საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი დაესწრო საერთაშორისო კონფერენციას – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“, სადაც მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით გამართულ კონფერენციაში მონაწილეობდნენ პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, შიო III, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეისა და საერთაშორისო საპარლამენტო დელეგაციების, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, სასულიერო პირები და მოწვეული სტუმრები.

პრეზიდენტმა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა ქრისტიანული მემკვიდრეობის როლზე ქართული სახელმწიფოებრიობის, ეროვნული იდენტობის, კულტურისა და ისტორიული მეხსიერების შენარჩუნებაში.

„ჩვიდმეტი საუკუნის წინ, ჩვენმა სულიერმა არჩევანმა მნიშვნელოვნად განსაზღვრა ქართველი ერის სახე, კულტურა და ისტორიული გზა. უმძიმეს ისტორიულ მომენტებში და ძნელბედობის ჟამს სწორედ დედა ეკლესია აერთიანებდა და იცავდა ერს. ქრისტიანობა ჩვენთვის რწმენასთან ერთად იყო ის სულიერი ძალა და ინტელექტუალური საყრდენი, რომელმაც მძიმე ქარტეხილებში შეგვინარჩუნა ეროვნული თვითმყოფადობა და გვასწავლა, რომ ადამიანის ღირსება, სამშობლოს სიყვარული, თავისუფლება და პასუხისმგებლობა ერთმანეთისგან განუყოფელია“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მიხეილ ყაველაშვილის თქმით, საუკუნეების განმავლობაში საქართველო არა მხოლოდ აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელ ხიდს წარმოადგენდა, არამედ განსხვავებული კულტურების, რელიგიებისა და ტრადიციების მშვიდობიანი თანაარსებობის გამოცდილებას ქმნიდა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სხვა კულტურებისადმი ღიაობის მიუხედავად, ქართველმა ხალხმა საკუთარი ეროვნული და სულიერი თვითმყოფადობა შეინარჩუნა.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, თანამედროვე მსოფლიოს წინაშე არსებული ღირებულებითი გამოწვევების პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ სულიერი და ეროვნული საყრდენების შენარჩუნება, რომლებმაც საქართველო საუკუნეების განმავლობაში დაიცვა და გააძლიერა. მიხეილ ყაველაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო მომავალშიც იქნება რწმენის, ტრადიციის, შემწყნარებლობისა და კულტურული მრავალფეროვნების უნიკალური მაგალითი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება