნალური გადასახადებით უზრუნველყოფას კი 35 693 ლარი მოხმარდა.
სამედიცინო უზრუნველყოფის პროგრამით, 2022 წელს, 1 770-მა ბენეფიციარმა
ისარგებლა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 1 129 034 ლარი დაიხარჯა. ომის ვეტერანთა და
მათთან გათანაბრებულ პირთა დახმარებას 14 500 ლარი მოხმარდა. ერთჯერადი
მატერიალური დახმარებებით კი 1 315 ბენეფიციარმა ისარგებლა, ამ პროგრამის
ფარგლებში, 2022 წელს, 260 000 ლარი დავხარჯეთ. 2022 წელს სტიქიის შედეგად
მიყენებული ზიანის ანაზღაურებას 621 029 ლარი მოხმარდა.
სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის დაზიანებული სახურავების შეცვლა
ბოლნისის მუნიციპალიტეტი ყოველწლიურად სოციალურად დაუცველ და
მოწყვლადი კატეგორიის ოჯახებს სახლის დაზიანებულ სახურავებს უცვლის. 2022-ში
ამ პროგრამით, 15-მა სოციალურად დაუცველმა ოჯახმა ისარგებლა. სოციალურად
დაუცველი ოჯახებისთვის სახლის სახურავების შეცვლის სამუშაოებისთვის 2022 წელს
მუნიციპალიტეტმა ადგილობრივი ბიუჯეტიდან 255 904 ლარი გამოყო. აღსანიშნავია,
რომ 2016-2022 წლებში, საერთო ჯამში, ბოლნისის მუნიციპალიტეტმა დაზიანებული
სახლის სახურავები სოციალურად დაუცველ 314 ოჯახს შეუცვალა, რისთვისაც
ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3 300 410 ლარი დაიხარჯა.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხელშეწყობა
კორონა ვირუსის პანდემიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ის ფაქტი, თუ რა დიდი
მნიშვნელობა ენიჭება საზოგადოებრივ ჯანდაცვას. სწორედ ამიტომ, ადგილობრივი
ბიუჯეტის დაფინანსებით, „ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ შენობას
წელს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.
ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, შეიცვალა სახურავი, რეაბილიტირდა
გარე ფასადი, შიდა სივრცე და საკანალიზაციო სისტემა, მოეწყო ცენტრალური
გათბობის ქსელი. ახლა უკვე ცენტრი, სტანდარტებთან შესაბამის, თანამედროვე
შენობაში აგრძელებს ფუნქციონირებას.
უკრაინელი ხალხისთვის გაწეული დახმარება
უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულმა ომმა თითოეული ჩვენგანი განსაკუთრებით
დაგვამწუხრა. ჩვენ სოლიდარობას გამოვხატავთ უკრაინელი ხალხის, ჩვენი დიდი ხნის
მეგობარი ერის მიმართ. საქართველოს მთავრობის, ქვემო ქართლში სახელმწიფო
რწმუნებულის ადმინისტრაციის დახმარებით, ბოლნისელი მოქალაქეების სახელით,
უკრაინელებს ჰუმანიტარული დახმარება გავუგზავნეთ.
უკრაინელებისთვის ჰუმანიტარული დახმარების შესაძენად მუნიციპალიტეტმა
სარეზერვო ფონდიდან თანხები გამოყო, მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში კი
სპეციალური შტაბი შეიქმნა. გარდა ამისა, უკრაინაში მიმდინარე საომარი
მოქმედებების შედეგად ბოლნისში მყოფი უკრაინელი ოჯახები ბინის ქირითაც
უზრუნველვყავით. მჯერა, რომ უკრაინა შეძლებს ამ ომში გამარჯვებას და მისი
ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას.
პროექტი „სამოქალაქო ბიუჯეტირება – დაგეგმე შენი ბიუჯეტი”
2022 წელს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიამ პირველად დაიწყო პროექტი
„სამოქალაქო ბიუჯეტირება – დაგეგმე შენი ბიუჯეტი“, რაც მოქალაქეების მიერ
ინიციირებული პროექტების დაფინანსებას გულისხმობს.
www.bolnisi.gov.gePage 5
პროექტის ფარგლებში, ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტში
მოქალაქეთა ინიციატივებისთვის 1 500 000 ლარი იქნება გათვალისწინებული.
პროექტის პირველ ეტაპზე ჩვენს მოქალაქეებს შეეძლოთ მოეწოდებინათ თავიანთი
პროექტები, 300 000 ლარის ბიუჯეტის ფარგლებში. შემოსული პროექტები
სპეციალურმა კომისიამ განიხილა და კენჭისყრის ეტაპზე ჯამში 24 იდეა გადავიდა.
ხმის მიცემის შედეგად გამოვლინდა 5 გამარჯვებული. სამი პროექტი სოფლად
განხორციელდება, 2 კი ქალაქში. ვულოცავ გამარჯვებული პროექტების ავტორებს ამ
წარმატებას, თითოეული იდეის ავტორს კი პროექტში მონაწილეობისთვის დიდ
მადლობას ვუხდი. მოხარული ვარ, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა იაქტიურეს და მათთვის
სასურველ პროექტს მხარი აქტიურად დაუჭირეს. ბოლნისის მუნიციპალიტეტის
მერიის მიზანია, ჩვენი მოქალაქეები ადგილობრივი თვითმმართველობის
განხორციელების პროცესში აქტიურად ჩავრთოთ. თანამონაწილეობითი კულტურის
ამაღლების პროცესში კი პროექტს „დაგეგმე შენი ბიუჯეტი“ დიდი მნიშვნელობა
ენიჭება.
საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობა
ბოლნისის მუნიციპალიტეტი, საქართველოს მასშტაბით, 11 მუნიციპალიტეტს შორის
მოხვდა, სადაც ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების
სააგენტოს (USAID) ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამა განხორციელდება.
ახალი პროგრამა ხელს შეუწყობს საქართველოში მიმდინარე დეცენტრალიზაციის და
საჯარო მმართველობის რეფორმის განხორციელებას, ასევე ადგილობრივ
თვითმმართველობებში ეფექტიანობის, ანგარიშვალდებულებისა და მოქალაქეთა
ჩართულობის გაზრდას. პროექტი ხუთ წლის განმავლობაში განხორციელდება და
ჯამში 21 მილიონი აშშ დოლარი დაიხარჯება. USAID-ს გამოცხადებული ნდობისა და
მხარდაჭერისთვის დიდი მადლობას ვუხდი. ვფიქრობ, აღნიშნული პროგრამა
დეცენტრალიზაციის პროცესს კიდევ უფრო მეტად ეფექტურს და მოქნილს გახდის.
განათლების ხელშეწყობა
ქვეყნისთვის, მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის აუცილებელია ჩვენს მომავალ
თაობას ხარისხიანი განათლება მივცეთ. სრულყოფილი განათლების მისაღებად კი
საჭიროა ჩვენმა შვილებმა კომფორტულ, თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამის
სკოლებში ისწავლონ. ბოლნისის მუნიციპალიტეტში 2012 წლიდან დღემდე 4 სკოლას
ჩაუტარდა სრული რეაბილიტაცია, მათ შორის 2022 წელს ქალაქ ბოლნისის
ისტორიული N1 საჯარო სკოლა საზეიმოდ გავხსენით.
სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, სრულად შეიცვალა სახურავი,
დაზიანებული კარ-ფანჯარა ჩანაცვლდა უმაღლესი ხარისხის ალუმინის მასალით,
მოპირკეთდა საპირფარეშოები, გაფართოვდა და გარემონტდა საკლასო ოთახები.
მოსწავლეები უკვე სარგებლობენ დიდი, ნათელი ბიბლიოთეკითა და სასადილო
სივრცით. კეთილმოეწყო სპორტდარბაზი, ეზოში კი გაკეთდა მინი სტადიონი. სრული
რეაბილიტაციის მიუხედავად, სკოლას შეუნარჩუნდა ტრადიციული იერსახე.
აღსანიშნავია, რომ რეაბილიტაციის შემდეგ სკოლაში ინკლუზიური გარემო შეიქმნა,
შშმ მოსწავლეებისთვის გაკეთდა ლიფტი და პანდუსი. სკოლის რეაბილიტაცია
მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით განხორციელდა.
ბოლნისის მუნიციპალიტეტი წარჩინებულ სტუდენტებისთვის ყოველთვიურად
გასცემს ფულად წახალისებას. 2022 წლის პირველ ნახევარში ფულადი წახალისება 95-
მა სტუდენტმა მიიღო, მეორე ნახევარში კი 51 წარჩინებული სტუდენტი დაფინანსდა.
2022 წელს, წარჩინებული სტუდენტების ყოველთვიური ფულადი წახალისებისთვის
ჯამში 64 900 ლარი დაიხარჯა. აღსანიშნავია, რომ მოწყვლადი კატეგორიის 148
სტუდენტის ყოველთვიურ დაფინანსებებს წელს 71 320 ლარი მოხმარდა.
ტურიზმის ხელშეწყობა
ადგილობრივი თვითმმართველობის მიზანი ბოლნისის მუნიციპალიტეტის
ტურისტული პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებაა, ამიტომ ჩვენ წლების
განმავლობაში მუნიციპალიტეტში ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნისთვის
არაერთი პროექტი გვაქვს განხორციელებული.
წელს სოფელ ხატისოფელში, ჩვენი მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პოპულარულ
ტურისტულ ლოკაციამდე, წმინდა გიორგის სახელობის ისტორიულ ტაძრამდე
მისასვლელი გზა გავაკეთეთ.
ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, ეკლესიამდე მისასვლელი გზა სრულად
მოეწყო. 600 გრძივ მეტრზე ბეტონის საფარი დაიგო, ხოლო 480 გრძივი მეტრი
ადგილობრივი ბაზალტით მოპირკეთდა. პროექტის სრულმა ღირებულებამ 640 000
ლარი შეადგინა.
ისტორიული მნიშვნელობის პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების
ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა.
პანდემიის გამო, ორწლიანი პაუზის შემდეგ, ბოლნისის მუნიციპალიტეტში
„ბოლნისქალაქობა 2022“ გრანდიოზულად აღინიშნა. ჩვენი ქალაქის დღესასწაული,
რომელიც ტურისტული თვალსაზრისით, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი
ღონისძიებაა წელს მრავალფეროვანი პროგრამით გამოირჩეოდა.
„ბოლნისქალაქობა 2022“-ის პროგრამის ფარგლებში, საზეიმო კონცერტში
მონაწილეობა მიიღო ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს სიმფონიურმა
ორკესტრმა, ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით, ნატო მეტონიძემ, ანსამბლმა
„შვიდკაცა“ და ლევან დეისაძემ. გალა-კონცერტზე სპეციალური მოწვევით იმღერა
ნიკოლოზ ქაჯაიამ.
ღონისძიების ფარგლებში, ასევე გაიმართა ბოლნისის საპატიო მოქალაქეების
დაჯილდოების ცერემონია. აღსანიშნავია, რომ სახალხო დღესასწაულს
ახლადდანიშნული გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი საქართველოში
პეტერ ფიშერიც დაესწრო.
წელს ბოლნისის მუზეუმს ევროპის 2022 წლის მუზეუმის კონკურსში (EMYA 2022)
სპეციალური დიპლომი გადაეცა. მუზეუმი ბოლნისის მუნიციპალიტეტის
საგანმანათლებლო და კულტურულ ცხოვრებაში დიდ როლს ასრულებს, ის ასევე ერთ-
ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტურისტული ლოკაციაა და ჩვენს მუზეუმს
მომავალშიც არაერთ წარმატებას ვუსურვებ. ბოლნისის ახალმა მუზეუმმა უკვე
მოიპოვა დიდი პოპულარობა როგორც საქართველოში ისე მის საზღვრებს გარეთ რასაც
მიღებული ჯილდოც ადასტურებს.
სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა
ადგილობრივი თვითმმართველობა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს
მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის სტიმულირებას. ამ მიმართულების
განვითარების მიზნით, ჩვენ ვცდილობთ საერთაშორისო გრანტებიც აქტიურად
მოვიპოვოთ.
აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მუნიციპალიტეტებს შორის ბოლნისის
მუნიციპალიტეტი ერთადერთი მუნიციპალიტეტია, რომელმაც ევროკავშირის
ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ გრანტი მეორედ მიიღო. 250 ათასი
ევრო ადგილობრივი პროდუქციის გაყიდვების დიგიტალიზაციაზე, „მწვანე ქალაქის“
კონცეფციასთან დაკავშირებული აქტივობების განხორციელებაზე, აგროპროდუქციის
ხარისხის კონტროლის ლაბორატორიის შექმნასა და სხვა აქტივობებზე დაიხარჯება.
პროექტის ფარგლებში, ბოლნისის აგროცენტრში განთავსდება ლაბორატორია,
რომელიც საშუალებას მოგვცემს ჩავატაროთ სხვადასხვა ანალიზი თაფლის, რძის
პროდუქტების, ბოსტნეულის, ყურძნის ხარისხისა და შემადგენლობის
შესამოწმებლად. ლაბორატორია მეღვინეებს საშუალებას მისცემს შეამოწმონ ღვინო
ალკოჰოლის შემცველობაზე, შაქრიანობაზე, ტიტრირებაზე და აქროლად მჟავიანობაზე,
უშაქრო ექსტრაქტებზე, მთლიანი და თავისუფალი გოგირდის შემცველობაზე, PH და
ა.შ. ეს მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია, რადგან აგრომეწარმეები და
მეღვინეები ზემოთაღნიშნულ ანალიზებს აქამდე აკეთებდნენ თბილისში, რადგან
ადგილობრივად არ არსებობდა ლაბორატორია.
აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში შეიქმნება ვებგვერდიც, რომელზეც
განთავსდება ინფორმაცია ადგილობრივად წარმოებული პროდუქციის შესახებ.
აგრეთვე ინფორმაცია მუნიციპალიტეტისა და მისი ტურისტული ადგილების,
ბაზრობებისა და გამოფენების შესახებ. გარდა ამისა, პლატფორმა ხელმისაწვდომი
იქნება ინდუსტრიის ექსპერტების სტატიები, სადისკუსიო ბლოგები, ონლაინ
ტრენინგები და ა.შ.
ბოლნისური ღვინის პოპულარიზაციის მიზნით, უკვე მეორედ მოეწყო ღონისძიება
„ბოლნისი – ოქროსფერი ღვინის ქალაქი“ . ბოლნისის მუზეუმში ბოლნისური ღვინის
პრეზენტაცია-დეგუსტაცია შედგა, ღონისძიებაზე „ქართული ღვინის გილდიის“ მიერ,
OIV-ის საერთაშორისო სტანდარტით შეფასებული 15 ბოლნისური მარნის 38
საუკეთესო ღვინო იყო წარმოდგენილი.
წელს მეღვინეთა გაერთიანება „ღვინო ბოლნისის“ ორგანიზებით, კომპანია „არემჯისა“
და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ბოლნისის ახალ მუზეუმში
ბოლნისელი მევენახე-მეღვინეების პირველი ფორუმიც გავმართეთ.
გერმანულ მხარესთან ურთიერთობა
ქალაქი ბოლნისი შვაბმა კოლონისტებმა დააარსეს, ამიტომ ქართულ-გერმანულ
მეგობრულ ურთიერთობებში ბოლნისს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. წელს
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პარლამენტის, კულტურისა და მედიის
კომიტეტის წარმომადგენლები საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ.
გერმანიის პარლამენტის წევრები ბოლნისის მუნიციპალიტეტსაც ესტუმრნენ.
ვიზიტის ფარგლებში, გერმანელმა პარლამენტარებმა ქალაქ ბოლნისში არსებული
გერმანული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები დაათვალიერეს. გერმანიის
ფედერაციული რესპუბლიკა ჩვენი ერთგული მეგობარი და მხარდამჭერია
ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის პროცესში და ეს ვიზიტიც ვფიქრობ, ამ
მხარდაჭერის ნათელი დასტურიცაა.
2022 წელს ქალაქ ბოლნისის ისტორიულ ნაწილში მდებარე რეაბილიტირებულ ძველ
გერმანულ შენობაში, ქართულ-გერმანული კულტურის ცენტრი ოფიციალურად
გაიხსნა. ცენტრი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან და
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ყოფილ საგანგებო და სრულუფლებიან
ელჩთან, ჰუბერტ ქნირშთან ერთად გავხსენით.
შენობა ქართულ-გერმანული თანადაფინანსებით რეაბილიტირდა, სადაც სივრცე
დაეთმო ბოლნისის ,,კულტურის ცენტრს“, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამხრეთ
კავკასიაში გერმანული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კავშირს“ და
ევანგელურ-ლუთერანული ეკლესიის წარმომადგენლობას, რომელიც უქმე დღეებში
ბავშვებისათვის სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობას მართავს. აღსანიშნავია,
რომ ყოფილი სომხური სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ადგილობრივმა
თვითმმართველობამ 356 000 ლარი დახარჯა.
კონკურსი „სუფთა რეგიონი 2021“
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და
საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ორგანიზებით
გამოცხადებულ კონკურში „სუფთა რეგიონი 2021“ ბოლნისის მუნიციპალიტეტი ერთ-
ერთ გამარჯვებულად დასახელდა. ნომინაციაში „სუფთა, ლამაზი ქუჩა“ გამარჯვება
ქალაქ ბოლნისში მდებარე მერაბ კოსტავას სახელობის ქუჩამ მოიპოვა. სპეციალური
ჯილდო მუნიციპალიტეტმა წელს, მაისის თვეში, თბილისის საკრებულოს შენობაში
გამართულ დაჯილდოების ცერემონიალზე მიიღო.
მწვანე გარემოს შექმნა
ადგილობრივი თვითმმართველობისთვის პრიორიტეტულია მწვანე გარემოს შექმნა. ამ
მიმართულებით ჩვენ გამწვანების აქციებს ყოველთვის დიდ ყურადღებას ვუთმობთ.
2022 წელს ა(ა)იპ „ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამწვანების სამსახურის“
ორგანიზებით, ქალაქ ბოლნისში, ე.წ. ,,მომავლის ბაღში“ 11 ჯიშის 1050 ძირი ხე დაირგო.
ბოლნისის კულტურისა და დასვენების ისტორიულ პარკში, გამწვანების აქციის
ფარგლებში კი 77 ძირი ნერგი დავრგეთ.
ბოლნისის მუნიციპალიტეტი ევროპის მდგრადი ენერგეტიკის კვირეულს ყოველ წელს
უერთდება, კვირეულის ფარგლებში, 2022-ში ბოლნისის კულტურისა და დასვენების
პარკში კიდევ ერთი გამწვანების აქციაც მოვაწყვეთ.
აღსანიშნავია, რომ პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული „განახლებული
რეგიონების“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ქალაქ ბოლნისში, კულტურის
სახლის, სამუსიკო სკოლისა და მუნიციპალიტეტის მერიის წინ მდებარე სკვერების
გამწვანების მასშტაბური სამუშაოებიც განხორციელდა. პროექტის ფარგლებში,
სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე დაირგო. გამწვანების სამუშაოების მიზანი ქალაქში
არსებული სკვერების იერსახის გაუმჯობესებაა.
კულტურის ხელშეწყობა
წელს ბოლნისის თეატრს დაარსებიდან 80 წელი შეუსრულდა. თეატრის იუბილესთან
დაკავშირებით, ბოლნისის კულტურის სახლში საზეიმო საღამო გაიმართა. ღონისძიებას
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი
ესწრებოდა. ღონისძიების დასასრულს კი კულტურის სახლის წინ ბოლნისის თეატრის
ვარსკვლავი საზეიმოდ გაიხსნა.
2022 წელს ბოლნისის თეატრმა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით,
მაყურებელს ორი პრემიერა „ხმაური სცენის მიღმა“ და „ცეკვა ვაჟაური“ შესთავაზა.
ბოლნისის მუნიციპალიტეტი თეატრის გვერდში დგომას კვლავაც გააგრძელებს და
შეეცდება დასს განვითარებაში აქტიურად დაეხმაროს.
სპორტის ხელშეწყობა
ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია ბოლნისის მუნიციპალიტეტის
პრიორიტეტია, ამიტომ ადგილობრივი ხელისუფლება ცდილობს ჩვენს სპორტსმენებს
გვერდში დაუდგეს და მათ მხარი დაუჭიროს.
2022-ში სპორტსმენების ყოველთვიური ფულადი წახალისებისთვის 97 200 ლარი
დაიხარჯა, სპორტსმენთათვის ერთჯერადი ფულადი ჯილდოსთვის კი 30 700 ლარი. ამ
პროგრამით 2022 წელს ჯამში 80-მა სპორტსმენმა ისარგებლა.
2022 წელს, მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით, ქალაქ ბოლნისში
დაიწყო ახალი, თანამედროვე ტიპის სპორტკომპლექსის მშენებლობა.
სპორტკომპლექსში შეიქმნება მულტიფუნქციური სივრცე, რომელიც
მუნიციპალიტეტში სპორტის განვითარებას ხელს შეუწყობს.
ბოლნისის კულტურისა და დასვენების პარკში არსებულ, ფირუზ რეხვიაშვილის
სახელობის მინი სტადიონს 2022 წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდა. მინი სტადიონის
გახსნის ღონისძიების ფარგლებში, საფეხბურთო კლუბ „სიონის“ ფეხბურთელებმა,
ბოლნისის სპორტულ- გამაჯანსაღებელი კომპლექსის ფეხბურთის წრის
აღსაზრდელებს მასტერკლასი ჩაუტარეს და გამოცდილება გაუზიარეს.
ბოლნისის კულტურისა და დასვენების პარკში არსებულ სტადიონზე შეიცვალა
მინდვრის საფარი, გადაიხურა ტრიბუნები, მოეწყო სველი წერტილი და გასახდელები.
ასევე მოიკირწყლა სტადიონამდე მისასვლელი გზა, აღდგა შემოღობვა და შეიცვალა
მინდვრის განათება.
მინი სტადიონის სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი
პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით
განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 289 465 ლარი შეადგინა.
მოხარული ვარ, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2023 წლის ბიუჯეტი
დაამტკიცა. ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითარებას მომავალ წელს 38 140 000 ლარი
მოხმარდება. 2023 წლის ბიუჯეტში მაქსიმალურადაა ასახული მოქალაქეების
ინტერესები და საჭიროებები. ბოლნისის მუნიციპალიტეტისთვის სოციალური და
ჯანდაცვის პროგრამები პრიორიტეტულია, ამიტომ ამ მიმართულებით მომავალი წლის
ბიუჯეტში 4 803 140 ლარია გათვალისწინებული. 2023 წელს, მუნიციპალიტეტის
მასშტაბით, არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას ვგეგმავთ,
ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის მომავალი წლისთვის 6 456 000 ლარი
გამოიყო. ვიმედოვნებ, რომ 2023 წელი ბოლნისისთვის არაერთი წარმატების მომტანი
იქნება. ჩვენ კი მოქალაქეებისა და მუნიციპალიტეტის კეთილდღეობისთვის მუშაობას
კვლავ აქტიურად გავაგრძელებთ.