fbpx

ბოლნისის ახალ მუზეუმში ბოლნისელი მევენახე-მეღვინეების პირველი ფორუმი
მოეწყო

ბოლნისის ახალ მუზეუმში ბოლნისელი მევენახე-მეღვინეების პირველი ფორუმი
მოეწყო
მეღვინეთა გაერთიანება „ღვინო ბოლნისის“ ორგანიზებით, კომპანია „არემჯისა“ და
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ბოლნისის ახალ მუზეუმში
ბოლნისელი მევენახე-მეღვინეების პირველი ფორუმი გაიმართა.
ფორუმზე, ღვინო ბოლნისის დამფუძნებელმა გურამ ავქოფაშვილმა დამსწრე
საზოგადოებას 2018 წელს მხარეებს შორის გაფორმებული სამმხრივი მემორანდუმის
ფარგლებში დღემდე განხორციელებული აქტივობებისა და ღონისძიებების შესახებ
მიაწოდა ინფორმაცია.
ღონისძიებაზე ასევე საუბარი შეეხო მარტის თვეში პოლონეთში, ქალაქ კატოვიცაში
გამართულ ბოლნისური ღვინოების გამოფენა-დეგუსტაციას, რომელზეც 25 მცირე
ტიპის ბოლნისური მარნის 70-მდე სახეობის ღვინო იყო წარმოდგენილი.
მეღვინეთა ფორუმს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის
მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის
მოადგილე ზურაბ ვაჭარაძე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით
შერაზადიშვილი და კომპანია არემჯის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
ფორუმის ფარგლებში, იმ მეღვინეებმა, რომლებიც ამ დრომდე არ არიან გაერთიანება
ღვინო ბოლნისის წევრები, დეტალური ინფორმაცია მიიღეს ყველა ბენეფიტების
შესახებ, რომელსაც თითოეული მეღვინე გაერთიანების წევრობის ფარგლებში მიიღებს.
ფორუმზე ასევე გამოვლინდა 16 მეღვინე, რომლებსაც საუკეთესო ღვინოების
წარმოებისთვის, სარგებლობაში უმაღლესი ხარისხის მუხის კასრები გადაეცათ.
აღსანიშნავია, რომ ბოლნისელი მევენახე-მეღვინეების ფორუმზე, კომპანია „არემჯის“
წარმომადგენლებმა იმ მიმდინარე პროექტზე ისაუბრეს, რომელიც ქალაქ ბოლნისის
ძველ გერმანულ უბანში ხორციელდება. ქართულ-გერმანული ღვინის სახლის
რესტავრაცია-რეაბილიტაციას „არემჯის“ მხარდაჭერით სამხრეთ კავკასიაში გერმანული
კულტურული მემკვიდრეობის კავშირი ახორციელებს.
„სამი წლის წინ კომპანია „არემჯის“, გაერთიანება „ღვინო ბოლნისსა“ და ბოლნისის
მუნიციპალიტეტს შორის გაფორმდა უმნიშვნელოვანესი სამმხრივი მემორანდუმი,
რომელმაც ბოლნისში ღვინის წარმოების კულტურა გამოაცოცხლა. დღეს ჩვენმა
მეღვინეებმა სწორედ ამ სამი წლის განმავლობაში განხორციელებული სამუშაოების,
მიღწეული წარმატებების შესახებ გააკეთეს ანგარიში. ადგილობრივი
თვითმართველობის მიზანია, ხელი შეუწყოს ბოლნისში ღვინის წარმოებას და ამ
მიმართულებით ჩვენ ძალ-ღონეს არ ვიშურებთ. თითოეულ მეღვინეს ვუსურვებ
დასახული მიზნების მიღწევას. ვიმედოვნებ, რომ სულ მალე გაერთიანება „ღვინო
ბოლნისს“ არაერთი ადგილობრივი მეღვინე შეუერთდება და ბოლნისური ღვინო კიდევ
უფრო მეტ წარმატებას მიაღწევს არამარტო რეგიონული, არამედ საერთაშორისო
მასშტაბით“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება