fbpx

ComCom-მა ზუგდიდსა და აბაშაში 300-ზე მეტი ადგილობრივი ციფრულ წიგნიერებაში გადაამზადა

კომუნიკაციების კომისიამ „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, აბაშის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ციფრული წიგნიერებისა და ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენების თაობაზე 25 სემინარი ჩაატარა და 300-ზე მეტი ადგილობრივი გადაამზადა. შეხვედრების ფარგლებში, მონაწილეებმა სპეციალისტების დახმარებით, ინფორმაციის მოძიების,  ელ-ფოსტის გამოყენების, გუგლის რუკითა და თარჯიმნით სარგებლობის, ასევე, ადგილმდებარეობის გაზიარების და ონლაინ საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენების შესახებ აიმაღლეს ცნობიერება.

„ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, შეხვედრა ასევე ადგილობრივი მეწარმეებისთვისაც გაიმართა, რომელთათვის საბაზისო ციფრული უნარ-ჩვევების ფლობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ამასთან, პროგრამის ერთ-ერთ პრიორიტეტს ციფრული ინკლუზიის ხელშეწყობაც წარმოადგენს, რაც გულისხმობს პროგრამაში ისეთი სამიზნე ჯგუფების ჩართულობას, როგორებიც არიან რეგიონში მცხოვრები ქალები, ეთნიკური უმცირესობები, სპეციალური საჭიროებებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები. აქედან გამომდინარე, საინფორმაციო შეხვედრები ასევე ზუგდიდის დამოუკიდებელი ცენტრის ბენეფიციარებისთვისაც ჩატარდა.

შეგახსენებთ, რომ ციფრული მხარდაჭერის პროგრამა 2022 წლიდან ხორციელდება, რომლის ფარგლებშიც, ოზურგეთის, ხელვაჩაურის, ქობულეთის, ჩოხატაურის, სამტრედიის, ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტების 135 სოფლის 3500-ზე მეტ მოსახლეს ციფრული წიგნიერების, ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენებისა და სახელმწიფო ელ. სერვისებით სარგებლობის შესახებ სემინარები ჩაუტარდათ. ამ ეტაპისთვის, პროგრამა აბაშისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში მიმდინარეობს.

ციფრული მხარდაჭერის პროგრამა პროექტ Log-in Georgia-ს შემადგენელი ნაწილია, რომელიც ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის მხარდასაჭერად ხორციელდება. Log-in Georgia საქართველოს 500,000-მდე სოფლად მცხოვრებისთვის მაღალხარისხიანი ინტერნეტის მიწოდების შესაძლებლობის შექმნასა და ციფრული სერვისების სასარგებლო გამოყენების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. პროექტი მსოფლიო ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის თანადაფინანსებით ხორციელდება.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება