fbpx

ComCom-ის წარმომადგენლებმა სპექტრის მენეჯმენტის მე-19 ევროპულ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს

კომუნიკაციების კომისიის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის უფროსმა, სანდრო ქარუმიძემ და ამავე დეპარტამენტის დაგეგმვის ჯგუფის უფროსმა, გიორგი პაპავამ, ბრიუსელში გამართულ სპექტრის მენეჯმენტის მე-19 ევროპულ კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიება მიზნად სპექტრის მენეჯმენტის საკითხებზე რეგიონული დიალოგის გაღრმავებასა და დისკუსიის ხელშეწყობას ისახავდა.

შეხვედრის ფარგლებში, მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაეღრმავებინათ ცოდნა და  კოლეგა მარეგულირებლების საუკეთესო პრაქტიკა გაეზიარებინათ. კონფერენციაზე განიხილებოდა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა სპექტრის პოლიტიკისა და ინსტიტუციური სტრუქტურების კოორდინაციის საჭიროებები ევროკავშირის ერთიანი ციფრული ბაზრის უზრუნველსაყოფად; სპექტრის გაზიარების ინოვაციური სტრატეგიები; შიდა დაკავშირებადობის გამოწვევები და შესაბამი მარეგულირებელი და ტექნოლოგიური გადაწყვეტის გზები. გარდა ამისა, შეხვედრის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა ხელოვნური ინტელექტისა და სპექტრის მენეჯმენტის საკითხებზე; 5G-ის განვითარების ფონზე სპექტრის ლიცენზიების მინიჭებისა და განახლების საკითხზე; ასევე, 6G კავშირის დანერგვისთვის მოსამზადებელ თემებსა და იმ შესაძლო გამოწვევებზე, რომლებიც შესაძლოა აღნიშნულ პროცესს თან ახლდეს.

ღონისძიებაში მონაწილეობას ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების წარმომადგენლები, მაღალი დონის პოლიტიკის შემმუშავებლები და სექტორის დაინტერესებული მხარის წარმომადგენლები იღებდნენ.

შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისიისთვის, კოლეგა მარეგულირებლებთან და სექტორის წარმომადგენელ სხვა ორგანიზაციებთან ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარება, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება