მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, მიმდინარე წლის 9 თვეში, GCCA-ში – 2013 განაცხადი დაფიქსირდა, ხოლო შემოსული ზარების რაოდენობამ 6250 შეადგინა. შემოსული განცხადებების რაოდენობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 102 %-ით არის გაზრდილი.
საანგარიშო პერიოდში, GCCA-ის გადაწყვეტილებით, მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 248 დარღვევის ფაქტი დადასტურდა – 563 საქმეზე. GCCA-ის მიერ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 136 მოვაჭრეს – 307 საქმეზე დაეკისრა ჯარიმა, ჯამში – 303 463 ლარის ოდენობით. ამასთან, მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 168 საქმეზე – 147 შეთანხმება გაფორმდა, რაც ნიშნავს, რომ მოვაჭრეებმა აიღეს ვალდებულებები – საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალონ და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინონ, რომელთაც, სავარაუდოდ, წარსულში არსებული სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგათ.
ამასთან, საანგარიშო პერიოდში, მომხმარებლის მიერ შემოსული განაცხადების 68% ონლაინ ვაჭრობის ფაქტს ეხებოდა, ხოლო 32% ნივთის ადგილზე შეძენის შემთხვევას. ადგილმდებარეობის მიხედვით, სააგენტოსთვის მომართვიანობისას, დიდი წილი – 81% თბილისს უჭირავს, შემდეგ კი მოდის რეგიონები – აჭარა 6 %, იმერეთი – 3%, ქვემო ქართლი – 2%, კახეთი – 2 %, სამეგრელო-ზემო სვანეთი 2 % და სხვ.
მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებით, თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნაზე დაფიქსირდა 834 განაცხადი, ნაკლიანი ნივთის შეკეთებასა ან შეცვლაზე 436, ნაკლოვანი მომსახურებისას უფლების აღდგენაზე 498, ხოლო სხვა დანარჩენზე – 245. სექტორების მიმართულებით, სტატისტიკის თანახმად, 67%-ს საბითუმო და საცალო ვაჭრობის სექტორი იკავებდა, ტრანსპორტი და დასაწყობება – 11%, ხელოვნება, გართობა და დასვენება – 3 %, ხოლო სხვა სახის საქმიანობები – 19 %.