fbpx

ბექა ლილუაშვილი – „ოცნებაში“ ამზადებენ ნარატივს, რომ თუ დრამატულად განვითარდა მოვლენები და კანდიდატის სტატუსი ვერ მივიღეთ, ოპოზიციაზე გადაიტანოს პასუხისმგებლობა

„ოცნების“ კონსტრუქცია მარტივია: ისინი ამზადებენ ნარატივს, იმ შემთხვევაში თუ ქვეყნისთვის დრამატულად განვითარდა მოვლენები და კანდიდატის სტატუსი ვერ მივიღეთ, ოპოზიციაზე გადაიტანოს ეს პასუხისმგებლობა, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა.

მისი შეფასებით, ოპოზიციამ ხელისუფლებას არ უნდა მისცეს შესაძლებლობა, მოვლენები მსგავსი სცენარით განვითარდეს.

„თუკი ხელისუფლება ამზადებს მსგავს სცენარს, პირველ რიგში, ოპოზიციამ არ უნდა მისცეს ამის საშუალება, რომ პასუხისმგებლობა, რომელიც სრულად ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, ოპოზიციას გადააბრალოს.

ამ სცენარს შესაძლოა ჰქონოდა გარკვეული პერსპექტივა იმ რეალობაში, სადაც ხელისუფლება 24 საათის განმავლობაში ცდილობს, მათ შორის ევროპის დედაქალაქებში ვიზიტებით, ჩვენი პარტნიორების დარწმუნებას, რომ მას ნამდვილად სურს ამ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების გაგრძელება და მზად არის ამისთვის განახორციელოს ისეთი რეფორმები, რომელიც რეალურად საჭიროა ქვეყნის დემოკრატიული პროცესის შესაბამისად განვითარებისთვის. ჩვენ რომ ვხედავდეთ ხელისუფლებისგან ასეთი ნაბიჯების გადადგმას, მაშინ შეიძლება ამ სცენარს უფრო მეტი შანსი ჰქონდეს საზოგადოების დარწმუნების თვალსაზრისით, ვიდრე დღეის მდგომარეობით, სადაც ხელისუფლება არა თუ ცდილობს ამას, თავისი განცხადებებით, ხელს უშლის მსგავსი შესაძლებლობების მიღებას ქვეყნისთვის.

იმ შემთხვევაში თუ საქართველო ვერ მიიღებს კანდიდატის სტატუსს თუნდაც მოლდოვასთან ერთობით, ან მის გარეშე, ნებისმიერ შემთხვევაში სახელისუფლებო პარტიას მოუწევს პოლიტიკური ფასის გადახდა“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს მიიღებს, რადგან ამას ქართველი ხალხი იმსახურებს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია