fbpx

ირაკლი ბერაია: უსაფრთხოების სამსახურმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მაღალი დონის სპეცსამსახურია

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია, უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის მიერ ჩატარებულ მასშტაბურ სპეცოპერაციას ეხმაურება, რომლის შედეგად „ისლამური სახელმწიფოს“ მხარდამჭერები დააკავეს, რომლებსაც კავშირი ჰქონდათ აღნიშნული ტერორისტული ორგანიზაციის ერთ-ერთ გავლენიან ლიდერთან და მისი მეთაურობით გეგმავდნენ სხვადასხვა სახის ტერორისტულ აქტივობას რამდენიმე ქვეყანაში.

„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აგრძელებს ტერორისტული საფრთხეების ჩანასახოვან სტადიაშივე აღკვეთას და ამით უზრუნველყოფს საქართველოს და მისი მოქალაქეების ტერორისტული საქმიანობის ყველა ფორმისგან დაცვას, აგრეთვე ჩვენი პარტნიორების უსაფრთხოებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ეროვნული კონტრტერორისტული ძალისხმევის წარმატების სათავეში დგას უსაფრთხოების სამსახურის პროფესიონალიზმით და პასუხისმგებლობით გამორჩეული პირადი შემადგენლობა.

მათი ოპერატიული და ანალიტიკური უნარები, საჭირო ინფორმაციაზე წინმსწრებად წვდომა, სწორი შეფასება, ადეკვატური რეაგირება და საქმისადმი ერთგულება არის იმის გარანტია, რომ ჩვენი კონტრტერორისტული ძალისხმევა ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით წინ უსწრებს საქართველოს და მისი პარტნიორების უსაფრთხოებისთვის რისკის მატარებელი სუბიექტების საქმიანობას და ხელს უშლის საფრთხეების ზიანად რეალიზებას. უსაფრთხოების სამსახურმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მაღალი დონის სპეცსამსახურია. ამის არაერთი მაგალითი გვინახავს პრაქტიკაში და არაერთი აღიარება საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრები კარგად ვიცნობთ სამსახურის საქმიანობას, მისი მანდატით გათვალისწინებული ყველა მიმართულებით და ვამაყობთ იმ ადამიანებით, ვინც ქვეყნის უსაფრთხოების სადარაჯოზე დგას” – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

სუს-ის კონტრტერორისტულმა ცენტრმა „ისლამური სახელმწიფოს“ ექვსი მხარდამჭერი დააკავა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება