fbpx

COVID-19-ის შემთხვევების მართვის კლინიკური ჯგუფის შეხვედრა

COVID-19-ის შემთხვევების მართვის კლინიკური ჯგუფის

შეხვედრა

ა.წ. 12 ივლისს ჯანდაცვის სამინისტროში გაიმართა COVID-19-ის შემთხვევების
მართვის კლინიკური ჯგუფის სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ ჯანდაცვის
მინისტრის პირველი მოადგილე ქ-ნი თამარ გაბუნია და კლინიკური ჯგუფის
წევრები.
შეხვედრაზე ითქვა, რომ ქვეყანაში COVID-19-ის ეპიდსიტუაცია ძალიან
დამაფიქრებელია, რთულია და მთლიანად ქვეყნის და ჯანდაცვის
სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურების და კონკრეტულად კლინიკური
სექტორის მხრიდან მოითხოვს ძალისხმევის მაქსიმალურ მობილიზებას.
ქვეყანაში პრაქტიკულად გაუქმებულია ყველა ძირითადი შეზღუდვა,
გაზრდილია მოსახლეობის მობილობა, არასათანადოდ სრულდება დარჩენილი
რეგულაციები – პირბადეების ტარება და ხალმხრავალი შეკრებებიდან თავის
არიდება. სულ უფრო მეტად ვრცელდება ე.წ. „ინდური“ შტამი და ამავე დროს
ვაქცინაციით მოცვის მოცულობა ჯერ ისევ დაბალია. შედეგად ნარჩუნდება
COVID-19-ის ყოველდღიური ახალი შემთხვევების მაღალი და მზარდი
მაჩვენებელი, რის გამოც ჯანდაცვის სამინისტროს და განსაკუთრებით
კლინიკური სექტორს უწევს ძალიან სერიოზულ გამოწვევებთან გამკლავება –
COVID ახალი შემთხვევების და ე.წ. აქტიური შემთხვევების რაოდენობის
სერიოზული ზრდის მიუხედავად, უზრუნველყოს დაბალი სიკვდილობის
შენარჩუნება და პაციენტთა ნაკადების ეფექტიანი მართვა.
კლინიკური სექტორი ჯერ-ჯერობით ახერხებს, რომ ქვეყანაში
შენარჩუნებული იყოს ევროპის ქვეყნებს შორის სიკვდილობის ერთ-ერთი
ყველაზე დაბალი მაჩვენებელი (CFR- 1,44%) და პაციენტთა გაზრდილი
ნაკადების ეფექტიანი მართვა, მაგრამ ასე დიდხანს გაგრძელება ძნელი იქნება.
სადღეისოდ ქვეყანაში მკაცრი შეზღუდვების ხელახლა შემოღება ნაკლებად
სავარაუდოა. ამიტომ მოგვიწევს COVID-თან თანაცხოვრება და ამ დროს
კლინიკურ სექტორს მოუწევს თავის თავზე აიღოს მთავარი ტვირთი. მან
უნდა უზრუნველყოს პაციენტთა გაზრდილი ნაკადების ეფექტიანი მართვა,
ჰოსპიტალიზებული და ამბულატორიულ მეთვალყურეობაზე (ბინაზე, COVID
სასტუმროში) მყოფი პაციენტების ოპტიმალური მართვა. კერძოდ, COVID-19-ის
გაზრდილი შემთხვევების პირობებში უზრუნველყოფილი უნდა იქნას, რომ
არცერთი COVID ინფიცირებული პაციენტი არ დარჩეს ადექვატური და
დროული სამედიცინო მომსახურების გარეშე, მოხდეს ჰოსპიტალიზებული
პაციენტების მკურნალობის შემდგომი ოპტიმიზაცია, სიკვდილობის შემდგომი
შემცირება და გამოსავლების გაუმჯობესება.

გაიმართა დისკუსია COVID-19-ით ავადმყოფების კლინიკური მართვის
ოპტიმიზაციის გზების თაობაზე, კერძოდ, COVID პაციენტების
ჰოსპიტალიზაციის და კლინიკიდან გაწერის კრიტერიუმების ოპტიმიზაციაზე,
ჟანგბადის მაღალი ნაკადით მიწოდების – ე.წ. High flow-ს მეთოდის უფრო
ფართედ დანერგვის, ინოვაციური სამკურნალო მიდგომების, კერძოდ
რემდესივირის და ტოცილიზუმაბის უფრო ფართოდ გამოყენებაზე და სხვ.
ასევე უნდა გაგრძელდეს სასწრაფო დახმარებისა და ოჯახის ექიმების ქსელის
ტრენინგების პროცესი, COVID კლინიკების წარმომადგენლებთან
ინტერაქტიული შეხვედრები და სხვა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება