fbpx

NL Times: ბრიტანულმა კომპანია Unilever-მა 2022 წელს რუსეთში საკუთარი მოგება გააორმაგა

კომპანია Unilever-მა გასული წლის განმავლობაში რუსეთში საკუთარი მოგება გააორმაგა, მიუხედავად დაპირებებისა, რომ ოპერაციებს შეამცირდებდა. ამის შესახებ გამოცემა NL Times-ი Follow the Money-ზე დაყრდნობით წერს.

Unilever-ი ბრიტანული მულტინაციონალური კომპანიაა, რომელიც საკვებისა და სასმელების, შინაური ცხოველების საკვების, ფარმაცევტული და სამომხმარებლო ჯანმრთელობის პროდუქტების და პირადი მოვლის საშუალებების ბაზარზე ოპერირებს.

Follow the Money-ის ცნობით, კომპანიამ ასევე გაზარდა ხარჯები რეკლამაზე რუსეთში, მიუხედავად დაპირებებისა, რომ შეაჩერებდა რეკლამას მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.

„ვაჩერებთ ყველა მედია და სარეკლამო ხარჯებს. არ განვახორციელებთ კაპიტალის ინვესტიციებს ქვეყანაში და არ ვისარგებლებთ რუსეთში ჩვენი ყოფნით“, – განაცხადა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ალან ჯოუპმა 2022 წლის 8 მარტს, უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან 2 კვირაში. მან ასევე განაცხადა, რომ Unilever-ი რუსეთში მხოლოდ ძირითად საკვებ პროდუქტებსა და ჰიგიენის პროდუქტებს შეიტანდა.

თუმცა, ერთი წლის შემდეგ, Unilever Russia-ს მოგება გაორმაგებულია, 4,8 მლრდ რუბლიდან (56 მლნ ევრო) 9,2 მლრდ რუბლამდე (108 მლნ ევრო). გაზრდილი მოგება ასევე ნიშნავს, რომ კომპანიამ რუსეთის ბიუჯეტში უფრო მეტი გადასახადები შეიტანა – 3,2 მლრდ რუბლი (38 მლნ ევრო) 2022 წელს, მაშინ, როდესაც 2021 წელს ეს მაჩვენებელი 1,2 მლრდ რუბლს (14 მლნ ევრო) შეადგენდა.

გასულ წელს Unilever-მა რუსეთში რეკლამაზე 21,7 მლრდ რუბლი (259 მლნ ევრო) დახარჯა, რაც 2021 წლის სარეკლამო ხარჯებზე 10%-ით მეტია. ამასთანავე, მიმდინარე წლის თებერვალში კომპანიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც Unilever-მა უკრაინას 15 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება აღმოუჩინა, რაც რუსეთის ბიუჯეტში გადახდილი გადასახადების ნახევარზე ნაკლებია.

„გვჯერა, რომ რუსეთში დარჩენა საუკეთესო გამოსავალია, რათა კომპანია პირდაპირ ან ირიბად რუსეთის ხელში არ აღმოჩნდეს და ასევე რათა დავიცვათ ჩვენი ხალხი“, – ნათქვამია ალან ჯოუპის ახალ განცხადებაში. მან აღარ ახსენა „ძირითადი საკვები“ და ტერმინი „ყოველდღიური საკვებით“ ჩაანაცვლა.

FTM-ის სტატიაზე საპასუხოდ კომპანიაში განაცხადეს, რომ მიცემული პირობა არ დაურღვევიათ. „როდესაც ვთქვით, რომ რუსეთში ჩვენი ყოფნით არ ვისარგებლებდით, ეს ნიშნავდა იმას, რომ ქვეყნიდან ფულს არ გავიტანდით“, – განაცხადა კომპანიის პრესსპიკერმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება