fbpx

Associated Press: რუსული საქონელი, რომლის ღირებულება მილიარდობით დოლარია, კვლავაც შემოედინება აშშ-ის პორტებში

პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პირობა დადო, რომ ტკივილსა და გამანადგურებელ დარტყმას მიაყენებდა ვლადიმირ პუტინს ისეთი საქონლის ვაჭრობის შეზღუდვით, როგორიცაა არაყი, ბრილიანტი და საწვავი, თუმცა ასობით სხვა ტიპის არასანქცირებული საქონელი, რომლის ღირებულება მილიარდობით დოლარია, კვლავაც შემოედინება აშშ-ის პორტებში. ამის შესახებ ნათქვამია საინფორმაციო სააგენტო Associated Press-ის სტატიაში სათაურით ომის ექვსი თვე – რუსული საქონელი კვლავ შემოედინება აშშ-ში.

Associated Press-მა დაადგინა, რომ რუსეთიდან აშშ-ის პორტებში ხის, ლითონის, რეზინისა და სხვა საქონლის 3 600-ზე მეტი პარტია ჩამოვიდა მას შემდეგ, რაც რუსეთი 24 თებერვალს უკრაინაში შეიჭრა. ეს მნიშვნელოვანი ვარდნაა 2021 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელთან (6 000 პარტია) შედარებით, თუმცა მიუხედავად ამისა, სავაჭრო ბრუნვა თვეში მილიარდ დოლარზე მეტს აღწევს.

„სინამდვილეში, არავინ ელოდა, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ [რუსეთთან] ვაჭრობა შეჩერდებოდა. გარკვეული ნივთების იმპორტის აკრძალვა, სავარაუდოდ, უფრო მეტ ზიანს აყენებს ამ სექტორებს აშშ-ში, ვიდრე რუსეთში“, – აღნიშნულია სტატიაში.

სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელმა, ჯიმ ობრაიენმა საინფორმაციო სააგენტო Associated Press-ს განუცხადა, რომ „როდესაც ჩვენ ვაწესებთ სანქციებს, ამან შეიძლება გლობალური ვაჭრობა შეაფერხოს. ასე რომ, ჩვენი ამოცანაა ვიფიქროთ იმაზე, თუ რომელი სანქცია მოახდენს ყველაზე დიდ გავლენას და ასევე გლობალურ ვაჭრობას მუშაობის საშუალებას მისცემს“.

ექსპერტები აცხადებენ, რომ გლობალური ეკონომიკა იმდენად არის გადაჯაჭვული, რომ სანქციები შეზღუდული უნდა იყოს, რათა თავიდან აიცილოს ფასების ზრდა ისედაც არასტაბილურ ბაზარზე.

სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ რუსეთი და აშშ არასდროს ყოფილან მთავარი სავაჭრო პარტნიორები, ამიტომ იმპორტის სანქციები საპასუხო სტრატეგიის მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილია, ხოლო აშშ-დან ექსპორტის შეზღუდვა – განსაკუთრებით ტექნოლოგიების – უფრო მეტ ზიანს აყენებს რუსეთის ეკონომიკას.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება