პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სოზარ სუბარმა საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატებს შეახსენა უკრაინის თემასთან დაკავშირებით საერთაშორისო აქტორების მიერ სხვადასხვა დროს გაკეთებული ის განცხადებები, რომლებიც ადასტურებს, რომ ევროპისთვის და ამერიკისთვის ომი უკრაინაში ხელსაყრელია. სუბარის განმარტებით, უკრაინის ომსა და საქართველოს უსაფრთხოებას ზოგიერთი დასავლელი პოლიტიკოსი ცინიკურად უყურებს. „ჩვენს მიერ არაერთხელ გაკეთებულ განცხადებებს, რომ არაერთი საერთაშორისო აქტორი ცდილობდა საქართველოს ჩათრევას რუსეთ-უკრაინის ომში, ძალიან ბევრი პოლიტიკოსი როგორც ქვეყნის გარეთ, ისევე ქვეყნის შიგნით არასერიოზულად უყურებდა ხოლმე. ეს მცდელობები დღეს ისე მკაფიო აღარ არის, მაგრამ ბოლომდე, არც ახლა განელებულა. ამიტომაც, ძალიან მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, რა განცხადებები კეთდებოდა და კეთდება დღესაც უკრაინის ომთან დაკავშირებით სხვადასხვა საერთაშორისო აქტორის მიერ სხვადასხვა დროს. მაგალითად, აშშ ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ჯერ კიდევ 2023 წლის წლის 15 დეკემბერს განაცხადა: „თუ გადავხედავთ იმ ინვესტიციებს, რომელიც გავწიეთ უკრაინის თავდაცვისთვის და ამ აგრესიასთან გასამკლავებლად, ვნახავთ, რომ უსაფრთხოების დახმარების 90%, რეალურად, აქ შეერთებულ შტატებში დარჩა, ჩვენს მწარმოებლებთან და ჩვენსავე საწარმოო სექტორში. შედეგად შეიქმნა მეტი ამერიკული სამუშაო ადგილი, ეკონომიკურმა ზრდამ კი იმატა. ეს არის მომგებიანი სიტუაცია, რომელიც უნდა გავაგრძელოთ.” ამაზე მეტი ცინიზმი უბრალოდ წარმოუდგენელია. 2024 წლის 9 აპრილს აშშ-ს თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა: „ჩვენს მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი დამატებითი თანხიდან დაახლოებით 50 მილიარდი მიემართება ამერიკის ინდუსტრიულ ბაზარზე, რაც ხელს შეუწყობს ამერიკული სამუშაო ადგილების შენარჩუნებას 30-ზე მეტ შტატში.“ ბევრად მძიმე განცხადება გააკეთა ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა 2024 წლის 15 თებერვალს: „უკრაინის დახმარება არ არის ქველმოქმედება. ეს არის ინვესტიცია ჩვენს უსაფრთხოებაში,” – ანუ ევროპისა და ამერიკის უსაფრთხოებაში, რომლისთვისაც უნდა იბრძოლოს უკრაინელმა ხალხმა, დაიღუპონ უკრაინელი ჯარისკაცები და მშვიდობიანი მოსახლეობა, განადგურდეს უკრაინის ქალაქები და სოფლები და უკრაინის სახელმწიფო. „ნიუ იორკ თაიმსის“ ჟურნალისტი ბრეტ სტივენსი (მართალია ის არ არის თანამდებობის პირი, მაგრამ გამოხატავს იმ პოზიციას, რაც არის პოლიტიკურ წრეებში): „უკრაინის დახმარება დიდი თანხაა, მაგრამ რეალურად, ჩვენთვის ეს იაფია არამხოლოდ იმიტომ, რომ ეს 100 მილიარდი ის აღარ არის, რაც ადრე იყო, არამედ იმიტომ, რომ მძიმე ბრძოლას უკრაინელები აწარმოებენ. ისინი ასუსტებენ და ანადგურებენ რუსეთის არმიას, რათა მოგვიანებით ჩვენ არ მოგვიწიოს ასეთი დაპირისპირების წინ დგომა”. ანუ, უკრაინელი ჯარისკაცები რომ იღუპებიან და ქვეყანა ნადგურდება, ეს არაფერია, მთავარია, მათ არ შეეხოთ ასეთი დაპირისპირება. სულ ახლახან, გერმანიის დაზვერვის ხელმძღვანელმა ბრუნო კალიმ თქვა: “ევროპისთვის უფრო უსაფრთხო იქნება, თუ ომი უკრაინაში კიდევ 5 წელი გაგრძელდება. ევროპა უნდა დაეხმაროს უკრაინას ყველანაირად და მეტი იარაღი მიაწოდოს მას.” მეტი ცინიზმი უბრალოდ წარმოდგენილია. ამ ფონზე მე მგონი მარტივად არის გასაგები, რატომ კეთდება საქართველოსადმი ის მტრული განცხადებები, რასაც აკეთებენ საქართველოში ევროკავშირისა თუ ზოგიერთი ევროპული ქვეყნის ელჩები, ან რატომ იღებენ ასეთ უსამართლო რეზოლუციებს აშშ კონგრესში, ევროპარლამენტსა თუ ზოგიერთი ევროპული ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში. თუმცა ვაგრძელებ განცხადებების ჩამოთვლას: 2024 წლის თებერვალში, ჩიკაგოს გლობალურ საკითხთა საბჭოში გამოსვლისას ქალბატონმა პრიცკერმა თქვა, [ბაიდენის სპეც. წარმომადგენელი უკრაინის თემებში] – ” ჩვენი დახმარება ეხმარება უკრაინას თავის დაცვაში, მაგრამ ამავე დროს ხელს უწყობს ჩვენი თავდაცვის ინდუსტრიის ბაზის მოდერნიზაციას აქ, ამერიკაში.” მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკული კომპანიები აძლიერებენ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის ინდუსტრიას იმით, რომ აწარმოებენ ბომბებს უკრაინისთვის. და ბოლოს საბჭოთა კავშირის ყოფილ წევრ რესპუბლიკების პირველი პირების განცხადებებიც უნდა გავიხსენო: ლატვიის პრეზიდენტმა ედგარ რინკევიჩმა, 2024 წლის ნოემბერში განაცხადა: ” უკრაინაში ნებისმიერი მშვიდობის შეთანხმება, რომელიც რუსეთს საშუალებას მისცემს შეინარჩუნოს გავლენა, გაზრდის ჩვენს თავდაცვის ხარჯებს და საფრთხეს შეუქმნის ლატვიის უსაფრთხოებას.“ ანუ იმისთვის, რომ ლატვიის თავდაცვის ხარჯები არ გაიზარდოს, უკრაინაში სამშვიდობო შეთანხმება არ უნდა შედგეს და უკრაინელი ჯარისკაცები, ქალები და ბავშვები უნდა კვდებოდნენ, უკრაინის გენოფონდი კი უნდა განადგურდეს. ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბაიბა ბრაჟემ კი 2024 წლის დეკემბერში განაცხადა: „რუსეთის გამარჯვება უკრაინაში, თუნდაც ნაწილობრივ, იქნება პირდაპირი საფრთხე ჩვენი საზღვრებისთვის. ჩვენ არ შეგვიძლია მივცეთ საშუალება, რომ ეს მოხდეს.“ ეს არის ის ძალიან ცინიკური დამოკიდებულება, რომლითაც უყურებენ უკრაინის ომს ზოგიერთი დასავლელი პოლიტიკოსები და ასეთივე დამოკიდებულება აქვთ ჩვენი ქვეყნის და მასთან დაკავშირებული საფრთხეების მიმართ. ამიტომ, ძალიან მარტივად, პრაგმატულად უნდა შევხედოთ ჩვენს პოლიტიკას – ეს არის მშვიდობის შენარჩუნება, ეკონომიკის განვითარება და საბოლოოდ, ტერიტორიულ მთლიანობაზე ზრუნვა,“ – განაცხადა სოზარ სუბარმა.